ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უკვე საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ქვეყნის ფინანსური სტაბილირობის შესანარჩუნების უნარი აღარ შესწევთ. ასეთ დროს თავის მოტყუების მცდელობაა არგუმენტი, რომ თურმე "მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც უფასურდება". ფინანსისტებსა და ეკონომისტებს უკვე იმედი გადაეწურათ. გადაიტანს თუ არა ქვეყანა კარს მომდგარ ზამთრს, ეს უკვე სათუო გახდა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5026 ლარი გახდა, რითაც ლარმა გაუფასურების ყველა რეკორდი მოხსნა. კიდევ უფრო მძიმე სურათია სავალუტო ბაზარზე, სადაც ზოგიერთი გადამცვლელი პუნქტი დოლარს 2,54 ლარად ყიდის.
საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის უნიათობა ეროვნული ვალუტას საბედისწეროდ დაეტყო. სექტემბრიდან მოყოლებული, კურსი დაბლა იწევს და მდგომარეობის გამოსასწორებლად რეალურად არაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით სებ-ის უშედეგო ინტერვენციებს, რითაც ეროვნული ვალუტის კატასტროფული დევალვაცია მხოლოდ დროებით გადაიდო.
სპეციალისტების განცხადებით, მთავრობამ ლარზე კონტროლი დაკარგა. როგორც ფინანსისტი დავით წიქარიძე განმარტავს, ლარი რეალურად ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას ასახავს და მის გაუფასურებაზე აბსოლუტურად ყველაფერი მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორი.
"მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ეროვნული ვალუტა უფასურდება, ესაა ჩვენი ეკონომიკა. ლარის მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას ასახავს. მიზეზი არ ელევათ, რომ საკუთრი უმოქმედობა გაამართლონ. თუკი დღეს ვინმე მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებაზე საუბრობს, ეს მანიპულაციაა. ჩვენი ვალუტის გაუფასურებაზე აბსოლუტურად ყველაფერი მოქმედებს.
სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება, ასეთი რთული მდგომარეობა მუდმივად იქნება. რა მაგალითიც არ უნდა მოგვიყვანოს ფინანსურმა სექტორმა, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რეალურად რა მოქმედებს კურსზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
დიდი იმედი მქონდა, რომ ახლად დაკომპლექტებული მთავრობა მიიღებდა ზომებს, შეამცირებდა ჩინოვნიკების რიცხვს, საბიუჯეტო ხარჯებს და სხვა. ამაზე არავინ საუბრობს და ამიტომ ვართ ამგვარ სიტუაციაში. როგორ დავიჯერო, ვერ ხვდებოდნენ, რომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, რათა მცირედით მაინც შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ", - აცხადებს წიქარიძე.
მისი აზრით, უნდა გამოვიდეს საქართველოს მთავრობა და ეკონომიკური პრობლემების არსებობა აღიაროს. ამ დროს მინისტრები საპირისპიროდ იქცევიან.
"პირველ რიგში, აღიარონ, რომ გვაქვს რთული ეკონომიკური სიტუაცია. როგორ შეიძლება, ამ დროს ვინმე გამოდიოდეს და ამბობდეს, რომ ხელისუფლებაში კარგი გუნდია! როგორ შეიძლება, ტაში დაუკრან ერთმანეთს, როცა ეროვნული ვალუტა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა თავზე ემხობათ. გამოდის, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენ გვეჩვენება, რომ გვიჭირს. უნდა მოვითმინოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი არჩეული მთავრობაა და ვისმინოთ ტყუილები, რომელიც დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს? უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" დავით წიქარიძემ.
ეკონომისტები საუბრობენ იმაზეც, რომ საფრთხეშია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეს პროცესი საქართველოს უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანს. თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი ამბობს, რომ ლარის ასეთ გაუფასურებას არ ელოდა. იგი საქართველოს მთავრობას და სებ-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
"ვალუტების გაუფასურება ჩვენ გარშემო დიდი ხნის წინათ დაიწყო. ლირასა და აზერბაიჯანულ მანათსაც ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგათ. ევრომაც კი დაკარგა პოზიცია დოლარის მიმართ, რეკორდულად არის დაცემული და 1,05-ის მაჩვენებლის გარშემო ტრიალებს. თუმცა 2-3 წლის წინ 1,40-საც აღწევდა, ანუ ევროს გაუფასურებამ დოლარის მიმართ სადღაც 40%-საც კი მიაღწია. ამ მხრივ, ბუნებრივია, როგორც გლობალურ სიტუაციაში ჩართული ლარი ამ ვითარებას ვერ ასცდება.
ჩვენ საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებითაც, რამდენადაც დიდი რაოდენობით გარე ვალი გვაქვს გასასტუმრებელი. ამას ემატება შიდა ვალიც. მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. მთლიანობაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა დგას საფრთხის წინაშე. ბოლო 10 წლის განმავლობაში არაეფექტურ, ეკონომიკისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამიტომ აღმოვჩნდით დღეს ამ სიტუაციაში", - აცხადებს ასლანიშვილი და დასძენს, რომ რომ წინა წლებში რეფინანსირების სესხების ზრდა სახელმწიფოს მიერ შიდა ვალის მატებას უკავშირდებოდა. დღესაც ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზიც რეფინანსირების სესხების გაზრდილი მოცულობაა.
"რეალობა ასეთია: მიმოქცევაში ლარის მასა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ფინანსთა სამინისტროსაც გამოშვებული აქვს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. შედეგად გვაქვს ვითარება, როდესაც რამდენჯერმე დაანონსებული ლარის გამყარების ამბავი არის არარეალური და ამაში საბოლოოდ დავრწმუნდით. საქართველოს ფინანსური მდგრადობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უმძიმესი პერიოდის გადატანა მოგვიწევს. არ ვიცი, როგორ გადავაგორებთ ზამთარს, სერიოზული პრობლემა გველოდება", - აცხადებს დავით ასლანიშვილი.
ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტები უფასურდება აზერბაიჯანსა და თურქეთშიც. 25 ნოემბრისთვის 1 აშშ დოლარი 1,7196 მანათი ღირს. წინა წლის 21 დეკემბრიდან მოყოლებული აზერბაიჯანული მანათი მცურავ გაცვლით კურსზეა გადასული. "ცურვის" პერიოდში მანათი 63,79% გაუფასურდა, მათ შორის, 2016 წელს დევალვაციის მაჩვენებელი 10,16%-ია.
ახალ რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა თურქული ლირაც - 3,37-დან 3,44-მდე ავიდა. აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნის ვალუტა 3,4174 ნიშნულს მხოლოდ თურქეთის ფინანსური გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდა.