საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება ბრალდებების ფონზე
ეკატერინე ბასილაია
22.11.2016

 მე-9 მოწვევის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება ერთგვარი ხმაურითა და ბრალდებებით, მაგრამ უკვე თითქმის საბოლოოდ დასრულდა. ამ გადანაწილებისას "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის პირველი დაპირისპირებაც დაფიქსირდა, რაც გამოიწვია იმან, რომ იურიდიულ კომიტეტში მოადგილის ოპოზიციური კვოტით "ოცნებამ" არჩევანი "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ნატო ჩხეიძეზე გააკეთა და არა "ნაციონალ" ოთარ კახიძეზე.

"ნაციონალების" განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვან კომიტეტში "ოცნებამ" ამჯობინა ოპოზიციური კვოტითაც კი თანამოაზრე ჰყოლოდა გვერდით და არა ნამდვილი ოპოზიციონერი და ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ორი პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია.

ასევე, "ნაციონალების" დიდი აღშფოთება მოჰყვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ოპოზიციური კვოტით "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ემზარ კვიციანის შესაძლო დასახელებას. მიუხედავად იმისა რომ საბოლოოდ კვიციანი კანდიდატად არ დასახელებულა, მაინც ითქვა, რომ ამ კომიტეტში კვიციანის რიგით წევრად შეყვანაც კი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და კომპრომატად კოდორის ხეობაში კვიციანის ამბოხი და შემდეგ რუსეთში მისი მიმალვაც გაიხსენეს.

"პატრიოტთა ალიანსისთვის" კი მიუღებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა კომიტეტში "ნაციონალი" გიორგი ტუღუშის მოადგილედ შერჩევა, რასაც ირმა ინაშვილმა უწოდა "ცინიზმი და სამარცხვინო ფაქტი".

პარლამენტში სულ 15 კომიტეტია. თავმჯდომარეები პარლამენტის პირველ სხდომაზე, 18 ოქტომბერს დაამტკიცეს. ყველა თავმჯდომარეს სამი მოადგილე უნდა ჰყავდეს. ორი უმრავლესობიდან და თითო ოპოზიციური კვოტით.

ქუთაისში გუშინ "ოცნებამ" უმრავლესობის კვოტით თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აირჩა, გამონაკლისია მხოლოდ თავდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, სადაც თითო მოადგილის პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია.

მოადგილეების ოპოზიციური კვოტების გამო კი გუშინ კომიტეტების სხდომები ხმამაღალი დებატებით წარიმართა და ასევე ბრალდებებით სავსე კომენტარები გაკეთდა სხდომის გარეთაც. საბოლოოდ, 15 კომიტეტიდან 3 კომიტეტში, იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ასევე დიასპორის საკითხებში თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრები აირჩიეს", ხოლო 12 კომიტეტში - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თავიდანვე იყო მიღწეული შეთანხმება, რომ "ნაციონალები" მიიღებდნენ 12 თანამდებობას, "ალიანსი" კი 3-ს, იმ პროპორციით, რა პროპორციაც ოპოზიციას პარლამენტში აქვს.

ბრალდებები ოპოზიციური კვოტების გადანაწილებაზე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მოადგილეებად უმრავლესობიდან აირჩიეს გედევან ფოფხაძე და რატი იონათამიშვილი, ოპოზიციიდან "ნაციონალი" გიორგი ტუღუში, რასაც სამარცხვინო უწოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა და ტუღუშის ომბუდსმენობისას და ასევე სასჯელაღსრულების მინისტრობისას პატიმართა წამებაზე ილაპარაკა.

"ადამიანის უფლებათა კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს გიორგი ტუღუში. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ცინიზმი, როცა ტუღუში, რომლის დროსაც, როცა სახალხო დამცველი იყო და შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა, ხდებოდა პატიმრების წამება. დღეს მას ირჩევენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, საჯაროდ ვგმობ ამას", - განაცხადა ინაშვილმა.

ასევე ბრალდებები გაისმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის პირველ მოადგილედ აირჩიეს ირაკლი ბერაია, მოადგილედ - კობა კობალაძე. ოპოზიციიდან "ნაციონალებმა" წარადგინეს ირაკლი აბესაძე, "პატრიოტთა ალიანსმა" კი განაცხადა, რომ ისინი ფიქრობენ, წარადგინონ თუ არა მოადგილის კვოტით ემზარ კვიციანის კანდიდატურა, რასაც მოჰყვა "ნაციონალების" აღშფოთება.

მათი განცხადებით, კვიციანის, რომელიც წლები რუსეთს აფარებდა თავს და დიდი ალბათობით თანამშრომლობდა კიდეც, ამ კომიტეტში შეყვანა საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მას წვდომა ექნება უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტებთან. ემზარ კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით, 2006 წლიდან იძებნებოდა.

მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000 ლარიანი ჯილდოც კი დაწესდა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" ის შემადგენლობა, რომელიც პარლამენტში თანამდებობებზე აირჩიეს და არა ემზარ კვიციანი.

"ემზარ კვიციანი არის ის ადამიანი, რომელიც კოდორს იცავდა, იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არანაირ საფრთხეს ემზარ კვიციანი სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის ის შემადგენლობა, რომელიც სწორედ თავდაცვისა და სხვა კომიტეტებში ნაწილდება დღეს. ეს ხალხი ყიდდა საქართველოს, აჩუქებდა ქართულ მიწებს და ეს ხალხია საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და არა ემზარ კვიციანი და ირმა ინაშვილი", - აღნიშნა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა.

დაპირისპირება გამოიწვია იურიდიულ კომიტეტში მოადგილის ოპოზიციურმა კვოტამაც. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოადგილედ უმრავლესობიდან აირჩიეს მხოლოდ ერთი - ვანო ზარდიაშვილი, ვინ იქნება მეორე, გადაწყვეტენ დღეს. ოპოზიციური კვოტით კი წარდგენილები იყვნენ, "ნაციონალებიდან" ოთარ კახიძე და "პატრიოტთა ალიანსიდან ნატო ჩხეიძე. "ოცნებამ" ამ ორს შორის არჩევანი ჩხეიძეზე გააკეთა.

მის არჩევას დიდი ხმაური მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩხეიძეს სთხოვეს დაესახელებინა ის პრიორიტეტები, რომლითაც ის, როგორც მოადგილე აპირებს მუშაობას, თუმცა ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც დებულებაში წერია, იქნება მხარდაჭერილი და განხილული მისი მხრიდან და საკითხების ჩამოთვლა ბევრ არაფერს მოიტანდა.

"იურიდიული კომიტეტი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომიტეტია პარლამენტში, გამოცდილებიდან ვიცი... გავამახვილებ ყურადღებას ყველა იმ საკითხზე, რაც კი კომიტეტში იქნება", - განაცხადა ახლად არჩეულმა ჩხეიძემ.

ოთარ კახიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი და ინაშვილის პარტია ერთი პოლიტიკური გუნდია.

"ქალბატონმა ნატომ ვერ დაასახელა ვერც ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელზე მუშაობასაც აპირებს, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მაინც მას დაუჭირა მხარი. ფორმალური თანამდებობის გარეშეც ვიმუშავებ იურიდიულ კომიტეტში რიგით წევრად ყველა საკითხზე..," - ამბობს კახიძე.

უმცირესობის ამ უკმაყოფილებას თავად კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, შერჩევისას გენდერული ნიშნით მიანიჭეს ქალს უპირატესობა.

"ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია გენდერული ბალანსის დაცვა და ქალი კანდიდატის მხარდაჭერა მოადგილის პოზიციაზე. მეორე არის ის, რომ ნატო ჩხეიძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება. ეს ოჯახი იყო რეპრესირებულიც, იყო მსხვერპლი და ძალიან დიდხანს იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის და ზოგადად, დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ასე რომ, ჩემი არჩევანი იყო სრულიად გაცნობიერებული", - განაცხადა ბესელიამ.

დიდი დაპირისპირებების მოლოდინი ახალ პარლამენტში

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ახალ პარლამენტში ხმაურიანი დაპირისპირებები და დებატები საკმაოდ იქნება და "პატრიოტთა ალიანსი" უმეტესად "ოცნების" თანამოაზრედ მოგვევლინება, ვიდრე მათ ოპონენტად. უფრო მეტიც, ეს პარტია და ხელისუფლება "ნაციონალების" წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაში შეეჯიბრებიან კიდეც დიდი ალბათობით, ერთმანეთს.

"ჩემი აზრით, "პატრიოტთა ალიანსი" ოპონირებას უფრო "ნაციონალურ მოძრაობას" გაუწევს, ვიდრე მმართველ ძალას", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ჩიტაძის თქმით, გიორგი ტუღუშის კრიტიკა უადგილოა და რაც ინაშვილმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ტუღუში ომბუდსმენობისას აკრიტიკებდა "ნაციონალურ მოძრაობას" და საპატიმროებში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა. ხოლო მინისტრად დაინიშნა მას შემდეგ, რაც ციხის ე.წ. კადრები გავრცელდა და მის მინისტრობისას ციხეებში წამება არ მომხდარა", - აღნიშნავს ჩიტაძე.

ის "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად კატეგორიული წინააღმდეგია, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ემზარ კვიციანი შეიყვანონ.

"კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ კვიციანი რუსულ თამაშს არ თამაშობდა, 2006 წლის ამბოხების შემდეგ რატომ გადავიდა ჯერ აფხაზების კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ რუსეთში. რუსეთი მიუღებელ ადამიანს ხომ საკუთარ ტერიტორიაზე არ შეიფარებს?! ამიტომაც, როგორც რიგითი მოქალაქე, მე მისი დანიშვნის წინააღმდეგი ვარ. მას საიდუმლო მასალებთან წვდომა არ უნდა ჰქონდეს.

"მეორე მოადგილე კობა კობალაძე კი ვაჟკაცი კაცია, აფხაზეთში ომობდა და მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს მუხროვანის ამბოხის საქმეზე დაკავებული იყო, მას ბრალი არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს", - დასძენს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×