"მგონია, ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე"
ეკატერინე ბასილაია
05.12.2016

 "ქართული ოცნების" სიის მიღმა დარჩენილი ყოფილი პარლამენტარები ჯერ ისევ მოთმინებით, თუმცა ცოტა განაწყენებითაც ელიან კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძისგან შეპირებულ თანამდებობებს. ნაწილი ამბობს, რომ "ოცნების" მმართველობაში "ცოტას სცოდავენ კიდეც" მათთვის შეპირებული დასაქმების ამდენი ხნით გაწელვის გამო. ზოგიერთი კი თვლის, რომ ცოტა ხანი "კიდევ უნდა მოიცადონ" და ალბათ რაღაც იქნება. თუმცა დიდად დარწმუნებულები იმაშიც არ არიან, რომ ყველა მათგანს დაასაქმებენ.

"დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, როგორც მითხრეს, რამდენიმეს შესთავაზეს რაღაც კონკრეტული, მაგრამ ძალიან ისეთი, ცოტა გულდასაწყვეტი თანამდებობები იყო და არ დათანხმდნენ," - ამბობს ყოფილი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე, რომელსაც შეპირებული ახალი სამსახური ქუთაისში სურს. როგორც აღნიშნავს, კრედიტი აქვს აღებული და დღევანდელი ერთი სამსახურით მისი გადახდა უჭირს.

ჩაიწერება თუ არა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მხრიდან საკუთარ თანაგუნდელებზე გაცემული დაპირება "ოცნების" შეუსრულებელი დაპირებების სიაში, ამის თქმა ჯერ ნაადრევია, რადგან მეორე ტურის დასრულებიდან მხოლოდ ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული. მაგრამ რადგან "ქართულმა ოცნებამ" უკვე ყველა თანამდებობა გადაინაწილა - პარლამენტის სპიკერობა, ვიცე-სპიკერობა, კომიტეტების თავმჯდომარეობა თუ მთავრობაში მინისტრების პორტფელები, ამიტომაც ახლა თანამდებობების რიგში უკვე პარლამენტს მიღმა დარჩენილი ყოფილი დეპუტატები დგანან და პარტიის ცენტრალურ ოფისში გამოძახებას და დაპირებულ დასაქმებას მოუთმენლად ელიან.

დღესდღეობით ერთადერთი მხოლოდ სოსო ჯაჭვლიანს ერგო დაპირებული სამსახური. მას კურორტ თეთნულდის განვითარების ფონდის თავმჯდომარეობა ჩააბარეს. ჯაჭვლიანის გარდა, "ოცნების" დაახლოებით 15 დეპუტატს 2 კვირის წინ კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ დაპირება შესრულდება.

ყოფილი დეპუტატებიდან მხოლოდ ერთეულებია, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მოეწყობიან. მათგან ერთია გოგლა ჟვანია, რომელმაც "მთელ კვირასთან" განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობას გამორიცხავს. მეორეა ბაღდათის ყოფილი მაჟორიტარი პაატა კიკნაველიძე, რომელსაც კერძო ბიზნესი აქვს და ბიზნესში აგრძელებს საქმიანობას. ასევე ელდარ კურტანიძემ განუცხადა "მთელ კვირას", რომ ის არავის არ დააწვება კისერზე და თავად იშოვის სამსახურს იმ სფეროში, რაშიც პროფესიონალია.

გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ ალექსანდრე თამაზაშვილიც არ იქნება რაიმე თანამდებობაზე.

გაურკვეველია, ზურაბ ზვიადაურს შესთავაზებენ თუ არა თანამდებობას სადმე, რადგან არჩევნების წინ მაჟორიტარობის კანდიდატად მისი არდასახელების გამო პარტიის ხელმძღვანელობასთან მას დაპირისპირებაც მოუვიდა.

