საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს.
როგორც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, კარპენტერის ვიზიტი დასტურია იმ სტრატეგიული თანამშრომლობის, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიათ.
"ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან ასპექტებში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევქმნათ საბრძოლო სასწავლო ცენტრი და ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის დონე სწორედ ამ ცენტრის საფუძველზე იქნება ძალიან მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი", - განაცხადა იზორიამ.
"თავდაცვის მინისტრმა ერთიანი საწვრთნელი ცენტრის განვითარება ახსენა. ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, ამ მიმართულებით ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს."ჩვენი მიზანია სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების ჩატარება, რაც ეფუძნება უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს და რომელიც ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაფართოვდა და ინტენსიური გახდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნატოს კონტექსტში მონაწილეობს, მაგრამ ამერიკა საქართველოსთან ორმხრივ ფორმატშიც თანამშრომლობს. ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ქართველი კოლეგების დასახმარებლად.
"ჩვენ ქართულ მხარეს დახმარებას გავუწევთ არა მხოლოდ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიისთვის ქართველი სამხედროების გაწვრთნაში, არამედ კიდევ უფრო მეტ სწავლებას დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.
"ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია. ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერმა.
აღსანიშნავია, რომ ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს. ის ახდენს პრიორიტეტებისა და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩარჩო დოკუმენტი "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმის მხარდამჭერი შეთანხმებაა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შემდგომ განვითარებას.
ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე გაზეთ "რეზონანსს" ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე ესაუბრა.
"საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა ახალ ენერგიას იძენს, განსაკუთრებით გიორგი კვირიკაშვილსა და ჯონ ქერის შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ზუსტად ამ ხელშეკრულების გამოძახილია მაიკლ კარპენტერის ვიზიტი საქართველოში და მისი მხრიდან ახალი წინადადებების ჩამოტანა.
"მისასალმებელია, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მთავარ აქცენტს წვრთნებზე აკეთებს. მე ასევე ვურჩევდი, რომ მეორე პრიორიტეტად განათლება აირჩიოს და თუ შესაძლებელია, ოფიცერთა მთელი დესანტი გადასვას აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში.
"ოღონდ ამ საკითხს განსაკუთრებული კვალიფიციური მიდგომა სჭირდება. წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი დახმარება და ასევე საბიუჯეტო დანახარჯები გავანიავეთ. ასეთი უყაირათობის დრო უნდა დასრულდეს", - აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ერთობლივი, ქართულ-ამერიკული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების იდეა ძალიან მართებულია და ის როგორც საქართველოს, ასევე მის უცხოელ პარტნიორებს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს. მისი არსებობა ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობაზეც პოზიტიურად აისახება.
"სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება სრულიად რეალურად მიმაჩნია. ასეთი ცენტრის შექმნა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც.
"სასწავლო ცენტრის გარდა, იმედია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც განვითარდება, რადგან დღეს ქართულ არმიაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რომლებსაც ძალიან მოკლე ვადებში ესაჭიროება გადაწყვეტა", - მიიჩნევს გენერალი სალუქვაძე.
აღსანიშნავია, რომ მაიკლ კარპენტერის თქმით, აშშ-ის კონგრესმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2017 ფისკალურ წელს თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციას უზრუნველყოფს. აშშ კი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს დახმარებას, რაც ძირითადად კიდევ უფრო მეტ ერთობლივ სწავლებასა და წვრთნებს გულისხმობს.