იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს, რის საპასუხოდაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სიმართლე არ არის და ამის თქმა არასერიოზულია.
ერთი, რომ არსად არ წერია კონკრეტული რიცხვი, რის მიხედვითაც შეიძლება თქვა, დარღვევის რაოდენობის დასაშვები მაქსიმუმი რამდენია და მეორეც, ამდენი წლის ნამუშევარი ასე იოლად ვერ გაუქმდება.
"რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილის თქმით, დარღვევის 10-20 შემთხვევა დღესაც თითქმის ყოველდღიურად ხდება და ამის გამო არაფერი არ მოხდება, წულუკიანის განცხადება კი "პოეტურად არის ნათქვამი".
"ასე ვთქვათ, ეს პოეტურად არის ნათქვამი, სინამდვილეში რიცხვები სულ სხვანაირად არის და სხვა რეგულაცია იქნება. როდესაც შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტი მიიღებს, ის ქართულადაც გამოქვეყნდება და ყველამ უნდა შეისწავლოს, რა შემთხვევაში რა ხდება. 10-20 შემთხვევის გამო არაფერი არ მოხდება. 10-20 შემთხვევა ახლა ხდება თითქმის ყოველდღე. შეიძლება ის დღეში გულისხმობდა. ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ვიცი ის, რომ ამდენი წლის ნამუშევარი ასე იოლად ვერ გაუქმდება," - აღნიშნავს ბერძენიშვილი."20, 30 ან 200 ადამიანის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევა საქართველოსთვის რას გამოიწვევს, ამის თქმა არ არის სერიოზული," - ამბობს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე: " - არსად არ არის განსაზღვრული სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების რაოდენობის მაქსიმალური ზღვარი, ეს იქნება 10, 20 თუ 200. აქიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია ვარაუდებზე საუბარი. ჩანაწერში წერია - "საგრძნობი ზრდა". ამ შემთხვევაში ეს ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე წევრ ქვეყნებს. ვისთვის რა ითვლება "საგრძნობლად", ეს ძალიან ინდივიდუალურია. აქიდან გამომდინარე, რომ 20, 30 ან 200 ადამიანის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევა საქართველოსთვის რას გამოიწვევს, ამის თქმა არ არის სერიოზული."
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროპარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ახალი ვარიანტი მიიღეს. ეს დოკუმენტი არის ბერკეტი, რომლითაც შენგენის ზონის ქვეყნები დარღვევის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ.
დოკუმენტში წერია, რომ უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება: თუ საგრძნობლად მოიმატებს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა; თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 90 დღეზე მეტად დარჩებიან შენგენის ზონის ქვეყნებში; თუ შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო საზღვრის გადაკვეთაზე უარს საგრძნობლად ბევრს ეტყვიან; თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლის შემთხვევები; თუ ქვეყანა არ ითანამშრომლებს რეადმისიის, არალეგალი მიგრანტების დაბრუნების საკითხში; ასევე, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება.
არსად დოკუმენტში მითითებული არ არის, რა რაოდენობა ითვლება "საგრძნობლად გაზრდილ" დარღვევად. არც ის არის განმარტებული, რას იგულისხმება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხედ.
თუმცა ვარაუდია, რომ თუ საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტები შეაღწევენ, ან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ძარცვა-ყაჩაღობის ფაქტების ზრდა მოხდება, დიდი ალბათობაა, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. მით უფრო, რომ საფრანგეთი და გერმანია გაზაფხულზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დასაბლოკად სწორედ ქართველი კრიმინალების მაღალ მაჩვენებელს ასახელებდნენ არგუმენტად.
ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ევროკავშირის სახელმწიფოებს, ასევე გააჩნია იმასაც, ვინ იქნება დამრღვევი 20 ადამიანი: "თუ ისინი შეუქმნიან საფრთხეს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას და წესრიგს, მაშინ შეიძლება მას ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოჰყვეს."
