ელზა პაპოშვილი
29.11.2016

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ახალ პარლამენტში მთავრობის იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური მიიღო, რადგანაც ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა.

მისი თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა ევროპელი კოლეგების მოთხოვნაა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველომ ამის გამო სანქციებიც კი მიიღო.

"ოკუპაციის შესახებ კანონს სჭირდება ცვლილებები. ამას ითხოვენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. პასუხისმგებლობა უნდა დარჩეს, როდესაც ირღვევა წესი, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა იყოს თანაზომადი. როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ არღვევს ამ წესს, პირდაპირ ციხეში კი არ უნდა გავაქანოთ, ალტერნატიულო ფორმა უნდა არსებობდეს. საქართველომ ამის გამო სანქციები მიიღო და ჩვენთან ორი წელი არ ტარდებოდა ევროსაბჭოს ეგიდით საერთაშორისო ფორუმები", - განაცხადა ბესელიამ.

უნდა შეიცვალოს თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლისცისტი): "ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეულია და ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლებამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ოკუპაციის კანონი ქვეყანას უნდა იცავდეს და მას ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებდეს. თუ პარლამენტი ამ კანონს გააუქმებს, ვფიქრობ, ეს ოკუპანტის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

"ნებისმიერ ქვეყანაში ოკუპანტის დაცვა სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია. ამიტომ ეს ძალიან საფრთხილო საკითხია. რა დაზღვეულები ვართ, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტული აქტები არ მოაწყოს და ეს ჩვენს ხელისუფლებას დააბრალოს? ძალიან მძიმედ შემოგვიბრუნდება, თუ ამ კანონის გაუქმება მოხდება."

 ვახტანგ მაისაია (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი): "ამ საკითხს ნეგატიურად არ ვუყურებ, რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საზოგადოებისთვის კარგი ჟესტი იქნება. ამ კანონის გაუქმება საქართველოს და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შორის კომუნიკაციას გააადვილებს. ამიტომ, ამ კუთხით უფრო დადებით კონტექსტში განვიხილავ.

"ამ კანონს მაინც არანაირი ძალა არ აქვს. ვისაც უნდა, ისედაც გადადის და ამის კონტროლს ჩვენი ხელისუფლება ვერ ახერხებს. დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებს არ შეესაბამება. საერთაშორისო დონეზე მის გაუქმებას უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი პარტნიორები ითხოვენ."

 გიგი თევზაძე (ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი): "ვფიქრობ, ამ კანონის სხვა ფორმით შეცვლა უნდა მოხდეს და მის მთლიანად ლიბერალიზაციას არ ვეთანხმები. მგონია, რომ პირველ შესვლაზე მხოლოდ ჯარიმა და გაფრთხილება უნდა იყოს, ხოლო მეორე დარღვევის შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.

"ვფიქრობ, რომ მთლიანად ლიბერალიზაცია პოლიტიკურად ოკუპანტ ქვეყანასთან პოზიციების დათმობას და უკან დახევას ნიშნავს."

 

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ამ კანონის საერთოდ გაუქმებას მივესალმები. პოლიტიკა პოლიტიკაა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარება სწორედაც რომ მსგავსი სახით უნდა დაიწყოს. აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მომავლის პოლიტიკით იცხოვროს და პრაგმატული სახის გადაწყვეტილებები მიიღოს.

"ამ კანონის გაუქმება დიპლომატიური-პოლიტიკური ურთიერთობის მოგვარებისთვის არის საჭირო. ამ გადაწყვეტილების მიღებას ევროპელებიც და ამერიკელებიც დიდი ხანია ითხოვენ."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×