გუშინ ევროპარლამეტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (დშიუ) კომიტეტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შეთანხმებულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტმა (კორეპერმა) დაადასტურა ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის რეგულაციაზე. ეს "გარღვევა" გზას უხსნის საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას.
ევროკავშირის ინსტიტუციათა შორის მიღწეულმა კომპრომისმა საყოველთაო ეიფორია გამოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა "ტვიტერში" ჩანაწერი წართულ ენაზეც კი გამოაქვეყნა. "შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია", - დაწერა დონალდ ტუსკმა.
შეთანხმებას ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი და იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო არ გააჭინაურებს გადაწყვეტილების მიღებას: "საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ეს ევროპარლამენტის მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოა. სექტემბრიდან ევროპარლამენტი მზადაა შეათანხმოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოველით, რომ ევროსაბჭო არ გააჭიანურებს გადაწყვეტილების მიღებას".
თავისი მხარდაჭერა გამოხატა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ: "ვიზელიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი შეთანხმებულია. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ბოლო ეტაპის დასრულებას".
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ასევე მიესალმა შეთანხმაბას: "მივესალმები დღევანდელ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც მათ დაიმსახურეს".
ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარის, მანფრედ ვებერის აზრით კი, ამ შეთანხმებით ევროპამ შეასრულა თავისი დანაპირები.
"შეჩერების მექანიზმის შესახებ მიღწეული შეთანხმება დიდი წარმატებაა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფისთვის. საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლა ახლა შესაძლებელია. ევროპა ასრულებს დანაპირებს", - დაწერა პოლიტიკოსმა თავის ოფიციალურ ტვიტერში.
სლოვაკეთის, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის რობერტ კალინაკის აზრით, შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს შემდგომ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებზე სხვა ქვეყნებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი დარწმუნებულია, რომ ვიზების გაუქმებისათვის ყველანაირი პოლიტიკური წინააღმდეგობა მოხსნილია.
"ეს საკითხი უკვე აღარაა პოლიტიკური, იგი ტექნიკურია და მხოლოდ კენჭისყრის ორგანიზებას უკავშირდება", - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
მისი აზრით, თუ კენჭისყრის გამართვა მომავალ კვირას ვერ მოესწრება, პროცედურები აუცილებლად დასრულდება მომავალი წლის იანვარში, ევროპარლამენტის პირველსავე სასესიო კვირის განმავლობაში, რომელიც 15-19 იანვარსაა ჩანიშნული.
უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით პესიმისტურადაა განწყობილი ლიტველი ევროპარლამენტარი პიატრას აუშტრიავიჩუსი.
მისი აზრით, საქართველოსთან მიმართებაში ყველაფერი ნათელია და ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა მიერ გაცემული მანდატის შესაბამისად, საქართველომ უვიზო მიმოსვლა შეწყვეტის მექანიზმის მიღების შემდეგ ავტომატურად უნდა მიიღოს, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინის შესახებ.
არსებულ მანდატში გამოყენებულია ბუნდოვანი ფორმულირებები, რაც იმას მიანიშნებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. შესაბამისად, უკრაინის შესახებ კენჭისყრა შესაძლებელია თებერვალში, მარტში, აპრილში ან სულაც მოგვიანებით ჩატარდეს.
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ მას ხშირად ესმის ევროპის დიდი ქვეყნების წარმომადგენელთა არგუმენტები იმის შესახებ, რომ არაა საჭირო აჩქარება, ჯერ კიდევ სანახავია, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, გაურკვეველი სიტუაციაა, მიგრაციაა.
"დღეს ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები სათაურებით, რომ ევროპა კარს უხსნის 50 მილიონ უკრაინელსა და ქართველს, ბადებს პანიკასა და გაურკვევლობას, დიდი ზეწოლას ახდენს ევროპელ პოლიტიკოსებზე", - მიაჩნია პიატრას აუშტრიავიჩუსს.
ევროპარლმენტში საქართველოსა და უკრაინის საქმეზე მომხსენებელი, "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი მარია გაბრიელი "ტვიტერში" ასე გამოეხმაურა კომიტეტში მიღებულ გადაწყვეტილებას: "შეთანხმება შეჩერების მექანიზმზე ძალიან კარგი სიახლეა! შემდეგ კვირას დავიწყებთ სამმხრივ მოლაპარაკებას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოსთან".
ასევე, მან განაცხადა, რომ უკვე მიმართა სლოვაკეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელს, ელჩს, რათა ასევე მომავალ კვირას უკრაინის შესახებაც დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკება, რათა პროცესი იანვარში პარლამენტში კერჭისყრით დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოში ასევე უნდა იქნეს მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.