110 ხმით 19-ის წინააღმდეგ ახალი მთავრობა შაბათს დამტკიცდა. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის პროგრამა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2016-2020" დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმოდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. მოსმენა, სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ჯამში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეძლებს თუ არა ახალი მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას? - "მთელმა კვირამ" ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
პაატა შავაძე (იურისტი): "ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება ზოგიერთ მინისტრს გაუჭირდება. განსაკუთრებით ეკონომიკის მინისტრზე გავაკეთებდი აქცენტს. ამბობენ, რომ ეს ადამიანი "ნაციონალებს" აფინანსებდა და კითხვები გაჩნდა, რომელთაც პასუხები უნდა გაეცეს.
"ასევე სოზარ სუბარიც არ მომწონს და არ ვიცი რანაირი მინისტრია ეს კაცი, როგორ გაუძღვება დაკისრებულ მოვალეობებს.
"დიდად არც განათლების მინისტრის მოტრფიალე ვარ. უფრო ღირსეული, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრია. ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობებს კარგად უმკლავდება.
"თუმცა, ბევრი რამ კვირიკაშვილზეა დამოკიდებული - გააჩნია რამდენად აიყვანს გუნდს ხელში. შეიძლება ცალკეული მინისტრები გარკვეულ კითხვებს ბადებდნენ, მაგრამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ძირითადად მაინც კვირიკაშვილი უნდა უმკლავდებოდეს, როგორც პრემიერ-მინისტრი. თუ ის თავის სიმაღლეზე იქნება, მინისტრებიც ქმედითი ნაბიჯებისაკენ იქნებიან მომართულები. ზოგადად კი, შემადგენლობა არსებითად სუსტია. უფრო კვირიკაშვილის იმედი მაქვს".
გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფი): "ველი, რომ დღევანდელი მთავრობა მაინც გათავისუფლდება ამ კოჰაბიტაციებისაგან, კოალიციებისაგან და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას დამოუკიდებლად აიღებს. 4 წლის შემდეგ კი აღარ ექნებათ იმის მიზეზი, რომ შეცდომები სხვებს დააბრალონ.
"პირადად მე ის მოლოდინი მაქვს, რომ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ხელშესახები განვითარება დაიწყება. წინსვლა, რომელსაც ხალხი იგრძნობს და მხოლოდ რეიტინგებითა და სტატისტიკური მონაცემებით არ იქნება წარმოდგენილი.
"ასევე ველი, რომ ეს პარლამენტი და ეს მთავრობა ბოლოს და ბოლოს შემოიღებს ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას და მოაწესრიგებს გზებზე ინფრასტრუქტურას ისე, რომ ეს სიკვდილიანობა შეჩერდეს."
ნინა პერტენავა (პიარ-სპეციალისტი): "გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით სიურპრიზები არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ იქ რამდენიმე ძალიან ნორმალური კანდიდატი იყო წარმოდგენილი. ახლა კი, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად თავისუფლები იქნებიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
"ჩვენი პრემიერიც კარგად მოაზროვნე პიროვნებაა და მთავარი ისაა, თუ რამდენად ექნება საშუალება თავისი იდეები განახორციელოს. თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა, ვფიქრობ, რომ იგი შეძლებს. ასე რომ, პრემიერს ვუცხადებ ნდობას, დანარჩენთან მიმართებაში კი ასეთი ოპტიმისტი ვერ ვიქნებოდი."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "ეს გუნდი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს შეებრძოლოს. უპირველესი პრობლემები კი უმუშევრობა, ინვესტიციების მოზიდვა და ინფლაციაა. ამასთან ბრძოლა აუცილებელია და თუკი ამ გუნდმა ეს ვერ შეძლო, მაშინ იძულებული იქნება გადადგეს. ასე რომ, ვფიქრობ შეეცდებიან. 50/50 მაქვს იმედი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე