გვანცა ღვედაშვილი
24.11.2016

ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებითი რუსული სამხედრო საგუშაგოები განთავსდება. შედეგად, ეს რაიონი, რომელიც 98%-ით ქართველებითაა დასახლებული, შეიძლება დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო მოწყდეს.

აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ბერკეტი, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგნელებს მიმართა.

 თედო დონდუა  (ისტორიკოსი): ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ პროტესტი გამოვთქვათ. გასაგებია, რომ ეს ოკუპირებული მხარეებია, ეს არის არა თუ დეოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ყოველივე ამის გაძლიერება. გალი თუ სამხედრო ქალაქად გადაიქცევა და ე.წ. "ვაენნი გარადოკი" იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო კონტინგენტიც უფრო მეტი ჩადგება, თან ენგურს უახლოვდებიან და ეს კიდევ უფრო მეტად არამეგობრული ჟესტია ჩვენ წინააღმდეგ. ძალიან ცუდია ასეთი ფაქტი, ეს არის პოლიტიკა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეს არ შეეფერება.

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, თანაც ვფიქრობ, ამას იმაზე მეტი ანალიზი სჭირდება, ვიდრე მე შემიძლია. თანაც არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ რუსეთმა აფხაზეთთან სამხედრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ძალიან გაუჭირდებათ რაიმე ზემოქმედების მოხდენა. როგორც ჩანს, პუტინს განსაზღვრული აქვს პროვოკაციის მოწყობა, ამიტომ ვფიქრობ, რაიმე გავლენის მოხდენა ჩვენებს ძალიან გაუჭირდებათ, ევროპელებსაც კი შეშფოთების მეტი ჯერ არაფერი გამოუთქვამთ.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, რადგან უარი ვთქვით მოლაპარაკებებზე და გეზი მხოლოდ არაღიარებისკენ ავიღეთ. ეს არაღიარება არაფერს არ გვაძლევს იმ გაგებით, რომ საქმე წინ არ მიდის - არა აღიარებამ, არა ლაპარაკმა და მხოლოდ იმის იმედზე ყოფნამ, რომ ვიღაც "მაგარი ბიძა", ჩვენ უკან რომ დგას, მოვა და ამ საქმეს მოაგვარებს, იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენ გარეშე ხდება ყველაფერი. სამხედრო ქალაქადაც გამოაცხადებენ და კიდევ ბევრ რამეს მოიგონებენ.

ჩვენ უნდა გადავიდეთ აქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკაზე, რომელიც მიზანად დაისახავს, რომ ჩვენი სამშობლო გამთლიანდეს. ამისთვის საჭიროა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება, რომელსაც ახლა ცოცხალი თავით გავურბივართ.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): საერთოდ, ჩვენ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია და ამ საკითხში მთლიანად ვენდობით და ვეწყობით საერთაშორისო სოლიდარობას. ამ სიტუაციის შეცვლა, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლების შესაძლებლობებს აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×