ცნობისათვის, როდესაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" პროპორციული და მაჟორიტარული სიები დგებოდა, პარტიის ხელმძღვანელობა იმ დეპუტატებს, ვინც მომდევნო მე-9 მოწვევის პარლამენტს მიღმა რჩებოდნენ, სამინისტროებში თუ სსიპ-ებში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაჰპირდა. როგორც ყოფილი დეპუტატები აცხადებენ, მათ ჰკითხეს სად მოიაზრებდნენ თავს, რომ ამის მიხედვით გადაწყვეტილიყო მათი მომავალი სამუშაო ადგილიც, თუმცა შეთავაზება ჯერ ისევ არ ჩანს.

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის თქმით, ის ამჟამად ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, მაგრამ ეს შემოსავალი არ ჰყოფნის და პარტიისგან ელოდება დამატებით ახალ სამსახურს ისევ ქუთაისში.

"სრული პროფესორი ვარ და ქუთაისში წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, მაგრამ ეს ხელფასი არ არის მაღალი. კრედიტიც მაქვს გამოტანილი და მიჭირს ამის გადახდა. იმედი მაქვს, რაღაც სამსახურიც მექნება, თორემ ჩემი პროფესურით ამას ვერ გადავიხდი", - ამბობს ნიშნიანიძე.

მისი განცხადებით, პარტიის ხელმძღვანელობისგან დასაქმებაზე შეთავაზება ადრე ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი ყოფილა.

"თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ცოდნა-გამოცდილებით ჩვენს გუნდს გამოვადგებით და გამოგვიყენებენ. იმედი გვაქვს, რამე იქნება. ჯერჯერობით, როგორც იტყვიან, მოლოდინის რეჟიმში ვართ. კონკრეტული არც არაფერი ყოფილა. უბრალოდ მე ჩემი ადგილი ვუთხარი, რომ მაწყობს ქუთაისში დავსაქმდე. ადმინისტრაციულ სამსახურში შეიძლება.

"მგონია, რომ რაღაც კონსულტაციები მიმდინარეობს... რამდენჯერმე ჩავედით თბილისში და ორი დღის წინ კინაღამ შევეწირე ამ სიარულს. თოვლის გამო მანქანით მოვსრიალდი გზაზე, ავარია გავაკეთე," - აღნიშნავს ნიშნიანიძე.

თვლის, რომ "ოცნების" მმართველობაში ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე, ხოლო თუ არაფერს წყვეტენ, უთხრან პირდაპირ და საკუთარ თავს მერე თავად მიხედავენ.

"ბევრნი არ ვართ და იმედი მაქვს, გადაწყვეტენ. თუ არ გადაწყვეტენ, ისიც უნდა გვითხრან, რომ არ წყვეტენ და მივხედავთ ჩვენს საქმეს," - მიიჩნევს ყოფილი დეპუტატი, თუმცა დასძენს, რომ თუკი სამსახურის შეთავაზება არ იქნება, ძალიან ბევრი ყოფილი დეპუტატი ცუდ დღეში ჩავარდება.

ომარ ნიშნიანიძე: "ვისაც ბიზნესი ჰქონდათ, ისინი კი მოხვდნენ ისევ პარლამენტში. ვინც სიაში არ მოხვდა და მე ვინც ვიცი, ყველა ბიზნესის გარეშე იყო და ვიცი, რომ ჩემი კოლეგები ცუდ დღეში ჩავარდებიან, თუ რამე სამსახური არ ექნათ.

"ერთი ვიცი ბაღდათის მაჟორიტარი პაატა კიკნაველიძე, რომელსაც კერძო ბიზნესი აქვს და თქვა - არ მინდა მე არაფერი და გავაგრძელებ ჩემს საქმესო.

"ვისაც რაღაც შემოსავალი აქვთ, ბუნებრივია, გააგრძელებენ თავის საქმიანობას. სხვებს ძალიან გაუჭირდებათ. დაზუსტებული ინფორაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც მითხრეს, რამდენიმეს შესთავაზეს რაღაც კონკრეტული, მაგრამ ძალიან ისეთი, ცოტა გულდასაწყვეტი თანამდებობები იყო და არ დათანხმდნენ.

