თიკო ოსმანოვა
25.11.2016

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა ეყაროს კენჭი, 26 ნოემბერს, 12:00 საათზე მოიწვია. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

"საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით - საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა.

სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ." განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში დაიწყო და რამდენიმე კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგელობას მხარდაჭერაც უკვე გამოუცხადა.

ცნობისთვის, "ოცნებას" პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს, ანუ საკონსტიტუცო უმრავლესობაზე მეტი, შესაბამისად მთავრობას დამტკიცების პრობლემა არ ექნება.

არის თუ არა მთავრობაში ეს რეალური ცვლილება? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ოცნებას" პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მთავრობა მტკიცდება ის, რომელიც წარმოადგინა პრემიერმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ არანაირი მიზეზი, რომ მათი წარუმატებლობა რამეს დააბრალონ.

მათი საქმიანობა შეფასდება შედეგებით, ისინი ვეღარაფერს ვეღარ დააბრალებენ და ამით არის კარგი, რა ვითარებაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. დიდი იმედი მაქვს თავს კარგად გაართმევენ, რადგან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ახლა მათ.

ვფიქრობ, მათი მუშაობა ახლა უფრო სწრაფი ტემპით წავა ახლა სხვა არანაირი მიზეზი აღარ აქვთ. წინა მთავრობაში ჰქონდათ მიზეზები, ხელი ეშლებოდათ, გარდამავლი პერიოდი იყო. ამიტომ ახლა ვერაფერს ვერ გვეტყვიან.

 დიმა ჯაიანი (სოხუმის თეატრის ყოფილი  სამხატვრო ხელმძღვანელი): დარწმუნებული ვარ, ის რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერი შესრულდება. იმიტომ, რომ ის უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში აქვს, ხელისუფლებისთვის ხელისშემშლელი არ იქნება.

ოპოზიცია მართალია ბევრს ილაპარაკებს, მაგრამ მთავარი გადამწყვეტი იქნება უმრავლესობა. მთავრობა საოცარი ახალგაზრდა კაცებით არის დაკომპლექტებული და დარწმუნებული ვარ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ქართველ გლეხს გაუხარდება.

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):  შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩემთვის ეს არის მე-8 მთავრობა და ძალიან მინდა, კიდევ ორ მთავრობას მოვესწრო, დავამრგვალო და რავი, ვნახოთ რა იქნება. პრინციპში მე მგონი, რაღაც ცვლილებები იქნება, იმიტომ, რომ კაი ახალგაზრდები შეიკრიბნენ.

ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ეს მთავრობის ბრალიც არ არის. ეს არის იმ ათეული წლების ბრალი, რაც აქამდე მოიტანეს ამ მთავრობისთვის. ყველას უნდა, რომ გამოსწორდეს, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ნელნელა გამოსწორდება, თუმცა 1-2 თვეში არა, როგორც ქართველებს უნდათ. ეს ყველაფერი დროის ფაქტორია.

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): ჩემი აზრით, ვერც ეს მთავრობა გააკეთებს, რამე სასიკეთოს, რადგან მთლიანად გუნდი არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მხოლოდ შეიძლება 1-2 მინისტრი გამოვყოთ, რომლებიც მართლა პროფესიონალები არიან, იგივე კახიშვილი, დოლიძე და სხვა. დანარჩენი ადამიანები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. განათლების და კულტურის მინისტრების მუშაობა მაგ პოსტზე სამარცხვინოა საქართველოსთვის. ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით ვერც ვეროპული და ვერც აზიური ქვეყანა ჯეჯელა და გიორგაძის ხელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×