ნინო ქეთელაური
23.11.2016

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ეკონომიკური გუნდის განახლებას პრეზიდენტიც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით მოხდება, რასაც ეკონომიკური წინსვლა ჰქვია.

ახალი ეკონომიკური გუნდი იქნება თუ არა უფრო ეფექტური? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): შეცვლა და სიახლე ყოველთვის სიკეთის მომტანია და ალბათ ახალმა გუნდმა უნდა გაითვლისწინოს მათი წინამორბედების მიერ დაშვებული შეცდომები. დიდი ამოცანა აქვთ დასახული, სწრაფი განვითარება ადვილი მისაღწევი არ არის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  უპირველეს ყოვლისა, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. რაც შეეხება ახალ ეკონომიკურ გუნდს, მისი ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება ბევრი პროცესი. პირველ რიგში, ქვეყანა მწარმოებლად უნდა იქცეს, მხოლოდ მომხმარებლად კი არა. რაც მეტი საწარმო იქნება, ლარის კურსიც უფრო სტაბილური გახდება და სამუშაო ადგილიც მეტი იქნება. ვფიქრობ, ახალი ეკონომიკური გუნდი გააცნობიერებს იმ მთავარ პრობლემებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში დგას.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): გაცილებით ეფექტური იქნება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ცვლილებებს გააკეთებენ იმიტომ, რომ, უბრალოდ, გაამართლონ ეს გადაადგილება.

 

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): პრინციპში, ეკონომიკურ გუნდში ახალი სახეები არ არიან. ეს ადამიანები სახელისუფლებო გუნდში უკვე იყვნენ და მათი გადაადგილება რამეს შეცვლის თუ არა, ვერ გეტყვით. რომ გითხრათ დიდი იმედი მაქვს-მეთქი, არა, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×