მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირკაშვილმა რადიკალური ცვლილებები არც ამჯერად განახორციელა. ცვლილება ეკონიმიკურ გუნდს შეეხო. ნოდარ ხადური, გელა დუმბაძე, დავით ბაქრაძე და ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩნენ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური წინსვლის კუთხით "თვისობრივი ცვლილებები" მოხდება.
პოლიტოლოგებს კი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ამ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი კი უკეთესის მოლოდინშია.
კვირიკაშვილმა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე წარუდგინა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებისა" და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა. პარლამენტს პრეზიდენტისთვის მიმართვა მოუწევს, რადგან ამ დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდება საჭირო.
განახლებული მინისტრთა კაბინეტი
როგორც დაანონსებული იყო, გიორგი კვირიკაშვილმა რადიკალური სამთავრობო ცვლილებები არც ამჯერად განახორციელა. "ქართული ოცნების" მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. თავად დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია ჩანაცვლებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ზურაბ ალავიძე დაიკავებს, მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ჩაიბარებს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა, შესაბამისად, გელა დუმბაძე მინისტრის პოსტის გარეშე დარჩა.
ოპოზიციიდან ისევ ხელისუფლებაში
მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ახალი სახე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე იქნება, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს.
მის გამინისტრებას საზოგადოების მხრიდან უკვე მოჰყვა შეფასებები. ნაწილი ამას დადებითად აფასებს, ნაწილი კი - პირიქით.
"ჩემთვის სრულიად დაუშვებელია იმ მთავრობაში თანამდებობის დაკავება, რომლის პრინციპულ ოპოზიციაში ვართ, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ. მისივე თქმით, არსებობს კითხვები, რომელზეც დოლიძეს პასუხის გაცემა მოუწევს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი დოლიძის ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადანაცვლებას დადებითად აფასებს. მისივე თქმით, ეს ძალიან კარგი ფაქტია.
"მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც თუ გაიგებენ, რომ მთავრობაში მუშაობა სახელმწიფო სამსახურია და მას საერთო არ აქვს პარტიასთან, კარგი იქნება. ეს ევროპულ რელსებზე გადაიყვანს საქართველოს. საპარლამენტო რესპუბლიკებში, რომლისკენაც მივისწრაფვით, მთავრობა კოალიციურია და მათ სწორედ რომ სახელმწიფო ინტერესი აერთიანებთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე.
სად დასაქმდებიან ძველი მინისტრები
ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და გელა დუმბაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან. კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი გუნდის წევრებად რჩებიან.
"მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომლებთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, უპირველეს ყოვლისა კი, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად ვიხილავთ ძველ სახეებს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.
რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე, ამ დროისთვის უცნობია.
"2030"-ის ინფორმაციით კი აწ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს, რომლის უფროსიც ამ დროისთვის გიორგი ბარაბაძეა. კონკურენციის სააგენტო 2014 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა.
ოპოზიციის მიერ დაწუნებული მთავრობა
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი, სავარაუდოდ, 26 ნოემბერს უყრის კენჭს, როგორც უკვე ცნობილია, კვირიკაშვილის გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ "ოცნებას" პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს. შესაბამისად, მთავრობის დამტკიცებას პრობლემები არ შეექმნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მინისტრებს მოსმენის გარეშეც იწონებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.
უმრვალესობის წევრის, ეკა ბესელიას აზრით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
ბესელიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ძალიან კარგად წარმართა და პარლამენტს ნდობის მისაღებად კარგი გუნდი შესთავაზა.
მისივე თქმით, მაღალი პოლიტიკური კულტურის მთავრობის ღიაობისა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მაჩვენელია ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში წარმოდგენილია ვიქტორ დოლიძე.
"მთავრობის განახლებული გუნდი ძალიან საინტერესოდ არის შერჩეული. ჩვენ პრემიერ-მინისტრს ვენდობით. მთავრობის განახლებული შემადგენლობა შთამბეჭდავად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, მინისტრთა კაბინეტის ყველა ახალი წევრი მზად, არის უპასუხოს კითხვებს, რომელიც მათი მისამართით პარლამენტში დაისმება," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ოპოზოცია კი კვირიკაშვილის გუნდს აქედანვე სკეპტიკურად უყურებს და მთავრობის ამ შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებენ.
"ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეეცდება შეამციროს ის ზიანი, რომელიც საზოგადოებას ასეთი მთავრობის პირობებში მიადგება.
"ის გუნდი და ის კანდიდატები, რაც ჩვენ დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარმოგვიდგინა, მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არის კმაყოფილი იმ ოთხი წლით, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მათი თქმით, არ არსებობს აუცილებელობა, რომ შეიცვალოს პოლიტიკა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით, ისინი არიან კმაყოფილები ლარის მდგომარეობით, მათ არ ესმით და არ გაუაზრებიათ, რამხელა ტვირთად დააწვა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება. მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკაში. მათ არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია კრიმინოგენური ვითარებით, მათ არ ესმით, თუ როგორი გამოწვევაა სიღატაკე და უმუშევრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე შემადგენლობით ხელისუფლებამ დააანონსა იგივე პოლიტიკის გატარება - პოლიტიკის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და საუბრობს, რომ ყველაფერი კარგადაა და საზოგადოების ბრალია, თუ ისინი კარგად ვერ ცხოვრობენ და რომ არიან უმუშევრები.
"ამ ვითარებაში ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, - 4 წლის განმავლობაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევამციროთ ზიანი, რომელიც საზოგადოებას მიადგება ასეთი მთავრობის მიერ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მთავრობის მუშაობის მოლოდინში
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ამ შემადგენლობისგან თამამი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
"პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეკონომიკური წინსვლა და გაუმჯობესება, რაც ასე აწუხებს დღეს მოსახლეობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ აქცენტი გაკეთდება ამ კუთხით," - განაცხადა გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.
პოლიტოლოგებს კი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ამ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს ნაწილი კი უკეთესის მოლოდინშია.
"როგორც ამ ცვლილებების მიხედვით ირკვევა, სახელისუფებო გუნდი ინტენსიურად იმუშავებს ეკონომიკის მიმართულებით. ეს ადამიანები ახალი სახეები არ არიან, ნამუშევრები არიან აღმასრულებელ სტრქუტურებში და თავიანთ ადგილებზე წარმატებულად მუშაობდნენ. ამდენად, მოლოდინი პოზიტიური უნდა იყოს," - გვითხრა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მთავრობაში ეკონომიკური გუნდის ცვლილებას პიარ აქციად აფასებს. მისივე თქმით, ამ ცვლილებით თვისობრივად ახალ გუნდს ვერ მივიღებთ.
"არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცუდად მუშაობდნენ. მათ ცვლილება შეეხოთ იმიტომ, მოსახლეობაში გაჩენილიყო მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
"ვფიქრობ, ეს უფრო პიარაქცია იყო გარკვეულწილად, ვიდრე სურვილი იმისა, რომ ახალი მინისტრები უფრო კარგები და ძლიერები იქნებიან. საპარლამენტო მმართველობის დროს მთავრობა არის ერთიანი გუნდი, ასე რომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეული მინისტრები რაღაც ფართო დიაპაზონში მოქმედებენ. თუ რომელიმე მიმართულებით არის ცუდი მდგომარეობა ეს მთლიანად მთელი მთავრობის დამსახურება და არა რომელიმე ცალკე აღებული მინისტრის.
"წარმატებას ვუსურვებ მინისტრთან კაბინეტს, თუმცა არ მგონია, რომ თვისობრივად ახალი გუნდი მივიღოთ, ამიტომ გრანდიოზულ ცვლილებას არ ველოდები, თუმცა მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გარკვეული სკეპტიციზმი არ გამართლდება და მთავრობა განახორციელებს წინ- სვლას.
ვნახოთ, როგორც ამბობენ, 100 დღის მერე, რაღაც კონტურები გამოჩნდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.