თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. არჩევნების მსვლელობასთან ერთად, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა დღის განმავლობაში ჯერ თსუ-ს პირველი, ხოლო შემდეგ მეორე კორპუსის შენობა დაიკავეს, რამაც რამდენიმე საათით ხმის მიცემის პროცედურის შეწყვეტა გამოწივია. ხუთშაბათს კი მათ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში კარები აჭედეს და თავიანთი პროტესტი ამგვარი ფორმით გამოხატეს.
სტუდენტების ეს ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასა და იმ დაპირებების შესრულებას ითხოვენ, რაც მათ რამდენიმე თვის წინ, ბოიკოტისას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღეს. ეს პირობა კი მათი განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმირებასა და სისტემის ცვლილებას განსაზღვრავს.
თავის მხრივ, გუშინ საპასუხო განცხადებები გააკეთეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და თქვეს, რომ აუდიტორია #არის ძალა, რომელიც კანონის უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესის ჩაშლას ცდილობს.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით კი, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტების ქმედება "ღია კარის მტვრევას" აგონებს. მისი თქმით, იგი მზადაა სტუდენტებს შეხვდეს და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გასცეს.
რამდენად სამართლიანია თსუ-ში სტუდენტთა ნაწილის პროტესტი? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.
რეზო მიშველაძე (მწერალი): მეც თსუს-ს სტუდენტი ვიყავი და თუ ჩემს სტუდენტობას გავიხსენებ, მაშინ ძალიან განებივრებული ვიყავი უმაღლესი რანგის პროფესურით. 2006 წელს ავადსახსენებელმა სააკაშვილმა ფაქტობრივად უნივესრიტეტი გააუქმა და დაარბია, შემდეგ კი ეროვნულად მოაზროვნე პროფესურა თსუ-დან გააძევა. პრობლემები უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიწყო, თუმცა ვფიქრობ, რომ სტუდენტებს ასე ჰაი-ჰარალოზე დაპირება არ უნდა მისცე, როგორც ეს ახლანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა.
"მაინც მგონია, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა სტუდენტების მოთხოვნებთან არაფერ შუაშია, რადგან სისტემა მათ არ დაუნგრევით. თუმცა, მეორე მხრივ, მინდა სტუდენტებსაც ვურჩიო - უნივერსიტეტი სასწავლო დაწესებულებაა და არა საკუთარი რევოლუციური ძალის გამოცდის ასპარეზი. არ შეიძლება, აქაოდა, დემოკრატია და თვითმართველობა მაქვსო და ამიტომ, მოდი ლექციებს ჩავშლიო.
"ძალიან მომეწონა რექტორის გამოსვლა, რომელმაც სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მასაც მინდა მოვუწოდო, რაც შეიძლება მეტად აამაღლოს სწავლის ხარისხი და ნაკლებადმცოდნე ე.წ. პროფესორები გამოცდილი ლექტორებით ჩაანაცლოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა ჰარმონია. ასე რომ, ორივე მხარემ უნდა დათმოს."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):"საგანმანათლებლო სისტემაში დიდი გზა გავიარე და შესაბამისად, ურთიერთობა ათასობით სტუდენტთან მქონია. ერთი მხრივ, სტუდენტების დამოკიდებულება და მოზარებები მესმის, რადგან განათლების სისტემის რეფორმირება მართლაც აუცილებელია, ამაში მათ მხარს ვუჭერ, თუმცა, მეორე მხრივ, არ შეიძლება სასწავლო პროცესი ჩაშალო და კორპუსი აჭედო. მგონია, რომ მოლაპარაკება მხოლოდ დიალოგის გზითაა შესაძლებელი.
"რაც შეეხება რეფორმებს, განათლების მინისტრების შეცვლა სისტემას ვერ განავითარებს. ამიტომ სწორი მიდგომებია საჭირო. სისტემა კი პროფესორებისათვისაც და სტუდენტებისათვის თანაბრად მიმზიდველი უნდა იყოს."
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):"დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ვეტყოდი ჩვენს ახალ მინისტრს, კობლესა და ნაცარქექიასთვის თავი დაენებებინა და უფრო მნიშვნელოვანი თემებისთვის მიეხედა. არ მომწონს, რომ უნივერსიტეტში ასეთი ვითარებაა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, სტუდენტების მოთხოვნებს დეტალურად არ ვიცნობ და არ შემიძლია მის ლეგიტიმაციაზე ვისაუბრო. თუ აქ ავტონომიაზეა საუბარი, მაშინ ამ მოთხოვნას ბოლომდე ვიზიარებ და მგონია, რომ სწორიცაა."
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ჯერ უფრო ზუსტადაა გასარკვევი რას ითხოვენ სტუდენტები. საინტერესოა რას გულისხმობენ განათლების სისტემისა და თვითმმართველობის რეფორმირებაში, როცა აქ შეიძლება უამრავი რამ მოიზარდებოდეს. 26 წელია თვითონაც მყავს სტუდენტები და ვიცი კატეგორია, რომელიც მხოლოდ სიზარმაცეზეა ორიენტირებული და შესაბამისად, მათი მოთხოვნები კიდევ უფრო გაზარმაცებისთვისაა. თუ თსუ-ს სტუდენტების მოთხოვნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მას სამართლიანს ვერ ვუწოდებ, ხოლო თუ ეს რეფორმა მართლაც დისციპლინას შეუწყობს ხელს და სწავლის ხარისხსს გააუმჯობესებს, კი ბატონო, მაშინ რასაკვირველია მისასალმებელია.
"ყოველ შემთხვევაში რაც მოვისმინე, ისინი მხოლოდ ზედაპირულად საუბრობენ. ამიტომ, რას ითხოვენ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალის ცოდნისა და მეტი კონკრეტიკის გარეშე ვერც ერთ მხარეს ადვოკატად ვერ დავუდგები. ამ ეტაპზე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უნივერსიტეტში მხოლოდ თავიანთი ხალხი უნდათ და სხვა არაფერი, თუმცა, შეიძლება ვცდები კიდეც."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე