...პერმანენტულად იქნება სავალუტო კრიზისი და ქვეყნის ეკონომიკა ვერ დადგება ფეხზე"
მარიკა გოგოხია
06.12.2016

 წინა კვირას ლარის თავბრუდამხვევი მანევრი ერთ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის დღეს ეროვნულმა ვალუტამ რამდენიმე საათის განმავლობაში არნახული ნახტომი შეასრულა ჯერ გაუფასურების, ხოლო შემდეგ გამყარების მიმართულებით. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ 1-ელ დეკემბერს მოხდა სპეკულაცია და შანტაჟი ბანკების მხრიდან.

პირველ დეკემბერს პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს 3 წევრს - არჩილ მესტვირიშვილს, მურთაზ კიკორიას და რობერტ სინგლეტერს - ამტკიცებდა. ეს ის ხალხია, რომლებიც კომერციული ბანკების ლობისტებად აღიქმებიან. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობის ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი ამ კანდიდატების მიმართ.

დიდი ალბათობით, შეიძლებოდა ამ კანდიდატურების ჩავარდნა, რადგან მათ წინააღმდეგ უმრავლესობის წევრებმაც მკაცრად გაილაშქრეს. ბანკებმა თავისი ბრჭყალები გამოაჩინეს და სავალუტო ბაზარზე არნახული მიწისძვრა მოაწყვეს, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ კომერციული ბანკები, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში მყისვე დაადანაშაულა.

"ის, რაც მოხდა, არის სირცხვილი. ეს იყო ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც ჩვენ დავინახეთ, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. ეს იყო კრიზისის გათამაშება იმ ბანკების მხრიდან, ვინც თანხას აწვდის სავალუტო ჯიხურებს.

სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ მომხდარით, ეს იყო მტაცებლური ნაბიჯი უმსხვილესი მოთამაშეების მხრიდან. თუკი რეგულაცია არ იარსებებს, პროცესი წავა უკუსვლისკენ. ველოდები სახელმწიფოსგან რეაგირებას", - აღნიშნა მან.

ანალიტიკოსი ნოდარ ჭიჭინაძე ვერ ადასტურებს, რა მოხდა რეალურად, თუმცა აღიარებს, რომ ლარის მიმართ ტიპიური სპეკულაციისა და შანტაჟის მომსწრე გახდა.

"დახურული თემაა, რა მოხდა რეალურად, რიგითი ადამიანებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალური პირებისგანაც დამაჯერებელი ახსნა ვერ მოვისმინე. პრობლემა ისაა, რომ სავალუტო კურსის დადგენის არსებული მექანიზმი იძლევა სპეკულაციური გარიგებების საშუალებას და იგი არაფორმალური გავლენის ძალიან დიდ რისკს შეიცავს. ვგულისხმობ იმას, რომ კურსი დგინდება მხოლოდ და მხოლოდ ბანკებს შორის არსებული გარიგებების საფუძველზე, რაც ცხადია, არ არის ეკონომიკის გამოძახილი.

არ მინდა გადაჭარბებულად მივიღო მონაწილეობა ბანკების იმიჯის დაზიანებაში, ისევე, როგორც მათ დაცვაში. თუმცა, იმაში, რაც 1-ელ დეკემბერს მოხდა, კომერციული ბანკების პასუხისმგებლობის საკითხი ნამდვილად არის. სებ-ი არის ინსტიტუტი, ვინც ვალდებულია სპეკულაციისგან დაიცვას ბაზარი, მაგრამ მან არაფერი გააკეთა, თუ არ ჩავთვლით აბსურდულ განცხადებას, რომელსაც მომხდართან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა ჭიჭინაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

შავი ხუთშაბათის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მალევე გააკეთა განმარტება, მაგრამ ისე, რომ ნათქვამს დამაჯერებლობა აშკარად აკლდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქცენტი შექმნილ კვლავ მოსახლეობას დაბრალდა.

"რაც სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი. სამწუხაროდ, ბაზრებს ახასიათებს ასეთი მოვლენა, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. ამიტომ გუშინ განვითარებული მოვლენების შემყურე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შემობრუნებულიყო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სებ-ის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს. ნოდარ ჭიჭინაძის შეფასებით გასარკვევია, თუ რამდენად სწორია მოქმედი კომერციული ბანკის მაღალჩინოსნის ეროვნულ ბანკში ზარზეიმით გადაბარგება.

"სხვა კანდიდატების მიმართ კითხვის ნიშნები ნაკლებადაა. პროფესიულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მოქმედი კომერციული ბანკის მაღალჩინოსნის სებ-ში გადასვლა სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით, კომერციული ბანკის ლობისტის სებ-ში გადასვლა რისკს ნამდვილად შეიცავს და ამას ვერ უარვყოფთ", - აღნიშნავს ჭიჭინაძე.

ის, რომ სავალუტო რყევა ხელოვნურად ხდება, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავაც ადასტურებს. მისი განცხადებით, მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა საქართველოში, მაგრამ არც ადრე და არც ახლა შეფასდა სათანადოდ.

"ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტირებული მსჯელობა, თუ რატომ ვარდება სავალუტო კურსი ასე მყისიერად და ასევე დაუსაბუთებლად რატომ მყარდება. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში სავალუტო კურსის ფორმირება ატარებს მახინჯ, არასაბაზრო ხასიათს. სებ-მა კურსის ფორმირების ისეთი სისტემა შექმნა, სადაც მისი კონტროლი ნულოვანია და არ შეუძლია გააკონტროლოს კომერციული ბანკების ქმედება კურსთან დაკავშირებით, ანუ არ შეუძლია გამორიცხოს კურსის ხელოვნურად მართვის ფაქტები საბანკო სექტორის მხრიდან. ბანკებს შეუძლიათ სავალუტო კურსის ყიდვა-გაყიდვაზე დადონ ერთმანეთს შორის გარიგებები, არ შეასრულონ, თავად მართონ და მიიღონ კურსი, რაც მათ მოცემულ მომენტში სჭირდებათ", - აცხადებს ელიავა და დასძენს, რომ აუცილებელია კურსის ფორმირების მეთოდოლოგიის შეცვლა.

რაც 1 დეკემბერს მოხდა, სებ-მაც და კომერციულმა სექტორმაც გარკად იცის, მაგრამ ხმას არც ერთი არ იღებს. სანამ ქეყანაში არ არის სავალუტო ბაზარი და არსებობს მხოლოდ "ბლუმბერგი", ლარის ბედი ყოველთვის საბანკო სექტორისა და სებ-ის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. სხვანაირად პერმანენტულად იქნება სავალუტო კრიზისი, ლარის ვარდნის პროცესი და ქვეყნის ეკონომიკა ვერ დადგება ფეხზე", - აცხადებს ელიავა.

დიდ სპეკულაციასთან დაკავშირებით პასუხსიმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. იგი არ გამორიცხავს, რომ რაღაც დოზით ბაზარზე ბანკების მიერ გამოწვეული აჟიოტაჟიც იყო.

"პირველ დეკემბერთან დაკავშირებით, ბევრი ამბობს, რომ სპეკულაციური მომენტი იყო, გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ბანკების კლიენტების აჟიოტაჟიც იყო, რამაც შემდეგში დომინოს ეფექტი მიიღო. ბანკებს თუ აქვთ საშუალება, რომ გააკეთონ ფული რაღაც ოპერაციებით, თუნდაც არაკეთილსინდისიერი იყოს, უკან არ დაიხევენ. აქ უფრო სებ-ის პასუხისმგებლობის მომენტია, უნდა შექმნას საბირჟო სისტემა, რომელიც ბანკებს სპეკულაციის საშუალებას არ მისცემს", - აცხადებს ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ სებ-მა უნდა მიიღოს ის მექანიზმი, რაც აქამდე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მუშაობდა.

"ფაქტია, რაღაც კომბინაცია გათამაშდა. რაც უნდა იყოს, ეროვნულმა ბანკმა უნდა მიიღოს ის მექანიზმი, რაც აქამდე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მოქმედებდა და ლარს მკვეთრი რყევებისგან იცავდა. სებ-მა სასწრაფოდ უნდა შეცვალოს მიდგომა. ამას თუ არ გააკეთებს, სულ ასეთ ციებ-ცხელებაში იქნება ლარი", - დასძინა ვახტანგ ხომიზურაშვილი.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე ბოლო დღეებში მომხდარი პროცესების გამო ბიზნესმა ძალიან იზარალა. მისი განცხადებით, მთავრობა დაინტერესებულია, იცოდეს სიმართლე.

"არ ვიცი, რა მოხდა რეალურად, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ იყო მოთხოვნის შოკი, როგორადაც ეს ფაქტი ზოგიერთის მხრიდან შეფასდა. ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ. რეალურად მოხდა მიწოდების დეფიციტი. ბინზესმა და მოსახლეობამაც მტკივნეულად გადაიტანა ეს პროცესი, ჩვენ ძალიან დავზარალდით. მთავრობა დაინტერესებულია, რომ გაირკვეს სიმართლე. მომავალში მმართველი გუნდი სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, სწრაფ და მყისიერ რეაგირებას მოახდენს", - აცხადებს ოქრიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×