ნინო ქეთელაური
02.12.2016

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5871 ლარია, თუმცა კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება გუშინ 2.61-დან 2.635-ის ფარგლებში მერყეობდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით არ არის გამოწვეული.

"სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია, 2003 წლის მერე.

"ამას დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

"შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

აღინიშულის გამომწვევ მიზეზად, ოპოზიცია მთავრობის არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებს, მთავრობა კი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების "მტაცებლურ პოლიტიკას" ასახელებს.

გამოწვეულია თუ არა ლარის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში):  ეკონომიკურ პოლიტიკაში პრობლემები რომ არ ყოფილიყო, ამ კუთხით სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ დოლარი გამყარდა უამრავ ვალუტასთან მიმართებაში: ევრო, აზერბაიჯანული მანათი, ფუნტი, იენა, სინგაპურული დოლარი, სომხური დრამი, შვედური კრონა და სხვა. რამდენად ნიშნავს ეს, რომ ჩვენს ვალუტაზეც უნდა ასახულიყო, ეკონომისტებისთვის მიმინდვია. რაც შეეხება ვარდნის პროცესს, აშკარად პანიკურია. შესაძლოა, დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარებას დაემთხვა ჩვენი შიდა პროცესები. კერძოდ, მთავრობის ბოლო ეკონომიკური ინიციატივები, რომლებას მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა და გაუგებრობა ბიზნეს წრეებში თუ მთლიანად საზოგადოებაში. უნდა ვისწავლოთ თვითცენზურა, როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციებში, ვალუტა რომ არ ჩამოვშალოთ, რადგან ეს მეორედ ხდება. მთავრობამ კი, უნდა გააუმჯობესოს საინფორმაციო უზრუნველყოფა, გაააქტიუროს პრესსპიკერის აპარატი და ადმინისტრაციის მხრიდან სახელისუფლებო წრეების კოორდინაცია.

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  ლარის ასეთი გაუფასურების უპირველესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური ქმედებებია, თუმცა ამას ემატება გარკვეული ფინანსური საკითხების ერთობლიობა. ამასათანავე, სახსრების ხარჯვა ხდება უყაირათოდ. ადმინისტრაციული ხარჯები არის გაზრდილი. გავიხსენოთ თუნდაც ავადსახსენებელი პრემიებისა და დანამატების თემა, ასევე ძვირადღირებული ავტომანქანები და სხვა.

სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობის მხრიდან რეალური და ადეკვატური გეგმა ყოფილიყო წარმოდგენლი, ვიხილეთ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქმედებების ერთობლიობა, რომელის ნაწილი ლარის გამყარების წინაპირობა ვერ გახდება და მეორე ნაწილი კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯი და დაიწყოს ადგილობრივ წარმოებაზე ზრუნვა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო აქციზის ფასის მომატების ნაადრევად გამოცხადება, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ამ ყველაფერს საფუძველად ხომ არ უდევს ფუნდამენტური მექანიზმები?! ამიტომ, უნდა ჩაცხრეს აჟიოტაჟი და ალბათ, ამაზე პასუხის გაცემის საშუალება სპეციალისტებს მერე ექნებათ.

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): ალბათ, გარკვეულწილად არასწორი ეკონომიკის ბრალიც არის, მაგრამ რაღაც ხრიკი უფრო მგონია მე. ვერ გავიგე, ბენზინის ფასის მომატება რას უშველის ლარის კურსს?! ვფიქრობ, ეს ისტერიკა რაღაცის გადასაფარად ხომ არ არის მოწყობილი?! ოღონდ, ვისი მხრიდან, ნამდვილად არ ვიცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×