თაკო მათეშვილი
03.12.2016

 გენერალ მაზნიაშვილის ძეგლმა, რომელიც 30 ნოემბერს, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში დაიდგა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ნაწილი ძეგლს მკაცრად აკრიტიკებს. მათ შორისაა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.

"როდესაც სამხედრო პირს, გენერალს, ქანდაკებას უდგამ, აუცილებელია რომ ატრიბუცია აისახებოდეს. ეს საერთაშორისო წესია, ხელოვნებათმცოდნეებში შემუშავებული სტანდარტი. აქ ეს წესი დარღვეულია.

"საბჭოთა კავშირში ღიად ტარდებოდა მსგავსი კონკურსები. ასე იქნა შერჩეული ვახტანგ გორგასლის ძეგლი. კარგი იქნებოდა საკრებულოში ღია გამოფენა ჩატარებულიყო, სადაც სხვა კონკურსანტებსაც ვნახავდით ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურისაგან მოითხოვს.

როგორ მოგწონთ გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი? - "რეზონანსმა" ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგა ჩანადირი  (ფოტოგრაფი): "თავად ნამუშევარი ძალიან კარგია, შემოქმედებითია, მაგრამ გენერალ მაზნიაშვილის შემთხვევაში - კარიკატურული. ასეთი ძეგლი ძალიან კარგი იქნებოდა მსახიობისთვის, რომელიმე კინოგმირისთვის, მაგრამ გენერლისათვის - არავითარ შემთხვევაში.

"არც სამხრეები აქვს გენერლის და არც გამომეტყველება. ამიტომაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ძეგლი კარიკატურულია.

"კიდევ ერთ ვუსვამ ხაზს, რომ თავად ნამუშევარი კარგია, უბრალოდ გენერლისთვისაა შეუფერებელი. მითუმეტეს ისეთი გენერლისათვის, რომელსაც ხალხმა დაუმარცხებელი უწოდა, რადგან არცერთი ბრძოლა არ წაუგია. "ხელოვანმა უნდა განსაზღვროს, თუ სად გამოიყენოს სითამამე და სად - კლასიკური მიდგომა. პოსტმოდერნიზმი ამ შემთხვევაში არ იყო მომგებიანი".

 ამირან სალუქვაძე  (თადარიგის გენერალი): "ხელოვანის განსჯა რთულია, რადგან ყველას არ შეუძლია მის ჩანაფიქრს ჩაწვდეს, მაგრამ მე ამ საკითხს მაინც სხვანაირად ვუყურებ. ვფიქრობ არ შეიძლება გენერალი ისე გამოხატო, რომ წამებულ მწერალს, ან კატორღიდან ახლადგამოსულ პოლიტიკურ მოღვაწეს ჰგავდეს. ჩემთვის უფრო სხვა სტილის ქანდაკება იქნებოდა მისაღები, სადაც მისი სული უფრო აღიქმებოდა და ყველანაირი რაკურსით უფრო მამაცურად გამოჩნდებოდა.

"ასეთი ლეგენდარული გენერლების მემორიალთან კურსანტებმა უნდა იარონ და მისი ნახვისას სხვა სულით, სხვა განწყობით უნდა აღივსონ. "ზოგადად, კარგი იქნება ერთი რამ ვისწავლოთ - როცა ქალაქში რამე კეთდება, მოსახლეობასაც ვკითხოთ. კონკურსები გამოცხადდეს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მიღებული. მაშინ ხალხს ასეთი უარყოფითი რეაქცია აღარ ექნება".

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი):"ჩვენთან ყველაფერი განსჯის საგანი ხდება. არ მომოწინა ის, რომ ადამიანები, რომელთაც ეს ძეგლი ნანახი არ აქვთ, მტკიცებით გამოდიოდნენ. თავდაპირველი ფოტოდან ძეგლი მანცადამიანც არც მე მომეწონა, მაგრამ მოგვიანებით სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელმაც სხვა შთაბეჭდილებები დამიტოვა.

"ზოგადად, ასეთ რამეს სანამ ცოცხლად არ ნახავ, მისი ავკარგიანობა არ უნდა ამტკიცო. თანაც, ხელოვნება პირობითი რამეა. კამათის საგანი ყველაფერი შეიძლება გახდეს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოების ნაწილმა ისევ პოლიტიკური თემა ჩართო და მერიის ლანძღვა დაიწყო. არადა შერჩევის სპეციალური წესი და ჯგუფი არსებობს და რამდენადაც ვიცი, მერია აქ არაფერ შუაშია. ადამიანიც, ვინც ამ ჯგუფის მიერ იქნა შერჩეული, თავის პროფესიულ წრეში საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობს."

 ზურაბ ბიგვავა  (სოციოლოგი): ""ათასნარი ადამიანია, ათასნაირი შეხედულებები და შეფასებები. ყველას თავისი გემოვნება აქვს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. ასეთი საკითხები სპეციალურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. როგორ შეიძლება ხალხი ხელოვნების ნიმუშზე შეჯერდეს და ერთნაირი აზრი გამოხატოს?! პირადად მე ინტერნეტში, ფოტოების საშუალები ვნახე და ასე შეფასება ძნელია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×