23 ნოემბერს, გაგრის რაიონი სახალხო მღელვარებამ მოიცვა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, აღშფოთებული მოსახლეობა რუსი ბიზნესმენის, იგორ ვაროვის საწარმოში "კონტი"-ში შეიჭრა და იქაურობის დარბევას შეეცადა.
მოსახლეობის უკმაყოფილება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს მოჰყვა, სადაც ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც "კონტი"-ში მუშაობს, აიძულებენ აღიაროს სექსუალური ურთიერთობა ბიზნესმენ იგორ ვაროვთან და აგრეთვე აღიაროს, რომ ვაროვი აიძულებდა სხვა თანამშრომლებსაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონოდათ მასთან.
რუსი ბიზნესმენი, რომელიც გაგრის რაიონში 2004 წლიდან მუშაობს, არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან. 2012 წელს ვაროვს სამუშაო კაბინეტში შეეჭრნენ ცნობილი აფხაზური კლანის წევრები, ძმები ალხას და ჯამირ ჭამბები და ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის გენადი გაგულიას შვილი ასტამურ გაგულია, რომლებმაც შამპანურის ბოთლით სასტიკად სცემეს ვაროვს. მიზეზი გაგრაში განთავსებული სავაჭრო ცენტრ "კონტინენტის" წილების გაყოფა იყო.
გაგრაში განთავსებული უდიდესი სავაჭრო ცენტრი "კონტინენტი", რომელშიც 130 ადამიანი იყო დასაქმებული, ბიზნესპარტნიორებს შორის უთანხმოების გამო 2014 წელს დაიხურა.
გაგრის მოსახლეობამ გავრცელებულ კადრებში რუსული კომპანიის "კონტი"-ს იურისტი კუზნეცოვი ამოიცნეს და საწარმოში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასტან აგრბას განცხადებით, სიტუაცია რომელიც აფხაზეთში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით სპეციალურად იყო პროვოცირებული, ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.
"შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იმ ინფორმაციით, რაც ინტერნეტში გავრცელდა. საქმე პირად კონტროლზე აიყვანეს სამართალდამცველმა ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მოსახლეობა დაწყნარდა, როცა იგრძნეს, რომ ხელისუფლება სიტუაციას ჯეროვნად აკონტროლებს", - განაცხადა გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "ნოვოსტი აბხაზიი"-სთან ინტერვიუში
დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა დიმიტრი მარშანმა, რომელიც ამ პოსტზე 3 დღის წინ დაინიშნა, აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს ფაქტი აფხაზი მოსახლეობის ღირსების შელახვაა და მათ მენტალიტეტს არ შეესაბამება.
"მე ვესაუბრე გაგრის რაიონის ხელმძღვანელობას. როგორც ირკვევა, ბევრი ადამიანი ეწევა ცილისწამებას და სხვა ადამიანების საქმიანი რეპუტაციის შელახვას. საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილებაა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მენტალიტეტს.
"რაც შეეხება იმ ადამიანს, ვინც მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულია "კონტი"-ს იურისტი კუზნეცოვი, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების მუხლით.
"ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ადამიანები თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს მსგავს მოვლენას, ეცდებიან თავად აღადგინონ სამართალი. დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო ორგანოები შეძლებენ სიტუაციაში გარკვევას.
"რაც შეეხება კუზნეცოვს, ის უკვე დაკავებულია, ჰყავს ადვოკატი და პირველივე შესაძლებლობისთანავე ვაპირებ მასთან შეხვედრას.
"რაც შეეხება საწარმო "კონტი"-ს დარბევას, მის ხელმძღვანელობას ჩვენთვის არ მოუმართავს", - განაცხადა მარშანმა.
აფხაზი ჟურნალისტის ანტონ კრივენუკის განცხადებით, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს აფხაზეთში არავინ გააჩერებს.
"პრობლემა გეებში არაა, არამედ იმაში, რომ ამ მეთოდით ვიღაც ცდილობს აფხაზურ მენტალიტეტზე იმოქმედოს და ბიზნესმენს ამ მეთოდით წაართვან კუთვნილი სავაჭრო ცენტრი. აფხაზური მენტალიტეტით, თუ ხარ გეი, უმჯობესია, ჩაალაგო ჩემოდანი და დატოვო ქვეყანა, საკუთარ ბიზნესისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს", - წერს ჟურნალისტი.
თავად რუსი ბიზნესმენის განცხადებით, რომელიც მედია გამოცემა "სოვა"-სთან გააკეთა, ხელისუფლება და მისი ბიზნესოპონენტები ცდილობენ ის აფხაზეთიდან გააძევონ.
"სამწუხაროდ, აფხაზეთში ასეა მოწყობილი ყველაფერი - აქ ნებისმიერი ბინძური მეთოდით ცდილობენ გაიძულონ დატოვო ქვეყანა და საკუთარ ბიზნეს ინტერესებზე უარი თქვა", - აცხადებს იგორ ვაროვი.