საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა 10%-ით შემცირება იწყება და საახალწლოდ ადამიანების სახლში გაშვებას მინისტრების მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია დაერქვა.
უფრო მეტიც, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა ისიც, რომ "ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის უმუშევარი დარჩება".
თუმცა თანამშრომლების გათავისუფლება "ცუდად მუშაობის" გამო მოხდება თუ "ჩვენიანებისთვის" პრიორიტეტების მინიჭებით, ეს კითხვის ნიშნებს უკვე აჩენს. მით უფრო, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე "ფეისბუქში" წერს, რომ სამინისტროში თანამშრომლებს უკანონოდ ათავისუფლებენ და ახალი ხელმძღვანელობა არა "ცუდად მომუშავეებს", არამედ კონკურსით დანიშნულ ადამიანებს აიძულებს სამსახურის დატოვებას.
"სამინისტროში სიბნელე ისადგურებს - ესაა მძიმე რეალობა. განვმარტავ: ნოემბრის ბოლოს სამინისტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც, პირველ რიგში, მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და, ასევე, უფრო დაბალ თანამდებობებზე დასაქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება, დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები! ანუ, სახეზეა სრული კატასტროფა - ფაქტი, რომლის მსგავსიც არც ერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ", - წერს "ფეისბუქში" რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე და იქვე აანონსებს, რომ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოიყენებს.
ვის დატოვებს "ოცნება" უმუშევრად
რამდენიმე მინისტრმა თანამშრომლების სახლში გაშვებაზე საჯარო განცხადება უკვე გააკეთა. მათი თქმით, ხალხის შემცირება, ეს არის ოპტიმიზაცია და იმ 4-პუნქტიანი ეკონომიკური გეგმის ნაწილი, რომელიც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოგვიდგინა და რომლის მიხედვით სამინისტროებმა ბიუროკრატიული ხარჯები 10%-ით უნდა შეამციროს.
პირველად ხალხის სახლში გაშვებაზე განცხადება განათლების მინისტრმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ იგეგმება თანამშრომლების გაშვება როგორც სამინისტროდან, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებიდანაც და რამდენიმე დეპარტამენტიც შეიძლება გაუქმდეს. მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ "ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის უმუშევარი დარჩება".
"ჩვენ ყველას ერთიანი პოზიცია გვაქვს. პასუხს ვაგებთ მთლიანად მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე. რაც უკვე გაცხადებულია, ჩვენ ათი პროცენტით ნაკლებს დავხარჯავთ. აქ რამდენიმე მილიონზეა საუბარი, ჩვენი წილი აქედან 27 მილიონის მიდამოებში იქნება. ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, უნდა გავათავისუფლოთ", - აღნიშნა მინისტრმა, რომლის განმარტებითაც, დაახლოებით ერთ კვირაში კონკრეტული გადაწყვეტილებები ექნებათ.
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სამინისტროში სისტემური და სტრუქტურული ოპტიმიზაცია განხორციელდება და გაუქმდება რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლი. თანამშრომლების 10%-ის გათავისუფლების რესურსი გამოძებნა გარემოს დაცვის მინისტრმაც.
გიგლა აგულაშვილის თქმით, "ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოში და სამუშაო ადგილები კერძო სექტორში უნდა გაზარდონ".
"რაოდენობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსების 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ", - აცხადებს აგულაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით, მათ შორის ადამიანური რესურსების შემცირება მოუწევს. უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილებას უშუალოდ სამინისტროები მიიღებენ.
ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ვალდებულება კი ეხება ყველა უწყებას, ძალოვანების გარდა. საბოლოო ჯამში, საუბარია დაახლოებით ასი მილიონი ლარით ხარჯების შემცირებაზე.
როგორც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, ხარჯების შემცირება დაანონსებულია და თუ რა მიმართულებით შემცირდება დანახარჯი, ამას უკვე თავად კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელები გადაწყვეტენ.
რაც შეეხება კადრების შემცირების საკითხს, ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ხარჯების შემცირების მიზნით "ადამიანების სამსახურიდან გაშვება არის ყველაზე ბოლო მიმართულება".
"სად გადანაწილდება ადამიანების უბედურებაზე დაზოგილი ხარჯი?"
