გვანცა ღვედაშვილი
30.11.2016

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, ასევე მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აღებული იპოთეკური სესხის კონვერტაცია. აიკრძალება ონლაინ სესხები, გაიზრდება მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესში. მისივე თქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება აქციზი თამბაქოზე, ნავთბპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე, სავალდებულო გახდება ფასდადება ლარში, მთავრობა კი 10-10 პროცენტით შეამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენს ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები.

"როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები. რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაც დაფიქსირდა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, რეგიონში რჩება საკმაოდ დაბალი ზრდის დინამიკა. გამომდინარე ზემოთქმულიდან, რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისათვის და მათი შემოსავლების ზრდისთვის," - განაცხადა კვირკაშვილმა.

იქნება თუ არა ეფექტური მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ცვლილებები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი  (ჟურნალისტი): ონალინ სესხების აკრძალვა ძალიან კარგია, მაგრამ მე ის მაინტერესებს, ვისაც უკვე აქვს აღებული ეს სესხი, მათ რას უპირებენ, ამაში ხომ მთელი ქვეყანაა გახვეული. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ჩვენთან სამწუხაროდ ერთ ნაბიჯს დგამენ და მეორეზე არასდროს ფიქრობენ, მათი ნაბიჯები გასაგებია და ვნახოთ, რას იზამენ.

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი):  ეფექტურის გარდა ეს ცვლილებები საჭიროცაა, ვგულისხმობ ონლაინ-სესხების აკრძალვას და სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის გაზრდას, რადგან ეს ორივე დამღუპველია უნებისყოფო ადმიანებისთვის. რაც შეეხება სიგარეტზე აქციზის გაზრდას, ვინც უამისოდ ვერ ძლებს, მაინც იყიდის და გამოდის, თითქოს მათ ხარჯზე უნდათ ფულის გაკეთება. ვფიქობ, დიდს მაინც ვერადეს უშველის ეს ცვლილებები.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ვფიქრობ, ონლაინ-სესხების აკრძალვა დაგვიანებულიც არის, რადგან იმდენად ადვილად იღებენ ამ სესხებს, რომ მოსახლეობის თითქმის 70% სარგებლობს ამ ონლაინ კრედიტებით. რა გითხრათ ზოგადი ზომების მიღების თვალსაზრისით ალბათ, რაღაცას უშველის, მაგრამ ეკონომიკური ვითარება თუ სხვა მხრივ არ გაუმჯობესდება, ეს ცვლილებები სერიოზულ სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

 

 ნანა კაკაბაძე  (უფლებათდამცველი): აზარტულ თამაშებზე თუ გაიზრდება გადასახადი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს რმდენად შეცვლის იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩაცვენილი, ეს ცაკლე თემაა.

გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი ნამდივლად არის, თუმცა სიგარეტის აქციზის მომატება კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა იმპორტირებულ ავტომებილებზე მას ვერ ვიტყვი. საერთო ჯამში კი ეს ძალიან არასაკმარისია, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელშიც მოსახლეობა დღეს იმყოფება.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მიმაჩნია, რომ ონლაინ-სესხების აკრძალვა სწორი გადაწყვეტილებაა, ასევე აზარტულ თამაშებზე მოსაკრებლის გაზრდაც. რაც შეეხება აქცისი გაზრდას ნავთობპროდუქტებზე, ეს ბენზინის ფასის გაზრდას გამოიწვევს, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება ნამდვილად მოჰყვება, ისევე როგორც იმპორტირებული ავტომობილებსი შემთხვევაში.

საქმე იმაშია, რომ ბენზინის ფასის მომატება სხვა რამეზეც გამოიწვევს ფასების აწევას, ეს კი არ გააუმჯობესებს ეკონომიკურ ვითარებას, შეიძლება უფრო დაამძიმოს და მთავრობისთვისაც უფრო პრობლემური გახდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×