"მაგალითად, ბოლო შეხვედრაზე თედო ჯაფარიძე არც დამინახავს და სად არის, როგორ არის და რას უპირებენ, არ ვიცი. სერიოზული კვალიფიციური დიპლომატია და ამდენ ხანს რატომ არ შესთავაზეს რამე, გამკვირვებია. ან ვანო კიღურაძეს. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც აქვთ გამოცდილება და ცოდნა. მგონია, რომ ცოტას სცოდავენ კიდეც, რომ ამდენ ხანს გააჭიანურეს ეს საქმე".

ასევე ყოფილი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ელოდება, რომ მალე დაუძახებენ და ყველას არა, მაგრამ ვინმეს დაასაქმებენ.

"ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა. ადრე, როდესაც ეს საკითხი დაისვა, მე მითხრეს, რომ ჩვენ რაღაცაზე შევთანხმდებით, რაიმეს გამოგიძებნით და მერე კიდევ გამოგიძახებთო. ასე ღიად დარჩა ეს საკითხი. ალბათ მალე დაგვიძახებენ.

"მაშინ გვითხრეს - თქვენც მოიფიქრეთო, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ვერ შევთანხმდით.

"ჩემთან ცოტა სხვა სიტუაციაა. მე ისეთი პროფესია მაქვს, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ვარ, ვარ რეჟისორი. შემიძლია სხვადასხვა თეატრს შევთავაზო პროექტი და დავდგა სპექტაკლი. ამიტომ ჩემთან ცოტა სხვა სპეციფიკაა," - ამბობს ქავთარაძე, რომელსაც ჰგონია, რომ ცოტა ხანი მოცდა კიდევ მოუწევთ.

გოგი ქავთარაძე: "მგონია, რომ ცოტა ხანი კიდევ უნდა დავიცადოთ და ყველას არა, მაგრამ ვინმეს დაასაქმებენ. ჩემი საკითხი კულტურის სფეროა. დასაქმებაზე ბოლო შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ იყო. ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან და ირაკლი კობახიძესთან, მაშინ ის ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო, პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. რამდენიმე კაცი ვიყავით, ალბათ 15-ზე მეტი.

"დანარჩენებს რა შესთავაზეს, არ ვიცი. ფაქტობრივად, ერთმანეთთან უხერხულიც იყო. ეტყობა, ეს შეხვედრა კონფიდენციალური იყო და ამიტომ არ იყო გახმაურებული".

ხელვაჩაურის ყოფილი მაჟორიტარის, როსტომ ხალვაშის თქმით, თუკი არაფერს შესთავაზებენ, გული დაწყდება.

როსტომ ხალვაში: "ქართული ოცნების" გუნდთან ვარ და რასაც გუნდი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე ასე შემოთავაზება, რომ ვიცოდე რა და როგორ, არ მქონია. მხოლოდ ერთი რამ ვიცი - ცხოვრება ყველას უნდა და როგორც ყველა ადამიანი, ველოდები, თუ რამე იქნება.

"ახლა დასაქმებული არ ვარ. შეხვედრაზე ერთად ვიყავით ყველა და იმის მერე არაფერი ყოფილა. არაფერი რომ არ შემოგვთავაზონ, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ გული ყველას დაგვწყდება".

ყოფილი პარლამენტარი ელდარ კურტანიძე სხვა თანაგუნდელებისგან გასხვავებით თავად ეძებს სამსახურს და ამბობს, რომ ის კისერზე არავის დააწვება.

"არსად არ არის გადაწყვეტილი. მე თვითონ ვეძებ სამსახურს. როგორც პროფესიონალი, ვეძებ სამსახურს და აუცილებლად ვიპოვი. ალბათ პიროვნებამ თვითონ უნდა იშოვოს სამსახური. მე ვფიქრობ, რომ სწორია, იქ ვიმსახურო, სადაც მიყვარს საქმე და სადაც ჩემი ფასი ვიცი.

"ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, მაგრამ აუცილებლად გამოიძებნება. საკმარისი გამოცდილება და ცოდნა მაქვს იმის, რომ არ უნდა გამიჭირდეს. უცხოეთიდანაც მაქვს შემოთავაზება და შეიძლება წავიდე. რამდენიმე ვარიანტია. ასე რომ, არავის ტვირთად არ დავაწვები ნამდვილად," - აცხადებს კურტანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×