"ნაციონალურ" მოძრაობაში არსებული განხეთქილების პარალელურად ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები მმართველ გუნდში პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ 4-პუნქტიანი გეგმის გამო პრემიერი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ქუმსიშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც პრემიერ-მინისტრის საგანგებო წერილი მოჰყვა, ერთგვარი თავის მართლებით, რომ "გაჟღერებული ბრალდება სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდულია" და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს.
უფრო მეტიც, განხეთქილებაზე გავრცელებული ცნობის საპასუხოდ პრემიერი ამბობს იმასაც, რომ მცდელობის მიუხედავად, ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში ხელის შეშლას ვერავინ შეძლებს და ყველაფერზე პასუხისმგებელია.
ვინ იყო ხელის შეშლის მცდელობაში ბრალდების ადრესატი, ვინმე გუნდის შიგნით თუ ოპოზიცია, ეს პრემიერს არ დაუკონკრეტებია. თუმცა კვირიკაშვილის ამ პასუხს მოჰყვა ის, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ, გუნდი ერთიანია და არანაირი განხეთქილება არ არსებობს.
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ გაუგებარია, რაში დასჭირდა კვირიკაშვილს ამგვარი განცხადების გაკეთება და ვის გულისხმობდა ის ხელის შეშლის მცდელობაში.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუკი ამტკიცებ, რომ მთავრობა ერთიანია, პლუს საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობ, ხელის შეშლის მცდელობაზე საუბარი კითხვებს აჩენს.
"ჩვენ მაინც განვახორციელებთ გეგმას და ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლისო, ასეთი განცხადების გაკეთება მე ცოტა არ მესმის. როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს და ამტკიცებ, რომ მთავრობა ერთიანია, ხელი ვინ უნდა შეუშალოს და ვის მიმართ კეთდება ეს განცხადებები, ეს გაურკვეველია და კითხვები ჩნდება. თუ ერთმანეთის შიგნით არის გაურკვევლობა, მაშინ ეს უნდა ითქვას. გარედან ვინ უნდა შეუშალოს ხელი, ეს ცოტა არ მესმის. არც ის მგონია, რომ ამ გეგმის რეალიზაციას მყისიერი პროტესტი მოჰყვეს ან ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. სოციალურ პრობლემებზე ჩვენ, როგორც წესი, არ ვრეაგირებთ. ასე რომ, განცხადებები, ჩვენ მაინც განვახორციელებთ, ცოტა უადგილო მეჩვენება და ვერ ვხვდები, ვისი მისამართით არის გაკეთებული," - აღნიშნავს ძაბირაძე.
ის არ გამორიცხავს, რომ 4-პუნქტიანი გეგმის გამო საზოგადოების ნეგატიურმა განწყობამ, შესაძლოა, გარკვეული დისონანსი შეიტანა უკვე მთლიანად მმართველი გუნდის პოზიციებში, მაგრამ არის თუ არა განხეთქილება, ამის თქმა რთულია.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი გუნდის ერთიანობაზე კვირიკაშვილის განცხადებას "დრამატიზმით აღსავსეს" უწოდებს.
"ძნელი სათქმელია, ვის გულისხმობდა. გულისხმობდა გუნდის შიგნით რაღაც დაძაბულობას და ამით აფიქსირებდა, რომ რაც უნდა წინააღმდეგობა იყოს, ის პასუხისმგებლობას იღებს ამ გეგმაზე? ან უკეთეს ვარიანტში გულისხმობდა საექსპერტო წრეებსა და ოპოზიციის მხრიდან აქტიურ სკეპტიციზმს მის გეგმასთან დაკავშირებით? არც მგონია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ეს განცხადება მისი პირადი პრობლემაა. მეჩვენება, რომ ეს განცხადება საკმაოდ იყო აღსავსე დრამატიზმით და ნამდვილად ვუთანაგრძნობ მას, როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას იმიტომ, რომ ბევრისგან განსხვავებით ის ნამდვილად კარგი კაცია," - მიიჩნევს ხუხაშვილი.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ორი დღის წინ "კვირის" პრესკლუბში ისაუბრა 4-პუნქტიანი ეკონომიკური გეგმის გამო კვირიკაშვილსა და ფინანსთა მინისტრ ქუმსიშვილს შორის დაპირისპირების არსებობაზე.
"ჩემი კულუარული ინფორმაციით, ამ ყველაფრის ავტორი იყო დიმიტრი ქუმსიშვილი. ეკონომიკა ხომ აგვიყვავა და ახლა უნდა ფინანსებიც აგვიყვავოს. ასევე მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ სწორედ ამის ფონზე, პრემიერსა და ქუმსიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ ყველაფერზე. ამიტომ გაჩნდა დაპირისპირება. დაპირისპირებაა ასევე მათ გუნდებს შორის, რომლებიც შიდაკულუარულ განხილვებში ერთმანეთზე გადაბრალებით არიან დაკავებულნი," - განაცხადა ვაშაძემ, რომელიც ქუმსიშვილის მიერ გასულ კვირას გამოთქმულ ინიციატივებს აბსურდულსა და გაუმართლებელს უწოდებს.
ვაშაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი საგანგებო წერილით, რომ დაპირისპირება არ არსებობს, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა გუნდის ერთიანი პოზიციითაა შექმნილი, პასუხისმგებლობას იღებს თავად და მიუხედავად მცდელობებისა, მის განხორციელებაში ხელს ვერავინ შეუშლის.
საგულისხმოა, რომ 4-პუნქტიანი გეგმის გარშემო კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის ერთ საკითხზე განსხვავებული ხედვა უკვე დაფიქსირდა.
29 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა კვირიკაშვილმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის 4-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, სადაც ერთ-ერთი საკითხი ონლაინ სესხების გაუქმებას ეხებოდა. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ამზადებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაც საზოგადოების მოთხოვნაა.
თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმავე საღამოს და შემდეგ მეორე დღესაც არაერთხელ თქვა, რომ არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში, საუბარია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს გონივრული ზღვარი და წლიური საპროცენტო განაკვეთი 300, 500 და 1000 პროცენტი არ უნდა იყოს.
მიუხედავად ამისა, გია ხუხაშვილს არ ჰგონია, რომ ხელისუფლების შიგნით ახლა რაიმე ტიპის განხეთქილება და ღია დაპირისპირება იყოს.
"ვერტიკალი დაცულია. ვერტიკალის სათავეში კვირიკაშვილს არ ვგულისხმობ და სათავეში ეს სიტუაცია საკმაოდ კარგად კონტროლდება. მით უმეტეს ეკონომიკაში ალტერნატიული ხედვები ვინმეს ჰქონდეს, არ მგონია. თუმცა შეიძლება ხელისუფლებაში სამომავლოდ აღმოჩნდნენ ინტერეს ჯგუფები, რომლებმაც ეს სიტუაცია, იგივე 4-პუნქტიანი გეგმით საბანკო სფეროში გათვალისწინებული ძალიან საეჭვო კომბინაცია, გამოიყენონ კვირიკაშვილის საწინააღმდეგოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის მიდის. ნებისმიერი ხელისუფლების შიგნით ასეა. თუმცა დღეს რომ მმართველ გუნდში რაღაც დაპირისპირება იყოს, ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ღია ბრძოლას ვგულისხმობ, თორემ თავების მარხვა კი, იცოცხლე, საქართველოში ეს გვეხერხება და "ქართულ ოცნებასაც" არ აკლია ეს "ბედნიერება," - მიიჩნევს ხუხაშვილი.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არის თუ არა რამე დაპირისპირება მმართველ გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ამ 4-პუნქტიანი გეგმის გახმოვანებამ არც თუ პოზიტიური რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და შესაძლოა საზოგადოების ამ გამოხმაურების გამო მმართველ გუნდში გაჩნდა რაღაც დისონანსი.
"ერთია, რას ლაპარაკობენ მმართველი გუნდი, პრემიერი და საპარლამენტო უმრავლესობა და მეორეა, როგორ შეხვდა ამ გეგმის გამოცხადებას მთლიანად საზოგადოება. იქნებოდა ეს ონლაინ სესხთან დაკავშირებით, აქციზების მატებასთან დაკავშირებით, იპოთეკური სესხების ლარიზაციაზე თუ სხვა. მოკლედ, ამ საკითხებს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში. ვერ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოების ამ განწყობამ გარკვეული დისონანსი შეიტანა უკვე მთლიანად გუნდის პოზიციებში, მაგრამ არ მგონია, იმდენად რადიკალური იყოს დაპირისპირება, რომ ამან განხეთქილება გამოიწვიოს. თუმცა ის, რომ დღეს "ქართული ოცნების" ყველა წევრი აცხადებდა, რომ გუნდი ერთიანია და გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და არა ცალკე პიროვნებამ, ეს უკვე კარგი მაგალითია სწორედაც, რომ გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უნდა წავიდეს," - ამბობს ძაბირაძე.
მას მთავრობაში განხეთქილებაზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულად ეჩვენება, რადგან, თუკი ქუმსიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მართლა არსებობს, პრემიერ-მინისტრს მოქმედების მექანიზმი ხელთა აქვს, მარტივად შეუძლია ქუმსიშვილი თანამდებობიდან გაუშვას.
"შესაძლოა რაღაც მცირე უთანხმოება იყო, მაგრამ არ მგონია, ამ ეტაპზე გუნდში პოზიციების მკვეთრი დაპირისპირება იყოს. თუ პრემიერის განცხადება ქუმსიშვილის მიმართ იყო გაკეთებული, მაშინ ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის. ონლაინ სესხებზე პრემიერისა და ქუმსიშვილის განცხადებებს შორის რაღაც რადიკალურ განსხვავებას ვერ ვხედავ, ისეთს, სადაც არ შეიძლება კომპრომისი მოინახოს. თუ დაპირისპირება არსებობს, მაშინ საკითხავია, ვინ შეიმუშავა 4-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც მთავრობა ლაპარაკობს. ქუმსიშვილს არჩევნებამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა, ახლა ფინანსთა მინისტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გეგმის შემუშავებაში მას მონაწილეობა უშუალოდ უნდა მიეღო და პოზიციებიც დაზუსტებულიყო. ამიტომ მგონია, რომ ამ გეგმაზე ერთად არის ნამუშევარი, ნამუშევარი თუ არა, ის შეთანხმებული მაინც არის, ამდენად, არ მგონია, კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირება იყოს და არც ქუმსიშვილის გუნდიდან მოკვეთას ველოდები. თუ ეს მოხდება, მაშინ რეალური მიზეზი სხვა რამეა და არა 4-პუნქტიანი გეგმა. საბოლოოდ მგონია, რომ ონლაინ სესხებსაც არ გააუქმებენ, რეგულაციები დაწესდება. გაუქმება არაფერს არ მოიტანს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმიანობა ჩრდილში გადავა," - დასძენს ძაბირაძე.