ეკატერინე ბასილაია
24.11.2016

 ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გალში მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი შეზღუდული იქნება, სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ და დიდი ალბათობაა, ის დანარჩენი საქართველოსთვის საერთოდ ჩაიკეტოს კიდეც.

კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ გალში 2 ახალი სამხედრო ბაზა გაიხსნება, სადაც 3 ათასამდე რუსი სამხედრო ყველანაირი დამრტყმელი შეიარაღებით განთავსდება, ამას დაემატება 19 რუსული სამხედროსაგუშაგო, იგეგმება სამხედრო აეროპორტის მშენებლობაც და ჯარისკაცების ოჯახებით ჩასახლებაც, ქალაქში შესვლა კი მოსახლეობას სპეციალური საშვის გარეშე აეკრძალება.

ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, რომელიც მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების 2011 წლის აღწერით, გალში 29 813 ქართველი ცხოვრობს, რაც ამ რაიონის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს და, ექსპერტების თქმით, სწორედ ამ ქართველ მოსახლეობას შეეზღუდება მიმოსვლა ენგურის ხიდზე, უფრო მეტიც, დიდი ალბათობაა, რომ გალი დანარჩენი საქართველოსთვის საერთოდ ჩაიკეტოს კიდეც.

იმაზე მეტადაც კი, როგორც დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეს ახალგორია ჩაკეტილი, სადაც ნებისმიერისთვის, თუ ის ახალგორში არ არის ჩაწერილი, ჩასვლა შეუძლებელია, ოჯახის წევრების მონახულება იქნება ეს, ქორწილი თუ დასაფლავება.

მაშინ, როდესაც ენგურის ხიდის გავლით გალში ე.წ. აფხაზური ვიზით თუ აფხაზეთიდან "მიწვევით" ნათესავის მოსანახულებლად ჩასვლა შესაძლებელია-ხოლმე.

გარდა ამისა, ექსპერტების პროგნოზით, გალის სამხედრო ქალაქად ქცევა ადგილობრივ ქართველებსა და რუს სამხედროებს შორის ურთიერთობას უკიდურესად დაძაბავს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსი სამხედროები საკმაოდ დიდი აგრესიულობით გამოირჩევიან და მათი გალში ჩასახლება ქართველებთან ურთიერთობას დაძაბავს.

"სომხეთშიც ვნახეთ, ზოგჯერ როგორი პათოლოგები არიან რუსი სამხედროები," - ამბობს მაისაია, " - გახმაურებული ფაქტი იყო, როდესაც გიუმრიში ერთ-ერთმა მთელი სომხური ოჯახი ამოწყვიტა. ასევე ტაჯიკეთშიც იყო სერიოზული პრობლემები რუს სამხედროებთან დაკავშირებით. სადაც ისინი საკუთარ მოკავშირეებს არ ინდობენ, ქართველებისთვის მით უმეტეს არის საფრთხე."

მაისაია თვლის, რომ ქართული მოსახლეობის მკაცრი კონტროლი, საქართველოს დანარჩენ ნაწილთან კომუნიკაციის უკიდურესად შეზღუდვა და რუსი სამხედროების აგრესია საბოლოოდ ალბათ გამოიწვევს იმას, რომ ამ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ქართული მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს და ესეც იყოს აფხაზებისა და რუსების წინასწარი გათვლაც.

გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების კანონი 23 ნოემბრიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება ამის თაობაზე აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.

საუბარია იმაზეც, რომ გალის რაიონის ზოგიერთი სოფელი ოჩამჩირის რაიონს, ხოლო ზოგი - ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს. საშვის გარეშე გალში არავის შეუშვებენ და ეს საბუთი უნდა წარადგინონ ერისწყალზე მდებარე ე.წ. რუსულ საგუშაგოში.

 "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ასევე გადაწყვეტილია, რომ გალის სოფელ სიდაში სამხედრო აეროპორტი აშენდეს, ადგილობრივი ქართული მოსახლეობა კი ოჩამჩირეში გადაასახლონ.

საგულისხმოა ის, რომ გალის სამხედრო ქალაქად გარდაქმნას რუსეთი 2011 წელსაც აპირებდა. მაშინდელი გეგმით ქალაქ გალის ადმინისტრაცია სოფელ პირველ გალში უნდა გადატანილიყო. თუმცა მოსკოვის ამ სურვილს წლების წინ დე ფაქტო სოხუმი მაინცდამაინც არ ემხრობოდა და ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა.

