"ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელია განსაკუთრებული მოთხოვნის შემოღება"
თაკო მათეშვილი
13.12.2016

 ვინაიდან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეობას ორმაგად მომხიბვლელს ხდის, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი მთავრობისაგან მოქალაქეობის გაცემის გართულებას მოითხოვს.

ქართული პასპორტი, მათი აზრით, არა მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის გახდება მიმზიდველი, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც, რომელთაც ამ მომენტისათვის ევროპაში მოგზაურობა არ შეუძლიათ.

შესაბამისად, ელიან, რომ ქართულ პასპორტს ბევრი აიღებს და მათ შორის ისიეთებიც იქნებიან, ვინც მისით არაკეთილსინდისიერად ისარგებლებს. აქ კი სპეციალისტები უკვე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ლოდინისა და იმედის გადაწურვის შემდეგ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ამის პარალელურად, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად პროცედურების გართულებას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს. მისი თქმით, ბევრი წავაგეთ იმით, რომ მოქალაქეობა წინა ხელისუფლების პირობებში "ასე უაზროდ ვარიგეთ". განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მათი გარკვეული ნაწილი ეთნიკური ქართველი იყო, მაგალითად ირანიდან, სპეციალისტის აზრით, ამან მაინც დაღი დაასვა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას და ხშირადაც გვაყვედრიან ხოლმე.ახლა კი, არეშიძე ამბობს, რომ ამ საკითხს ბევრად უფრო გონიერი და პრაგმატული მიდგომა სჭირდება, რათა ხელი არ შეგვეშალოს - "შეცდომა თუ დავუშვით, უვიზო რეჟიმს შეგვიჩერებენ", - დასძენს იგი.

ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციით ჩვეულებრივ ისარგებლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ის ადამიანები, რომელთაც ქართული პასპორტი აქვთ. თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთების რიცხვი ძალიან ცოტაა.

არეშიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ქართულ პირადობის მოწმობასა და პასპორტს ერთმანეთში ურევენ, რეალობა კი ასეთია - პირადობის მოწობა ბევრად მეტს აქვს, პასპორტი კი-ცოტას. პირადობის მოწმობა, სპეციალისტის თქმით, მათ საქართველოში სამედიცინო მომსახურების მისაღებად სჭირდებოდათ.

"ამისათვის მათ იქ თავიდან პრობლემებიც ექმნებოდათ, მაგრამ შემდგომ ამას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეგნებულად წაუყრუა. რუსლან ქიშმარია - ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მკურნალობდა აქ სამი თვის განმავლობაში და ვის რა უნდა ეთქვა? ბევრი აფხაზი მაღალჩინოსნის შვილიც ჩამოდის აქ სამკურნალოდ. ასე რომ, ამას პრობლემად აღარ აღიქვამენ, ვითომ არ არსებობს.

"იმედია, მათი მხრიდან ქართულ პასპორტზეც გაიზრდება მოთხოვნა. ამას დაჟინებით ნუ ვიტყვით, მაგრამ იმედია, ასე იქნება. ოღონდ აქაც გონივრულად მოქცევა გვმართებს. აქაც არ იქნება სწორი, თუ პასპორტების გაცემა მასობრივად, გარკვეული გეგმის გარეშე დავიწყეთ.

"ქართულ პასპორტს თავისი წონა და ხიბლი უნდა ჰქონდეს. რასაკვირველია, ამ მხრივ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ყველაფერს მაინც გეგმა სჭირდება", - აცხადებს არეშიძე.

მოქალაქეობის გამცემის წესის გამკაცრებას ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ლოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნის შემოღება მოსალოდნელია. არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურებში ამასთან დაკავშირებით რამე მექანიზმი ჩადებული იყოს.

აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომ უვიზო რეჟიმი ბოროტად არცერთი ქვეყნის მიერ არ იქნება გამოყენებული. ამისათვის, ცქიტიშვილის აზრით, ევროპელები ყველაფერს იზამენ და თუ შეატყობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ვეღარ ექვემდებარება, მაშინ შეჩერების მექანიზმსაც აამოქმედებენ.

იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გასულ წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღება ადვილი იყო და დასძენს, რომ ეს რომ მართლაც ასეთი ადვილი ყოფილიყო და ამით ბევრ საეჭვო ადამიანს ესარგებლა, ევროკავშირი ამ ყველაფრის გამკაცრებას იმთავითვე მოითხოვდა.

"რადგან ეს საკითხი არ დააყენეს, ე.ი. არ თვლიან, რომ ეს ასეთი გაადვილებულია. მეორე მხრივ, არც ორმაგი მოქალაქეობაა მთლად ადვილი პროცედურა. ამის მსურველმა პრეზიდენტის აპარატი და უსაფრთხოების პროცედურები უნდა გაიაროს. ასე რომ, არ მგონია, ეს პროცედურა ადვილი ყოფილიყო.

"თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ჩვენი მთავრობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს პასპორტის მიღება შესთავაზოს.

"აქ შეიძლება გარკვეული რისკები იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში ახალმა ჩასახლებულმა ადამიანებმა გარკვეული პრივილეგიები მიიღონ და ეს ტერიტორიები ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად გამოიყენონ. საუბარი მაქვს არა 1992 წლამდე აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ბოლო წლებში ჩასახლებულებზე. აქ ალბათ გარკვეული ზომები მისაღები იქნება, აუცილებელი", - ამბობს სპეციალისტი.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია აფხაზებშიც იქნება ქართული პასპორტების აღების მასტიმულირებელი.

"აფხაზებისათვის, რომელთაც აქამდე ჩვენთან მკურნალობა, ან პირადობის მოწმობის აღება არ უთაკილიათ, ალბათ არც ქართული პასპორტის აღება იქნება პრობლემა. ვგულისხმობ არა ტექნიკური, არამედ მორალური თვალსაზრისით.

"ბევრი იქ მცხოვრები, რა თქმა უნდა, ქართული პასპორტის აღებას არ მოინდომებს იმის გამო, რომ მტრებად მივაჩნივართ. მათ ურჩევნიათ რუსეთის გავლით მოხვდნენ სხვაგან. ასე რომ, პასპორტებთან მიმართებაში უვიზო რეჟიმი მაინცადამაინც ვერ შეცვლის ვითარებას", - დასძენს ცქიტიშვილი.

"საქართველოს მოქალაქეობაზე მოთხოვნის გაზრდას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ელის. ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რასაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში დააყენებს, აღნიშნული პროცედურის გამკაცრება იქნება.

იგი ამას ბუნებრივს უწოდებს, რადგან არაა გამორიცხული, "მესამე სამყაროს" ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეობით დაინტერესება გაიზარდოს, რათა შენგენის ზონაში ქართული პასპორტით შეაღწიონ.

მისივე თქმით, ბუნებრივია, ევროპის ქვეყნების საზღვრებზე კონტროლიც გამკაცრდება და საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ იქაურების დარწმუნება, რომ დათქმულ ვადებში ქვეყანაში დაბრუნებას ნამდვილად აპირებენ. თუნდაც უკან დასაბრუნებელი ბილეთის წარდგენა მოუწევთ და ა.შ.

"ქართული პასპორტის აღების სტიმული, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებშიც გაჩნდება. მოგეხსენებათ, იაქაური პასპორტებით მათ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლიათ მოგზაურობა. შენგენის ზონის ქვეყნებში წასვლის შესაძლებლობა კი მათთვის მნიშვნელოვანია", - დასძენს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×