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილის თქმით, ადამიანების სახლში გაშვება და უამრავი ადამიანის უბედურებაზე წარმოჩენილი ოპტიმიზაცია "ვერაფერ სიკეთეს მოუტანს დღევანდელ მთავრობას".
ასე ჯგუფ-ჯგუფად გამოყრილი ადამიანები აუცილებად იჩივლებენ და წინ შფოთიანი ხანგრძლივი პროცესები გველის.
ექსპერტის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მრავალფეროვანი თემაა და დაგეგმილი 10%-იანი ოპტიმიზაცია პრემიების, დანამატებისა და მივლინებების შემცირებითაც იყო შესაძლებელი, მაგრამ მინისტრებმა დავალების შესასრულებლად მარტივი გზა აირჩიეს და ეს ნიშნავს იმას, რომ პრემიები და დანამატები რჩება იმ 90%-ისთვის, მაშინ როცა 10% სამსახურში აღარ იქნება.
"მკაფიო და გამჭირვალე უნდა გახდეს ის, თუ რა ნიშნით შეირჩევა ის 10%, რომელიც უმუშევართა დიდი არმიის კიდევ უფრო გამამდიდრებელი უნდა გახდეს. ეს ჯგუფ-ჯგუფად სამსახურიდან გამოყრილ ადამიანები სასამართლოებში საჩივარს შეიტანენ და იქნება შფოთიანი ხანგრძლივი პროცესი, რაც აუცილებლად დააკნინებს ამა თუ იმ სტრუქტურის მარგი ქმედების კოეფიციენტსაც.
"უნდა ველოდოთ, რომ მომავალი წლის დასაწისში სამინისტროებში ძირითადი თემა იქნება იმის მუდმივი გარჩევა - რატომ ის და არა ეს. ამიტომაც, იქნებ მთლიანი სახელფასო ფონდი, ნაცვლად 90%-ისა 100%-ზე გადანაწილებულიყო. არ ვგულისხმობ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებს, როდესაც რომელიმე სახელმწიფო მოხელე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე მართლაც შეუფერებელია ამა თუ იმ სამინისტროსთვის", - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
ის ასევე აკრიტიკებს ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას და ამბობს, რომ მინისტრის მხრიდან იმის თქმა, ვინც კარგად არ მუშაობს, ის ყოველთვის უმუშევარი დარჩება, ეს სამართლიანობის ნიმუში არ არის, რადგან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში შტატები მხოლოდ იმის გამო გაორმაგდა, რომ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი აქტივისტები დაესაქმებინა და მათი კვალიფიკაციით არავინ დაინტერესებულა.
"კეთილი ინებონ და ის შტატები, რომელიც რაიონების საჯარო სამსახურებში გააორმაგეს, იქ აღადგინონ ის, რაც წინა წლებში არსებობდა. მათ სწორედ იმიტომ არ ეხებიან, რომ დიახ, ნეპოტიზმის საფუძველზე იყო დაკომპლექტებული ეს გაორმაგებული შტატები", - ამბობს ცისკარიშვილი და მიანიშნებს იმაზე, რომ სამინისტროებში დაანონსებულ შემცირებებშიც შესაძლოა გამოიკვეთოს ნეპოტიზმის ტენდენცია - სამსახურში დატოვება არა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდეს, არამედ ნათესავ-ახლობლობის თუ აქტივისტობის ნიშნით.
ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ასე ჯგუფ-ჯგუფად ადამიანების გათავისუფლება ხდება, მინისტრმა სამსახურში დარჩენის კრიტერიუმები უნდა გამოაქვეყნოს, უნდა ჩატარდეს კონკურსები და ვინც უკეთეს შედეგს მიაღწევს, ის დარჩეს სამსახურში.
გარდა ამისა, სამინისტროებმა უნდა წარმოაჩინონ, "შემცირებული ადამიანების უბედურებაზე დაზოგილი ხარჯები სად გადანაწილდება და რა სიკეთეს მოიტანს".
"მორიგი სულელური "ქამრების შემოჭერა"
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 10%-იან შემცირებაზე საუბარს განათლების მინისტრის განცხადების კომენტარით იწყებს.
"შეიძლება მისი კომენტარი ადამიანმა გაიზიაროს, მაგრამ მიჩნდება კითხვა: მაშინ რატომ მუშაობს ჯეჯელავა? ამ საზოგადოების უმეტესობას მიაჩნია, რომ ის ცუდად მუშაობს და მისივე პრინციპებით ის უმუშევარი უნდა იყოს, ამ დროს კი რატომღაც მინისტრია", - მიიჩნევს ხუხაშვილი, ამ დაანონსებულ შემცირებას კი მორიგ სულელურ "ქამრების მოჭერის" კამპანიას უწოდებს.
ხუხაშვილის თქმით, ოპტიმიზაციის სახელით ასეთი კამპანიური შემცირება აბსოლუტური აბსურდია და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან თუ ეს ადამიანები სჭირდებათ და მაინც უშვებენ, იმიტომ რომ ასეთი ვალდებულება აიღეს, ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება დაზიანდეს და მაშინ რატომ უშვებენ?
ხოლო თუ ეს ადამიანები არ სჭირდებოდათ, "მაშინ დღემდე რატომ მუშაობდნენ ასეთი უსაქმურები".
"ყველა ხელისუფლება, როდესაც რაღაც სოციალური რისკები გაუჩნდებოდა, სხვადასხვა ფორმებით ე.წ. ქამრების მოჭერის კამპანიას იწყებდა და ეს არის მორიგი სისულელე, რომელიც წარმატებით არასდროს დასრულებულა. იმიტომ რომ, 10 კაცს გაუშვებენ დღეს და რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც პრობლემებს გადააგორებენ სხვადასხვა ვალდებულებების გამო 30-ს მიიღებენ.
"ასეთი კამპანიური ხასიათის შემცირებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. თუ გქონდა საშუალება ადამიანები 10%-ით შეგემცირებინა, მაშინ ეს ადამიანები დღემდე რატომ მუშაობენ? გათავისუფლებაზე არ უნდა იყოს საუბარი, საერთოდ დანიშვნა არ უნდა ხდებოდეს და რატომ ხდებოდა ეს? ან რატომ 10%, ზოგან შეიძლება შემცირება 20% იყოს საჭირო, ზოგან - 5%. ეს ყველგან 10% საიდან მოიგონეს? იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ სკეპტიკურად ვუყურებ.
"შემდეგ მივლენ და პრემიერს პატაკს ჩააბარებენ, 10%-ით შევამცირეთო. ჩნდება კითხვა, როგორ ყველგან 10% იყო უსაქმური? ეს არის სისულელე, რომელიც არაფერთან არ მოგვიყვანს", - აღნიშნავს ხუხაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში სოციალური რისკები ისედაც მაღალია და ამ შემცირებებით კიდევ ახალი რისკები დაემატება.
"ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება პრინციპების მიმართ. რადგან როდესაც მექანიკურად ათავისუფლებ ადამიანებს, იქ ლობისტური ჯგუფები იწყებენ მუშაობას, ნეპოტიზმის პრეცედენტები ჩნდება და ა.შ. ამას კი ბუნებრივია საპროტესტო ტალღა მოჰყვება.
"ამიტომ ყველა უწყებაში ყოველთვის იმდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს, რამდენიც საჭიროა, ხოლო თუ ხარჯების ოპტიმიზაცია უნდათ, სხვადასხვა ფორმა არსებობს, იგივე საწვავის ხარჯები, მივლინებების ხარჯები თუ სხვადასხვა წარმომადგენლობითი ხარჯები შეიძლება შეამცირო", - ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის განცხადებით, იგივე, თუნდაც მრჩევლის ინსტიტუტი, უსაქმურების დასასაქმებელი ადგილებია, ასევე გაუგებარია ზოგიერთი სამინისტროს არსებობაც და თუ მთავრობას ოპტიმიზაცია სურს, ის ზემოდან უნდა დაიწყოს.
"ახლა ბოლოს სკანდალია ატეხილი სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილის მიმართ, რომელიც ჩემი აზრითაც ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია, მაგრამ მას 88 მრჩეველზე განმარტება უნდა გაეკეთებინა. ასევე რატომ გვაქვს უაზრო სამინისტროები, ევროინტეგრაციის და შერიგების სამინისტროები?
"თუ ოპტიმიზაციაზე ლაპარაკობენ, ის ზემოდან უნდა დაიწყონ და არა ქვემოდან, ასე ვთქვათ დაბალი ღობის სახლში გაშვებით, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა გაუჩინონ", - დასძენს ხუხაშვილი.