"როდესაც კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის, ეს არ არის ნორმალური და ამის გამო უნდა რცხვენოდეს "თი-ბი-სი"-ს და "საქართველოს" ბანკებს", - ამის შესახევ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც ამ ბანკებმა გააკეთეს, ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო და ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.
"რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. უმსხვილეს მოთამაშეებს ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოთ, რადგან ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, ის ელოდება სახელმწიფოს რეაგირებას, თუ როგორ მოეთხოვებათ ამ საქციელის გამო პასუხი.
"ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი საქციელისთვის. რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება, კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს, იმავე სავალუტო ჯიხურებში", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი ტელეკომპანია "იმედთან" აღნიშნული მოვლენების შეფასებისა და იმ კითხვის საპასუხოდ უნდა დაინტერესდნენ თუ არა შესაბამისი უწყებები კომერციული ბანკების საქმიანობით, განაცხადა, რომ მას კომერციული ბანკების ნდობა აქვს.
"მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა კომერციული საბანკო სექტორისადმი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
რამდენად დამაჯერებელია ბრალდებები კომერციული ბანკების მიმართ ლარის კურსის ვარდნის პროვოცირებასთან დაკავშირებით? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "გულახდილად გეტყვით, რომ ამ მოსაზრებას ვეთანხმები. საერთოდ, საბანკო სისტემა ჩვენს ქვეყანაში მოწესრიგებული არ არის. მსგავსი მოვლენები რამდენიმე საუკუნის წინ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშიც ხდებოდა, როცა კაპიტალიზმი შემოდიოდა. ჩვენ კაპიტალიზმის ბოლო ვაგონს შევახტით, ამიტომ ჩვენთან პრაქტიკულად ველური კაპიტალიზმის პრინციპები მოქმედებს და რყევას ყოველთვის უნდა ველოდოთ.
"ხელისუფლებას ბევრი არაფერი შეუძლია, რადგან როგორც კი ის საბანკო საქმიანობაში ჩარევას დაიწყებს, ეს სხვა რეაქციებს იწვევს. რა თქმა უნდა, მან უნდა შეძლოს, გარკვეული კანონებისა და რეგულაციების მიხედვით მოაწესრიგოს ეს სისტემა, რომ ბანკები არ იყვნენ მოსახლეობის გაყვლეფაზე გადასული, თუმცა, ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ჩვენი საქმე გაცილებით რთულად ყოფილა, ვიდრე ჩანს. რას აკეთებს ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი?! სწორედ ეს არის ის ძალა, რომელმაც არ უნდა დაუშვას ისეთი კომერციული ბანკების თვითნებური მოქმედება, რომელთაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლიათ.
"მე მჯერა, რომ პრემიერის მიერ 4-პუნქტიანი გეგმის გაცხადებას მოჰყვა აღნიშნული მოვლენები. ვიღაცებმა იფიქრეს, რომ თუ ბენზინი გაძვირდება, მაშინ ახლა ლარს დოლარში გადავიყვან და ამან პანიკური სახე მიიღო. მაგრამ ეს ეროვნულ ბანკს და ეკონომიკურ გუნდს მაშინვე უნდა აღეკვეთა, თუმცა ეს არ გააკეთეს, რაც მათი მთავარი მინუსია.
"თუ 2 ბანკს შეუძლია, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ერთ დღეში თავდაყირა დააყენოს, ეს არის ძალიან საშიში."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "კურსის ვარდნასთან რამდენად კავშირშია, ამას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ დღეს ეროვნულ ბანკზე მეტად ისეთი ბანკები ახდენენ ეროვნულ ვალუტაზე გავლენას, როგორიც "თი-ბი-სი" და "საქართველოა", ეს ფაქტია. ეს ორი უძლიერესი მონსტრია, რომელთა პოლიტიკაც წარმართავს ეროვნული ვალუტის კურსს."
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ეს საქმიანობა ძალიან რთულია, აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს. მაგალითად, როგორია ხალხის განწყობა. თუ პანიკა იქნება, ეს ზედმეტ გავლენას ახდენს ლარის კურსზე.
"ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩადგება კალაპოტში, თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იქნება სწორი. მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი. ამ საქმეზე ბევრი დილეტანტი საუბრობს, რაც არ შეიძლება. ეროვნულ ვალუტას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე