"ნებისმიერი შეუსრულებელი რეკომენდაცია ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურებას იწვევს, რომელსაც შესაძლოა, ძალზე არასასურველი შედეგი მოჰყვეს"
სალომე სარიშვილი
05.12.2016

 ევროპის საბჭოსთან არსებულმა ანტიკორუფციულმა ჯგუფმა, რომელიც წევრ ქვეყნებში კორუფციისა და პარტიათა დაფინანსების შესახებ არსებულ მდგომარეობას სწავლობს, საქართველოს შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 15 რეკომენდაციიდან დამაკმაყოფილებლად მხოლოდ 3 პუნქტია მიჩნეული, ხოლო დანარჩენი 12 კი ნაწილობრივ შესრულებულადაა შეფასებული.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთო ჯამში, ქვეყანამ "გრეკო"-ს ყველა რეკომენდაცია მეტ-ნაკლებად ჯეროვნად შეასრულა, დანარჩენზე კი, მათი თქმით, ახალი პარლამენტი იზრუნებს და ევროსაბჭოს შესაბამის ანგარიშს მომავალი წლის სექტემბერში წარუდგენს.

ექსპრეტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შესაძლოა, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გააჭიანუროს ან სულაც შეჩერებას შეუწყოს ხელი, რადგან, მათი შეფასებით, ევროპაში საერთო ამინდს და მათ შორის ევროსაბჭოში სწორედაც რომ ასეთი ჯგუფები ქმნიან.

რა წერია ანტიკორუფციული ჯგუფის ანგარიშში

ცნობისთვის, "გრეკო" ევროსაბჭოსთან არსებული სახელმწიფოთა ანტიკორუფციული საბჭოა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ წევრ ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას სწავლობს და შესაბამის ანგარიშებს აქვეყნებს. უკანასკნელი ანგარიშიც მათი ბოლო მონიტორინგის შედეგია, რომელიც ამა წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველომ ხელშესახებ პროგრესს ვერ მიაღწია.

დოკუმენტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი ეხება დანაშაულის მხილებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებულ ვითარებას, ხოლო მეორე - პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებსა და ამ პროცესზე ხელმისაწვდომობას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ დანაშაულის მხილებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გაცემული ხუთი რეკომენდაციდან 3 სრულად შეასრულა და 2 დამაკმაყოფილებლად. რაც შეხება პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, აქ 10 პუნქტია და ყველა მათგანი ნაწილობრივაა შესრულებლი.

ევროსაბჭო იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველო მათ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ჯეროვნად შეასრულებს, რაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანითა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის განმარტებები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ანგარიშის შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ ანტიკორუფციულ ჯგუფს საქართველოში არსებული ვითარება მეტწილად პოზიტიურად აქვს შეფასებული, რაც, მისი თქმით, სასიხარულოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი პერიოდულად სხვადასხვა წევრ ქვეყნებში იკვლევს, თუ რა მიღწევები აქვს მას ანტიკორუფციულ ნაწილში და რა რეკომენდაცია შეასრულა მეტ-ნაკლებად წარმატებულად.

"ევროსაბჭოს მსგავსად, "გრეკო"-ც მის ანგარიშებში რეკომენდაციებს გვაძლევს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს," - ამბობს გუგული მაღრაძე.

მისივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი ახალ მონიტორინგამდე რეკომენდაციების შესრულება ვერ ესწრება, ის მომდევნო წლისთვის ინაცვლებს და შესაბამისად, სამომავლოდ შესასრულებელ დავალებებში.

ამბობს, რომ 2017 სექტემბერში ანტიკორუფციულ ჯგუფსა და შესაბამისად, ევროსაბჭოს ჩვენმა წარმომადგენლობამ უკვე ანგარიში უნდა წარუდგინონ, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ქვეყანაში და რა - ვერა.

"წინა წლების მონიტორინგის შედეგში "გრეკო"-ს ყურადღება ორი მიმართულებით აქვს გამახვილებული, ერთია - ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობა და მეორე პარტიების დაფინანსების საკითხი.

"როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პირველ ნაწილში საქართველოს, რამდენიმე პუნქტის გამოკლებით, ფაქტობრივად ყველა სხვა შესრულებული აქვს. მარტივად რომ აგიხსნათ, აქ რეკომენდაციები პუნქტობრივადაა წარმოდგენილი, რომელთა ნაწილზეც ახლა გესაუბრებით.

"რაც შეეხება პარტიათა დაფინანსების ნაწილში მოცემულ რეკომენდაციებს, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ ამ კუთხით რეკომენდაციები ნაწილობრივ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ მე-3, მე-5 და მე-7 რეკომენდაცია სრულადაა დაკმაყოფილებული, ხოლო დანარჩენი 7 კი - ნაწილობრივ," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ყურადღებას დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე ამახვილებს.

მისი თქმით, საერთო ჯამში დოკუმენტია მეტად მოცულობითია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი საარჩევნო თემატიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ამ კუთხით არსებული კანონმდებლობა და პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა.

"ძალიან დაწვრილებითაა მოცემული არასამთავრობო ჯგუფების შექმნა და მათი მუშაობის შედეგად მიღებული შენიშნვნები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროსაბჭოს წევრი არცერთი ქვეყანა არ გახლავთ ისეთი, რომელიც ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით და უკლებლივ ასრულებს," - ამბობს გუგული მაღრაძე.

მისი თქმით, უკანასკნელ ანგარიშში წარმატებულად შესრულებულ ნაწილში პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა წინა წლებთან შედარებით აშკარად შესამჩნევია. ასევე პოზიტიურადაა მიჩნეული ის, რომ არსებობს უკვე უნიფორმული დოკუმენტები, რომლის საშუალებითაც პარტიები დაფინანსებას სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ბიუჯეტიდან იღებენ.

"ანუ, პოზიტიურად გვითვლიან იმას, რომ ეს პროცესი ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ღიაა და მას ვებ-გვერდზე შეუძლია ნახოს რომელი პარტია რამდენს და საიდან იღებს ფულს. მინუსში გვითვლიან იმას, რომ ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით ცვლილებებია საჭირო. უფრო ზუსტად კი, ეს მხოლოდ ცესკო და აუდიტის საქმე კი არ იყოს, მათი რეკომენდაციით, საჭიროა სპეციალური კომისია, როელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და მხოლოდ ცესკოს ზედამხედველობიდან გამოვა.

"ანგარიშში მინუსადაა მიჩნეული ისიც, რომ არ არის კარგად გამოყოფილი მოხალისეობა და მათი პარტიის საქმიანობაში ჩართულობა. საერთო ჯამში, მასში ძალიან ბევრი დეტალია, სადაც მეტწილად შეფასება დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა. ჩვენ ახლა ამის ვალდებულება გვაკისრია, რაც 2017 წლის ანგარიშის წარდგენის დროს ევროსაბჭოს უნდა წარვუდგინოთ," - დასძენს გუგული მაღრაძე.

შესაძლო შედეგები

პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ ევროსაბჭოს და მათი ჯგუფების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ამ ყველაფერმა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი არ შეანელოს.

მათივე თქმით, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ თანამედროვე რეალობაც და მათ შორის, ევროპის მდგომარეობაც, რომელიც საკმაოდ კრიტიკულ ფაზაში იმყოფება.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სწორედ ამ კრიტიკულ ფაზაზე საუბრობს.

"მაგალითად, იტალიაში ახლა რეფერენდუმი ტარდება და არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს ის. თუკი მთავრობა დაეცა, რეალობა სულ სხვანაირი იქნება, სხვა შემთხვევაში კი ვითარება აბსოლუტურად შეიცვლება. იგივე ტრამპის გაურკვეველი პოზიცია, რომელიც ევროპას უკავშირდება...

"ეს ყველაფერი ჯამში ევროპის მდგომარეობას აჩვენებს და ვშიშობ, რომ თუკი ადრე ევროჩინოვნიკები ამ ყველაფერზე თვალს დახუჭავდნენ, ახლა შეიძლება რეკომენდაციების შეუსრულებლობა საბაბადაც კი გამოიყენონ ჩვენი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და პროცესი გზაში გააჭიანურონ.

"რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, თავად რიგითი ევროპელები გაფართოების თვალსაზრისით იმედგაცრუებულნი არიან, თუმცა, მეორე მხრივ, შეშფოთებულნი მიგრანტთა პრობლემებით. ასეთ ვითარებაში კიდევ ახალი ინტეგრაცია ახალი არხია და ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყნებიდან მოსახლეობა ევროპას მიაწყდება. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც პოლიტიკოსები საზოგადოებრივი აზრის მიმართ ძალზედ მგრძნობიარენი არიან, ეს უკვე სულ სხვა რეალობას ქმნის," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას სოსო ცინცაძე და იქვე დასძენს, რომ საზოგადოებრივ აზრს ევროპაში გადამწყვეტი როლი აკისრია.

"ერთია საზოგადოებრივი აზრის გავლენა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში და მეორე ევროპაში, რომელიც სულ სხვანაირად გამოიყურება. ჩვენთან მთავრობამ შეიძლება გვიმტკიცოს, რომ ფასების გაძვირება მოსახლეობის ინტერესშია, მაგრამ ევროპაში არცერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი ამის თქმის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემს. ამით იმის თქმა მსურს, რომ საზოგადოებრივი აზრის როლი იქ სულ სხვაა," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

მისი აზრით, დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპული ენა ისწავლონ და გაიზიარონ, რომ ევროპელების თავაზიანი მიმართვების მიღმა ძალზედ მტკიცე პოზიციები იმალება. ცინცაძის შეფასებით, ახლაც, როცა საუბარი რეკომენდაციებზე და მის შეუსრულებლობაზეა, შესაძლოა ეს ევროჩინოვნიკებმა სხვაგვარად გამოიყენონ.

"ჩვენმა პოლიტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ რეკომენდაცია სულაც არაა ბრძანება, არამედ უბრალოდ კეთილი სურვილებია, რომელსაც გვინდა გავითვალისწინებთ და გვინდა - არა. სამწუხაროდ, საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც რეკომენდაციის შეუსრულებლობას ავტორი იგნორირებას გაუკეთებს. ნებისმიერი შეუსრულებელი რეკომენდაცია ინტეგრაციის პროცესის გაჭიანურებას იწვევს, რომელსაც შესაძლოა ძალზედ არასასურველი შედეგი მოჰყვეს.

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ევროჩინოვნიკებისთვის საბაბადაც კი იქცეს და მომავალში შეუსრულებელი რეკომენდაციები ხელად წინ დაგვიდონ. არავინ დამიწყოს მტკიცება, რომ ეს სხვადასხვა კანტორაა და საერთო აზრს ყურადღებას არავინ აქცევს. ვინც ამას ამბობს, იმან საერთოდ არ იცის, რა არის ევროპა, იქ საერთო ამინდს სწორედაც რომ ასეთი ჯგუფები და საბჭოები ქმნიან.

"ამდენად, ამ რეკომენდაციებს ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აკისრია და კეთილი ინებონ, შეასრულონ. დეგენერატებად ნუ გამოგვიყვანენ, თითქოს არ გვესმის, ვის რა როლი აკისრია. ყველას თავისი ძალა აქვს იმდენად, რამდენადაც მათ საზოგადოებრივ აზრზე დიდი წვდომა აქვთ," - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×