გაისად ლარს დიდი განსაცდელი ელის. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების პოლიტიკა ერთმანეთს ერთი ერთში დაემსგავსა - ნებით თუ უნებლიეთ, აუფასურებენ ლარს, რაც საბოლოოდ ეროვნული ვალუტისთვის დამანგრეველი შედეგით დასრულდება. სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ლარის გაცვლითი კურსისთვის მომავალ წელს ზღვარი არ იარსებებს. უკეთეს შემთხვევაში კი, დოლარის მიმართ კურსი 2,80-მდე გაუფასურდება, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც.
ფაქტია, რომ ხელისუფლებას და სებ-ს ლარზე კონტროლი დაკარგული აქვთ. საბანკო სფეროს სპეციალისტები ერთხმად აცხდებენ, რომ ლარის დევალვაცია 2017 წელს კიდევ გაგრძელდება, რადგან ასეთია წინაპირობა. მთავრობის მიერ შემუშავებულ "ლარიზაციის" პროექტს ექსპრეტთა წრეებში უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც კურსზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. პირიქით, როგორც თსუ-ს პროფესორი, ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, მთავრობის მიერ გამოცხადებული "ლარიზაციის" პროგრამა ეროვნული ვალუტის გაუფასურებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ზოგადად შესაძლებელია ლარიზაციიის მიღწევა, რომ ლარის კურსის და ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის მართვის უკეთესი საშუალება გაგვაჩნდეს. დღესდღეობით კურსი არა საბაზრო პირობებზე, არამედ რამდენიმე ბანკის ვაჭრობის შედეგზეა დამოკიდებული. ლარი ყოველდღიური ტემპით უფასურდება და ამ დროს არც მთავრობა და არც სებ-ი განცხადებასაც არ აკეთებენ, ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. მეტიც, სებ-ი ინტერვენციის ინსტრუმენტების გამოყენებასაც შეეშვა, ფაქტობრივად, ყველაფერზე ხელი დაიბანა.
მთავრობის განცხადებები კი გაცვლითი კურსის გამყარების საწინააღმდეგოდაა მიმართული. ცხადია, ეს არ უნდა მივიღოთ ისე, თითქოს ლარს ებრძვიან, მაგრამ მათ აირჩიეს არასწორი გზა, რომლითაც სასურველ შედეგებამდე ვერ მივალთ. ეს იმიტომ, რომ შემაკავებელი ინსტრუმენტები ლარის გაუფასურებისთვის არ ჩანს", - აცახდებს ჭარაია. მისი თქმით, ლარის კურსის დადგენის ისეთი მექაზნიმს, როგორიც "ბლუმბერგია", სასწრაფოდ შეცვლა სჭირდება.
"ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა "ბლუმბერგზე", რა კურსი ფიქსირდება ელექტრონული გარიგების დროს, რამდენი ივაჭრეს და სხვა. ეს ნიშნავს, რომ კურსის ფორმირების მექანიზმი შესაცვლელია და ეს არის უდავო.
ვწუხვარ, რომ ლარის გამყარების პერსპექტივა ახლო მომავალში არ ჩანს, არც მომავალ წელს. ის, რომ თუნდაც დღევანდელი კურსი გაისად შენარჩუნდეს, რეალობას მოკლებულია. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ნორმალური და სტაბილური გაცვლითი კურსის ჩამოყალიბების შანსი გვექნება უფრო მეტად, თუკი მთავრობისა და სებ-ის ერთობლივი მიდგომა შეიცვლება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ ჭარაიამ.
ექსტერტები მთავრობასა და სებ-ს დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტის შემცირებისკენ მოუწოდებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით უნდა ებრძოლონ მიზეზს, რამაც ლარის კატასტროფული გაუფასურება გამოიწვია. საბანკო სფეროს წამყვანი სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ახალი წონასწორული კურსის დადგენისთვის გაცილებით სხვა ღონისძიებებია გასატარებელი, ვიდრე ეს შეიძლება ე.წ. ლარიზაციის პროექტი იყოს.
"მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამოქმედო გეგმაში რამდენიმე ისეთი პუნქტია, რომელიც ეროვნული ბანკის სადღეგრძელოებს ჰგავს. აქ რომ იყოს განსაზღვრული, როგორ იქნება დოლარიზაციის მართვა, რომელიც 70%-ს გაცდა უკვე ან სხვა საჭირო ღონისძიებები, მეტ ოპტმიზმს გამოვიჩენდი, მაგრამ ამის ნიშნების არ გვაქვს. საჭიროა გვქონდეს ლარის გამყარებისკენ მიმართული გრძელვადიანი გეგმა, რაც არ არსებობს.
წლების წინ ვაფრთხილებდი ეროვნული ბანკს, რომ დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი პრობლემას შექმნიდა. დოლარის სიჭარბემ ეროვნული ვალუტა, პრაქტიკულად, გამოდევნა საბანკო არხების მიმოქცევიდან და მხოლოდ "ქეშის" ფუნქცია დაუტოვა. სამწუხაროდ, ჩვენი საგადასახდელო ბალანსი არ იძლევა სრული ანალიზის საფუძველს, ეს არის ერთ-ერთი სარკე, საიდანაც შეიძლება კურსის მერყეობის მიზეზი დადგინდეს.
დოლარიზაციის პრობლემა 2005 წლიდან მოდის, მაგრამ აქამდე დამალული იყო იმით, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო უცხოური ვალუტის დიდი შემოდინებას. სებ-მა ეს პროცესები ისე გაატარა, რომ ვერ მიხვდა რასთან ჰქონდა საქმე", - აცხადებს კაპანაძე.
მისი განმარტებით, 2008 წლის შემდეგ მიღებულმა 4,5-მილიარდიანმა საერთაშორისო დახმარებამ ლარის გაუფასურების პროცესი გადაავადა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინანსური ნაკადები შეწყდა, კურსის დევალვაცია გარდაუვალი გახდა.
"რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწაფი ეკონომიკური ზრდა ლარის გაუფასურების პროცესს უფრო დააჩქარებს, რადგან იგი მეტ დოლარს მოითხოვს. ისეთი სიტუაციაა, რომ სერიოზულ კატაკლიზმამდე შეიძლება მივიდეთ, თუკი სახელმწიფო, სებ-ი და კომერციული ბანკები ლარის კურსის საკეთილდღეოდ რამე შეთანხმებას არ მიაღწევენ. თუ "აფეთქდება" ინფლაცია, რის საფრთხეც დიდია, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეექმება საფრთხე, რასაც ქვეყანა ვერ გაუძლებს.
ფაქტობრივად, 2008 წლის წინა პერიოდის დონეს ვუბრუნდებით. ასე თუ გაგრძელდება, 2,80-მდე თავისუფლად მივა კურსი გაისად, ესეც უკეთეს შემთხვევაში, რადგან, შესაძლოა, ინერციით გაგრძელდეს ლარის გაუფასურება, ზღვარს ვერ ვხედავ ამ პროცესებისთვის", - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.
ამდენად, ეკონომისტთა და ფინანსისტთა წრეში ლარის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი თითქმის არ არის. უკეთესობას ვერც საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ხედავს, რომელიც ასევე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს.
"არაკომპეტენტურობა იგრძნობა და ეს ეროვნულ ვალუტაზე სამომავლოდაც უარყოფით გავლენას მოახდენს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი საეჭვოა. თუ აქამდე გვყავდა ქადაგიძე, რომელიც ნაცმოძრაობას ემორჩილებოდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ არა უკთესობისკენ: დღეს ჩვენ გვყავს გვენეტაძე, რომელიც "ოცნების" მორჩილია. ცხადია, ერთიც ცუდია და მეორეც. სებ-ი დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს.
ლარის კურსს, უმეტესწილად, სუბიექტური ფაქტორები განსაზღვრავს. არ მინდა, ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ როდესაც არის დეფიციტური ხარჯვა და მიმდინარე ბალანსი უარყოფითია, როცა მთავრობის მიმართ ნდობა არ არის, ეს იწვევს გაუფასურებას. ლარის კურსი დღეს ამ ნდობის გამომხატველია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ.