ეკატერინე ბასილაია
26.11.2016

 დღეს პარლამენტი ახალ მთავრობას უყრის კენჭს, თუმცა მანამდე ორი დღეა, პარლამენტში ახალი მთავრობის კაბინეტის წევრების და პროგრამის განხილვა მიმდინარეობს. მაგრამ პროგრამის განხილვაზე მეტად მთელი დისკუსია არაკორექტულ და შეურაცხყოფამდე მისულ მიმართვებზე, ზოგჯერ პირდაპირ უზრდელობაზეც იყო აგებული, მთავარი ნარატივი კი ძირითადად ასეთი იყო - "სისხლიანი 9 წელი" და "უუნაროთა 4 წელი".

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პრემიერ-მინისტრის მისამართით გაისმა ფრაზები - "ესაა უტიფარი განცხადება", "ელჩები ამბობენ, რომ პოლიტიკურად ნული ხართ" და "არ გრცხვენიათ?!"

"პატრიოტთა ალიანსმა" კი მინისტრობის რამდენიმე კანდიდატზე სს საქმის აღძვრა მოითხოვა და სამომავლოდ მათ პატიმრობაც უწინასწარმეტყველა.

მთავრობის მეთაურის მიმართ ბევრ სხვა თემასთან ერთად მთავარი შეკითხვები ლარის გაუფასურებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და პენსიების გაზრდას შეეხებოდა. იმ ფონზე, როდესაც გუშინ ლარის კურსმა ისტორიულ მინიმუმს გადააბიჯა და 1 აშშ დოლარის ფასი გახდა 2.50 ლარი, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია უფრო ნაკლებად, ვიდრე არის ევრო და სომხეთის ვალუტა, უბრალოდ, ეს თემა ტელევიზიებიდანაც არ ჩამოდის და ხელოვნური პროცესიც იქმნება, ხოლო პენსია კი 2017 წელს არ გაიზრდება.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტი 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით დაიგეგმება, მაგრამ გვექნება, სავარაუდოდ, უფრო მაღალი ზრდა და იმისთვის, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, სახელმწიფოს დამატებითი ვალის აღებაც მოუწევს.

გარდა ამისა, პრემიერმა ერთგვარად გააკრიტიკა და "სიმართლისგან შორს მდგარი" უწოდა ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატის ვიქტორ დოლიძის განცხადება იმაზე, რომ "კაბელების საქმეზე" თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. პრემიერის ამ კრიტიკის შემდეგ დოლიძეს იგივე შეკითხვა "ნაციონალური მოძრაობიდანაც" დაუსვეს, თუმცა, მომავალმა მინისტრმა ამჯერად დუმილი არჩია და მას ამის გამო ირმა ნადირაშვილმა "სამარცხვინოც" უწოდა.

"სამარცხვინოს" ეპითეტი თავად პრემიერმაც დაიმსახურა "ნაციონალი" გიორგი კანდელაკისგან. კანდელაკმა თქვა, რომ ელჩებიც კი კვირიკაშვილს პოლიტიკურად ნულად მიიჩნევენ, ყველა საქმის გასარკვევად დარბიან ივანიშვილთან და კვირიკაშვილს უნდა რცხვენოდეს, რაზეც კვირიკაშვილმა თქვა, რომ ეს არის მხოლოდ სამარცხვინო ფანტაზია და ის ამას გაატარებს.

სხდომათა დარბაზში ამგვარი შეურაცხყოფების გამო ვითარება არაერთხელ დაიძაბა.

პარასკევს მომავალი მინისტრები ჯერ "პატრიოტთა ალიანსმა", შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ბოლოს მმართველმა გუნდმა "ქართულმა ოცნებამ" მიიღეს და აროგორც მოსალოდნელი იყო, ამ შეხვედრებიდან ყველაზე მშვიდი "ოცნების" ფრაქციასთან შეხვედრა გამოდგა.