ახლა კი, მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ჯარების ერთიანი დაჯგუფების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რუსეთმა გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადა კიდეც.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონს ხელი 22 ნოემბერს მოაწერა. ერთობლივი დაჯგუფების მიზანია რომელიმე მხარეზე შეიარაღებულ თავდასხმაზე ან სამხედრო საფრთხეზე რეაგირება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პაატა დავითაიას თქმით, ძირითადი აქცენტი გალზე სწორედ იმიტომ კეთდება, რომ ქართული მოსახლეობა შეავიწროვონ და არ გააღიზიანონ აფხაზები. რადგან ცნობილია, რომ რუსი სამხედროების აფხაზეთში მომრავლებით თავად აფხაზები ძალიან ღიზიანდებიან.

ამბობს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

"ინფორმაცია მაქვს, რომ 19 საგუშაგოს დამატებას აპირებენ და ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას. ეს არის ჯარების ერთობლივ მართვაზე გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე და რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჯარის კონტინგენტს ზრდის და დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვას აძლიერებს.

"ეს ყველაფერი ქართულ მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ძირითადი აქცენტი გალზე სწორედ იმიტომ კეთდება, რომ ქართული მოსახლეობა შეავიწროვონ და არ გააღიზიანონ აფხაზები. რადგან ცნობილია, რომ რუსი სამხედროების აფხაზეთში მომრავლებით თავად აფხაზები ძალიან ღიზიანდებიან. შეიძლება თუ არა გაასახლონ გალის მოსახლეობის ნაწილი, არ ვიცი, მაგრამ მათგან ესეც კი შეიძლება მოხდეს. როდესაც 300 ათასი ადამიანი გამოდევნეს აფხაზეთიდან და ეთნიკური წმენდა ჩაატარეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს," - ამბობს დავითაია.

უსაფრთხოების სპეციალისტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, მიმოსვლა უკიდურესად გართულდება, რადგან გალი განსაკუთრებული ზონა ხდება, თითოეული ადამიანის გაშვება-გამოშვება მკაცრ კონტროლზე იქნება აყვანილი და არ იქნება ისე იოლი, როგორც ახლა.

"ძალაში შევიდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთობლივი საარმიო დაჯგუფების შესახებ ხელშეკრულება და როგორც ჩანს, ამ დაჯგუფების სათავო ოფისი გალში იქნება გადმოტანილი.

სამხედრო ქალაქი ნიშნავს იმას, რომ გალში სპეციალური სისტემა იმოქმედებს და იქ შესვლა შეზღუდული იქნება. ყოველი გასვლისას ადგილობრივ სამხედრო კომენდატურასთან შეთანხმება უნდა მოხდეს. შესვლისას კი ამავე კომენდატურიდან მიღებული სპეციალური საშვი უნდა წარადგინო. ამგვარი შეზღუდული სისტემა საბჭოთა კავშირის დროს საზღვრისპირა დასახლებებში არსებობდა. მაგალითად, ახალქალაქსა და ახალციხეში იდგა სამხედრო შენაერთები. დაახლოებით ასეთი სისტემა იქნება გალშიც," -ამბობს მაისაია.

მისი თქმით, დღეს აფხაზეთში დგას სასაზღვრო ჯარების კონტინგენტი, სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცი იქნება 5 000-მდე, დანარჩენი არის აფხაზური ფორმირებები. ახლა კი გეგმურად შემოვლენ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და გაძლიერდება ასევე ფედერალური უშიშროების სამსახურის გასამხედროებული ფორმირებები, რაც კიდევ უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, რომ გალს განსაკუთრებული ზონის სტატუსი ეძლევა.

"ანუ, იქნება სასაზღვრო ძალები და ეფ-ეს-ბეს სპეციალური დანიშნულების შენაერთები. სავარაუდოდ, ჯამში 15 ათასამდე რუსი სამხედრო და ეფ-ეს-ბეს წარმომადგენელი იქნება აფხაზეთში და მათი ძირითადი ნაწილი გალში განთავსდება. არ გამოვრიცხავ, რომ ოპერატიული შტაბი იყოს გალში, სადაც განთავსდება ნებისმიერი დამრტყმელი შეიარაღებაც. სამხედროებთან ერთად ასევე მოხდება სამოქალაქო პირების ჩამოყვანაც. სამხედროები ჩამოვლენ ოჯახებით და კლასიკური რუსული სამხედრო ჩასახლება იქნება, რაც ქართული მოსახლეობის გარკვეულ შევიწროებას და გამოდევნას გამოიწვევს.

"გალი აირჩიეს იმიტომ, რომ ერთი - გალი არის ფრონტისპირა რეგიონი. მეორეც, როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, საქართველოზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერონ. გალში გრავიტაციის ცენტრი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული. კონფლიქტის განახლებაც და ყველაფერიც არის მოსალოდნელი. გალის მაქსიმალური მილიტარიზაცია ეს არის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი," - დასძენს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×