ეკატერინე ბასილაია
28.11.2016

 არჩევნების მეორე ტურიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო არც ისე უხვი დაპირებებიდან ერთი უკვე შეუსრულებელი დაპირებების სიაში აღმოჩნდა. კონკრეტულად კი, ხელისუფლების საარჩევნო პროგრამით 2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდებოდა და საშუალო ხელფასი ხდებოდა 800 ლარი, თუმცა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ორი დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ეს დაპირება მხოლოდ პოდაგოგთა ნაწილს შეეხება - მათ, ვინც სერთიფიცირებულია.

ასეთი მასწავლებელი დაახლოებით 18 000-ია, რაც მასწავლებლების რაოდენობის მესამედიც არ არის და დანარჩენ, 47 ათასამდე მასწავლებელს 2017 წელს ისევ 800 ლარზე ბევრად დაბალი ხელფასი ექნება.

განათლების მკვლევარის, სიმონ ჯანაშიას თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები ამომრჩეველს ყოველთვის "ოქროს მთებს" ჰპირდებიან, მაგრამ გამარჯვების შემდეგ მას არასდროს ასრულებენ და ასეთი არშესრულებული მორიგი "ოქროს მთა" აღმოჩნდა მასწავლებლების ხელფასიც.

"ცხადია, ეს დაპირება იყო სულ მცირე ინფორმაციით მანიპულირება, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტყუილი," - ამბობს ჯანაშია.

რა იყო დაპირება და რა შესრულდება

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში წერია: "2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევს".

აქ არსად არ არის მითითებული, რომ ხელფასის გაზრდა არ შეეხება ყველა პედაგოგს. ასევე წინასაარჩევნო გამოსვლებისას არც პრემიერს და არც განათლების მინისტრს არ დაუკონკრეტებიათ, რომ მასწავლებლების მხოლოდ ნაწილს ემატებოდა ხელფასი.

მას შემდეგ, რაც "ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, უკვე დეტალებიც გაცხადდა. პარასკევს, მაშინ როდესაც პარლამენტში ახალ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა, უმცირესობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა გიორგი კვირიკაშვილს განუცხადა, რომ "ოცნებამ" მასწავლებლები მოატყუა.

"თქვენ თქვით, რომ განათლება წარმოადგენს პრიორიტეტს მომავალი წლისათვის. ჩვენ ჩავიხედეთ ბიუჯეტში. მე პირადად გუშინ ვესაუბრე განათლების მინისტრს და სრულიად ნათელია, რომ საქართველოში მყოფი 60 000 მასწავლებლიდან 40 000 ხელფასის ზრდას არ უნდა ელოდოს.

"წინასაარჩევნოდ თქვენ ამბობდით, რომ 800 ლარი იქნება მასწავლებლების ხელფასი. 40 000 მასწავლებელი ფაქტიურად მოატყუეთ და მაინტერესებს აცნობიერებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას დღეს", - განაცხადა რატიანმა.

მის ამ ბრალდებას მაშინ ალექსანდრე ჯეჯელავამ გასცა პასუხი და თქვა, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელფასი ყველა მასწავლებელს მოემატა, ხოლო მომავალ წელს მასწავლებლების ნახევარს მოემატება.

"იმ მასწავლებლებს, რომლებზეც ასე შესტკივა გული ჩვენს ოპონენტს, 245 ლარიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში 405 ლარი გაუხდათ ხელფასი, ანუ თითქმის გაუორმაგდათ სრული განაკვეთის შემთხვევაში. ასევე განაკვეთის გაზრდის მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს...

"მხოლოდ 10 000-ზე მეტს მაღალმთიან რეგიონში მომუშავე მასწავლებელს ემატება, ხოლო კვალიფიკაციის სქემით, კონკრეტულად, მომავალ წელს 20 000 მასწავლებელზე მეტს ემატება. მოტყუებაზე ბრალდება, რა თქმა უნდა, არარეალურია, იმიტომ, რომ მე პირადად ბოლო 6 თვეში შევხვდი 13 000 მასწავლებელზე მეტს და თითოეულ მათგანთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ საბაზო ხელფასის მომატებაზე არ იყო დაპირება და არ იყო საუბარი", - განაცხადა ჯეჯელავამ.

სერგო რატიანი დაინტერესდა, რას ნიშნავს საშუალო 800-ლარიანი ხელფასი, რაზეც ჯეჯელავამ უპასუხა, რომ "საშუალო 800 ნიშნავს გასაშუალოებულს სხვადასხვა საფეხურებს შორის."

"მთელი კვირა" შეეცადა პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარესთან გაერკვია, რატომ აღმოჩნდა ტყუილი წინასაარჩევნო დაპირება, თუმცა ნაწილმა თქვა, რომ ამ საკითხს კარგად არ იცნობს და დეტალურად გარკვევამდე ვერ ისაუბრებს. თავად თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კი განგვიცხადა, რომ აქ ბევრი ნიუანსია, მთელი დღე შეხვედრებს მართავს და ასახსნელად დრო არ აქვს.

ვის ემატება ხელფასი

დღეს საქართველოში 64 081 პედაგოგია. აქედან ყველაზე მეტი არის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე, არასერთიფიცირებული პედაგოგი. მათი რაოდენობა ბოლო მონაცემებით 46 590-ია და მათ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება 800-ლარიან საშუალო ხელფასზე არ შეეხებათ. მათი შემოსავალი დარჩება იგივე, რაც იყო 2016 წელს. ანუ, საშუალო ხელფასი ისევ იქნება 460 ლარი (მინიმუმ - 385 და მაქსიმუმ - 550 ლარი).

შემოსავალი გაეზრდებათ სერთიფიცირებულ მასწავლებლებს. მათგან, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე არის 17 290 და დღეს მათი საშუალო ხელფასი 660 ლარია. 2017 წლიდან კი საშუალო ხელფასი გახდება 860 ლარი. ასევე ხელფასი გაეზრდებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონეებს, რომელთა რაოდენობა მხოლოდ 201-ია. მათი საშუალო ხელფასი იყო 875 და გახდება 1050 ლარი.

მინისტრის თქმით, ასევე ხელფასი გაეზრდებათ მაღალმთიან რეგიონში მომუშავეებს, მისივე მონაცემებით, 10 ათას პედაგოგს. თუმცა მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასი რამდენით გაიზრდება და ის საშუალოდ გახდება თუ არა 800 ლარი, ეს არ თქმულა.

დაპირებული "ოქროს მთები", რომელიც "ცისფერი მთები" აღმოჩნდა

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ხელისუფლებამ არარეალისტური დაპირება გასცა, როდესაც თქვა, რომ ქვეყანაში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა.

"ამისთვის საჭიროა, რომ სკოლებში სახელფასო ფონდი გაორმაგდეს, ამგვარი რესურსები კი ქვეყანაში არ ჩანს. არც ზოგადად ბიუჯეტის ზრდაზეა საუბარი და არც განათლების ბიუჯეტზე. ცხადია, ეს დაპირება იყო სულ მცირე ინფორმაციით მანიპულირება, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტყუილი," - ამბობს ჯანაშია.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები ამომრჩევლებს "ოქრის მთებს" ჰპირდებიან და შემდეგ არ ასრულებენ.

"არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოებასაც ჰპირდებიან მსგავს "ოქროს მთებს", მაგრამ არ ასრულებენ. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 5 თვის წინ თქვა, რომ ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ განათლების ხარისხს სკოლებშიო და ველოდებით. იმ ერთი წლიდან 5 თვე უკვე გავიდა და საინტერესოა დარჩენილ 7 თვეში რას გააკეთებს," - აღნიშნავს ჯანაშია.

განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია აცხადებს, რომ ის საერთოდ არ ემხრობა მასწავლებლებისთვის ხელფასების მატებას. ამბობს, რომ მისი უპირველესი საფიქრალია სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს და მასწავლებელმა ხელფასის მომატება უნდა დაიმსახუროს.

წინასაარჩევნო დაპირების სანახევროდ შესრულება კი არც უკვირს. მისი თქმით, მთელს მსოფლიოში ყველა პოლიტიკოსი გაცილებით მეტ დაპირებას იძლევა, ვიდრე შემდეგ ასრულებს. ასე ხდება მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებშიც.

"ჩვენ ჩამორჩენილი სახელმწიფო ვართ და ჩვენთან რომ არ შესრულდება დაპირებები, თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ და გიკვირთ?" - ამბობს ვახანია.

"განათლების ლიგის" პრეზიდენტი მანანა ნიკოლეიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" დაპირება საშუალო 800-ლარიან ხელფასზე არც სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის იქნება რეალობა, რადგანაც პედაგოგების დიდ უმეტესობას სრული განაკვეთი არ აქვს და შესაბამისად, 800 ლარი უფროსი მასწავლებლების სტატუსის მქონეებიდან მეოთხედსაც არ გამოუვა.

სრულ განაკვეთად კი ითვლება, თუკი მასწავლებელს კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათი აქვს და ყველაზე დიდი პრობლემა, ნიკოლეიშვილის თქმით, სწორედ საათების არასაკმარისი რაოდენობაა.

მისივე თქმით, ასევე არ არის სიმართლე ის, რომ განათლების სამინისტროს მონაცემებით პრაქტიკოსი მასწავლებლის მინიმალური ხელფასი არის 385 ლარი, რადგან 50-ლარიანი მასწავლებლებიც არიან სკოლაში.

"სერთიფიცირებული მასწავლებელი 20 ათასამდეა, მაგრამ ისინი სერთიფიცირების ფულს სრულად არ იღებენ, იმიტომ, რომ საქართველოში მცირესაათიანი პედაგოგები არიან. სკოლაში დღეს 50-ლარიანი მასწავლებლებიც არიან. ეს შეიძლება ჯეჯელავამ არც იცის. სრულ დანამატებს მასწავლებლების უმეტესობა არ იღებს," - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სერთიფიცირებულებშიც კი 400 და 500 ლარი თუკი აქვს მასწავლებელს, ეს კარგ ხელფასად ითვლება, რადგან მცირე საათები აქვთ.

მისი მტკიცებით, წესით, საბაზისო ხელფასი 15 წლის წინ უნდა ყოფილიყო 960 ლარი და ახლა მხოლოდ სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის საშუალოდ 800 ლარზე საუბარი, მისთვის მიუღებელია.

"რა ხარისხზე ლაპარაკობენ, რა რეფორმაზე ლაპარაკობენ, რა ფინეთს ახსენებენ?! გერმანიაში ყველა საჯარო მოხელეზე მაღალი ხელფასი აქვს მასწავლებელს, ფინეთში კი მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალია," - აცხადებს ნიკოლეიშვილი: - "ქართულმა ოცნებამ" კეთილი ინებოს და თუ ღრმა რეფორმის გატარება უნდა, მასწავლებლის საბაზისო ხელფასი მინიმუმ 1500 ლარი უნდა გახადოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×