"პატრიოტთა ალიანსის" ბრალდებები

"პატრიოტთა ალიანსმა" განაცხადა, რომ ისინი კაბინეტის 4 წევრს არ უჭერენ მხარს. მათგან ერთ-ერთია კულტურის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე საყდრისის აფეთქების ბრძანების ხელმოწერის გამო და მის მიმართ სს საქმის აღძვრაც მოითხოვეს.

ირმა ინაშვილმა თქვა, რომ გიორგაძე მალე ციხეში მოხვდება და მაშინ ბევრი დრო ექნება იფიქროს, სწორად მოიქცა თუ არა.

ასევე მხარს არ უჭერენ გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ გიგლა აგულაშვილს და ინაშვილმა ის საგარეჯოს არჩევნების გაყალბებასა და "უსინდისო ცილისწამებაში" დაადანაშაულა.

"ახლა მშვიდად მიყურებთ, ფიქრობთ, რომ გადარჩით. სააკაშვილსაც ეგონა, რომ გადარჩა, მაგრამ მერე ჩემი მარჯვენა ხელით გავრცელებული კადრებით დაემხო," - განაცხადა ინაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის კანდიდატების ასეთ კონტექსტში მოხსენების გამო ინაშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.

ინაშვილის თქმით, ისინი არ უჭერენ მხარს არც ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ალავიძეს, რადგან მან მინისტრობა ტყუილით დაიწყო, როდესაც თქვა, რომ 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუფინანსებია.

ადა მარშანიამ კახა კალაძეს მოუწოდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია ენერგეტიკულ სფეროში ბიზნესებს ფლობს თუ არა და თუკი ფლობს, ის ენერგეტიკის მინისტრი არ უნდა იყოს.

ერთ-ერთი მთავარი თემა კი ასევე "აიდი ბარათები" იყო. ირმა ინაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ "აიდი ბარათები" საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვას იწვევს და უმჯობესია ალტერნატივად შემოვიდეს ქაღალდების დოკუმენტაცია, რაზეც მან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატისგან უარი მიიღო.

პასუხად თეა წულუკიანმა თქვა, რომ მინისტრად დანიშვნამდე აიდი ბარათებთან კითხვები მასაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ შეამოწმა და დაიჯერა, რომ ამ ბარათებში არავითარი საფრთხე არ იმალება.

"ნაცმოძრაობა" და არაკორექტული გამონათქვამები

"პატრიოტთა ალიანსთან" შედარებით ბევრად უფრო მძაფრი პოლემიკა გაიმართა მომავალი კაბინეტის წევრებისა და "ნაციონალების" შეხვედრისას და "კორექტულობისკენ" მოწოდებებიც პრემიერისგან ბევრად მეტჯერაც გაისმა.

პირველი ასეთი თემა შეეხებოდა "რუსთავი 2"-ის საქმეს.

ამ თემაზე დასმული შეკითხვისას, კვირიკაშვილმა თქვა, რომ მას საფუძველი არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანოს, ვერ გაიზიარებს შეფასებას, რომ ეს არის ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ. თქვა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით "ნახტომისებური გაუმჯობესება" აქვს საქართველოს, "რუსთავი 2"-ის საქმის ქონებრივ დეტალებს კი, ვინ ვის და როდის წაართვა ეს ტელევიზია, ზედმიწევნით არ იცნობს.

გიგა ბოკერიამ მის ამ განცხადებას "უტიფრობა" უწოდა.

"მთელი მსოფლიო ამ საკითხზე საჯაროდ და კერძოდ გესაუბრებიან და თქვენ არც დაინტერესებულხართ საქმით? იქნებ გული გაგისკდეთ რომ ჩაიხედოთ... უტიფრად გვეუბნებით, რომ ყველაფერი წესრიგშია," - მიმართა ბოკერიამ კვირიკაშვილს, რაზეც ადრესატმა მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

ასევე გიორგი კანდელაკის გამოსვლას მოჰყვა პრემიერის ყველაზე დიდი აღშფოთებაც.

კანდელაკმა თქვა, რომ კვირიკაშვილის პოლიტიკური წონა ნულის ტოლია და მას ეს უნდა რცხვენოდეს.

"არ გაინტერესებთ თქვენზე პირადად რას ფიქრობენ საერთაშორისო პარტნიორები და თბილისში აკრედიტირებული ელჩები? ისინი ამბობენ ყოველდღე, რომ თქვენ ხართ სასიამოვნო მოსაუბრე, გაქვთ კარგი მანერები, მაგრამ ვერაფერს ვერ წყვეტთ, პოლიტიკურად თქვენი წონა ნულის ტოლია. მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ისინი ბიძინა ივანიშვილთან მიდიან. ამისი არ გრცხვენიათ?" - მიმართა კანდელაკმა კვირიკაშვილს.

"შენ არ გრცხვენია, ასეთი ლაპარაკი პარლამენტში?! ეს არის შენი ფანტაზიები... ყველანაირი შეურაცხყოფების გარეშე უბრალოდ გავატარებ თქვენს ამ კომენტარს," - უპასუხა კვირიკაშვილმა.

ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ კანდელაკს მოუწოდა, დაესახელებინა კონკრეტული გვარები, თუ ვინ ამბობდა ამას. კანდელაკმა დოლიძეს გადასძახა, რომ "ყურში ეტყოდა".

არაკორექტული უწოდა კვირიკაშვილმა ასევე ნიკა მელიას განცხადებასაც, რომელმაც მას ნომინალური პრემიერი უწოდა და შეეკითხა, სამთავრობო გუნდი არის თუ არა მისი დაკომპლექტებული.

"მე მაინც კონსტრუქციულად გიპასუხებთ. აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიც არის წარმოდგენილი და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კანდელაკის განცხადებაზე "ოცნებამ" ელჩები უნდა დაიბაროს?

პოლიტოლოგების თქმით, ელოდნენ, რომ დაახლოებით ამ სტილში წარიმართებოდა შეხვედრა. როგორც რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსს" განუცხადა, ეს ზრდილობის ზღვარზე არსებული გამონათქვამები, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის დაბალ დონეზე მიუთითებს.

"ჩვენი პოლიტიკოსების დებატების სტილი გვაფიქრებინებს, რომ მათ მხოლოდ ერთმანეთისთვის ჭუჭყის, ტალახის სროლა სურთ, თორემ ერთმანეთისთვის არც ზიანის მოტანა უნდათ და არც შეუძლიათ და არც რეალური ოპონირება," - აღნიშნავს საყვარელიძე.

მისი თქმით, ჩვენთან პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ასე ბრალდებებით თავის გამოჩენა და საზოგადოებისთვის დანახება - აი, რა მაგრები ვართ, მარტივია. ასეთი მარტივი ოპონირება კი ვერც ოპოზიციას ზრდის და ვერც ხელისუფლებას.

საყვარელიძე კანდელაკის განცხადებაზე ამახვილებს ყველაზე მეტად ყურადღებას.

"რაც კანდელაკმა თქვა, ამაზე პასუხის არგაცემა სწორად არ მიმაჩნია. წესით, ხელისუფლებამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უნდა მოიწვიოს, რომ გამოარკვიონ, ვინ აწარმოებდა ამ საუბარს, ან უნდა უარყონ ის, რაც კანდელაკმა თქვა.

"თუკი ასეთი პოზიცია უჭირავს რომელიმე დიპლომატს, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს და ის ამ პოზიციას ქართველ პოლიტიკოსებს უზიარებს, ეს საქართველოს შიდა საქმეებში საკმაოდ უხეში ჩარევაა," - მიიჩნევს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის თქმით, თუ ხელისუფლება ამ განცხადებას რეაგირების გარეშე დატოვებს, ეს არაადეკვატურია და ამით მკვიდრდება სწორედ ის სტილი, როდესაც მთავარია შეურაცხყოფა მიაყენონ ერთმანეთს, ხოლო ქვეყნის ინტერესებში რა შედის და რა არა, ეს ორივე მხარისთვის კარგავს აქტუალობას, რაც ყველაზე დიდ უბედურებად მიაჩნია და ამ "უბედურების ილუსტრაციას" უწოდებს გუშინდელ დებატებსაც.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, "ნაციონალურმა მოძრაობის" ამ გუნდმა, რომელმაც სააკაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორედ სააკაშვილის წინაშე უნდა დაამტკიცონ, რომ მათი შესვლა კი არ ამცირებს "ოცნებასთან" მათი დაპირისპირების ხარისხს, არამედ ზრდის და ამიტომაც ბუნებრივია, ასეთი კრიტიკული და აგრესიული იქნებოდა. მეორე საკითხია, როგორ პასუხობდა ამას "ქართული ოცნება".

"იყო რიგი შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების და იგივე კვირიკაშვილის მხრიდან იყო ადეკვატური რეაქციები, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც "ქართული ოცნება" ძველი, საარჩევნო რიტორიკის ფარგლებში იძლეოდა პასუხს. ეს შეეხება მაგალითად "რუსთავი 2"-ის შემთხვევას. იმედი მაქვს ეს ტალღა გადაივლის და მომავალში ეს კრიტიკა ნორმალური ურთიერთოების ფარგლებს არ გასცდება და შეურაცხყოფაში არ გადავა," - აღნიშნავს ძაბირაძე, რომელიც გუშინდელი დებატებიდან არაკორექტულად აფასებს გიგა ბოკერიას, გიორგი კანდელაკისა და ნიკა მელიას განცხადებებს.

ძაბირაძის აზრით, გიორგი კანდელაკმა ძალიან ცუდი სამსახური პირველ რიგში სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუწია.

"კანდელაკმა ძალიან ცუდად მოიხმო ეს ფრაზა. არ ვიცი ელჩები რას ლაპარაკობენ და როგორ, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ პრივატულ საუბრებში ამგვარი რამ ითქვა, შეუძლებელია პარლამენტარმა პრივატულად ნათქვამი საჯაროდ გამოიტანოს. გასაგებია, რომ ივანიშვილის ფიგურა წონიანია, მაგრამ იმის თქმა, რომ ხართ ნული, პირდაპირი შეურაცხყოფაა და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უზრდელური ქცევა იყო. კანდელაკის განცხადება უხეში და უზრდელური იყო. სხვა ფორმის მონახვა შეიძლება იმის სათქმელად, რომ ამ გუნდს ივანიშვილი მართავს.

"იქ ითქვა, "ყურში გეტყვითო" და პირველ რიგში კანდელაკს უნდა მოეთხოვოს, დაასახელოს რომელმა ელჩმა თქვა ასეთი რამ. შემდეგ კი საელჩოების წარმომადგენლებთან უნდა იყოს საუბარი. ის, რომ ვიღაცები ივანიშვილთან დადიან, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მთავრობა საერთოდ ნომინალურია," - მიიჩნევს ძაბირაძე.

მისი განცხადებით, კვირიკაშვილი ჯერჯერობით არ არის პრემიერი, მაგრამ არის გუნდის ლიდერი. მას ამ მხრივ პრობლემები აქვს და უპირველესად არა ივანიშვილთან, არამედ მისივე გუნდთან - პარლამენტთან და მთავრობასთან.

"მან უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, რომ არც პარლამენტი და არც მთავრობა არ იყურებოდეს შუშის კოშკისკენ. ამას თუ მოაგვარებს, ამ ვერტიკალში ყველაფერი დალაგდება", - დასძენს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×