ამდენად, გაურკვეველია, რა რაოდენობის ქართველი კრიმინალი, ქართველი არალეგალი ან თავშესაფრის მაძიებელია სახიფათო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გასაუქმებლად.
ჩხიკვაძის თქმით, ბოლო მონაცემებით, მაგალითად 7 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. რეადმისიით, რომელიც 2011 წლის 1 მარტიდან მოქმედებს, ჯამში სულ 5 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა და დიდი ალბათობით, რიცხვმა ამ რაოდენობას არ უნდა გადააჭარბოს.
ვანო ჩხიკვაძე: "ესა თუ ის სახელმწიფო რას ჩათვლის სახიფათოდ, ეს თავად მასზეა დამოკიდებული. თეორიულად შესაძლებელია, ოდესმე თუ დადგება ის მომენტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩაერთვებიან კრიმინალურ საქმიანობაში და ეს საფრთხეს შეუქმნის ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და წესრიგს, შესაძლებელია ამ ქვეყანამ დააყენოს საკითხი შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე."
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სულ მალე უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენის წესებს და ვადებს არ დაიცავენ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება 10, 15 და 20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ გამოიწვიოს მთლიანად ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა, ამიტომაც ჩვენ უნდა ვიქონიოთ ბიომეტრიული დოკუმენტი, უნდა გვქონდეს ჯავშანი, თუ სადმე მივდივართ, რა მიზნით მივდივართ, რადგან ნებისმიერ დროს საზღვარზე მესაზღვრემ შეიძლება ეს ინფორმაცია მოგვთხოვოს და, რაც მთავარია, მოცემული ქვეყნის კანონი დავიცვათ და არ დავარღვიოთ ის ვადები, რა ვადებშიც გვაქვს უფლება დავრჩეთ უვიზოდ ევროკავშირის შენგენის სივრცეში," - განაცხადა წულუკიანმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეს, საზღვრიდან უკან რომ არ გამოაბრუნონ, აუცილებელია ჰქონდეს: ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, გამოსაბრუნებელი ბილეთი ან ჯავშანი და გარკვეული თანხა, ერთ სულზე დღიურად მინიმუმ 30 ევრო, ზოგ ქვეყანაში მინიმუმ - 40 ევრო.
თუ ჩვენი მოქალაქეები ამ ელემენტარულ წესს დაიცავენ, ის რომ ვიღაცას თვალში არ მოუვიდა და გააბრუნეს, ამგვარი რამ არ იქნება. საზღვარზე არ გადაუშვებენ იმ ადამიანს, თუ შენგენის ზონაში მას ოდესმე რამე დაურღვევია.
"გაცილებით მეტი საქართვლოს მოქალაქე წავა უცხოეთში უვიზოდ, ვიდრე ვიზით მიდიოდა. ახალგაზრდებს ერთი სული აქვთ, ქუთაისის აეროპორტით 30 ევროდ გაფრინდნენ და გამოფრინდნენ ევროპაში. ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს ევროპას და თვითონ გადაწყვეტს საქართველოსთვის ევროპა სჯობს თუ სხვა არჩევანი," - ამბობს ბერძენიშვილი.
პოლიტიკოსის განცხადებით, იმისთვის რომ ახალგაზრდებმა ევროპაში დარჩენა არ ისურვონ, ხელისუფლებას ახალი ამოცანა გაუჩნდა და ოდნავ მაინც უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა ქვეყანაში.
"ცუდი მაგალითია ისრაელი, სადაც საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო კეთილგანწყობა, მაგრამ იმდენმა ითხოვა თავშესაფარი, ისრაელში სერიოზულად დაიწყო შესწავლა იმის, ვინ ჩადის და ბევრ მოქალაქეს აბრუნებენ უკან. თუ საქართველო იქნება ის ქვეყანა, საიდანაც ყველა დააპირებს წასვლას, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ცუდი. დღეს საქართველოს მთავრობას ახალი ამოცანა გაუჩნდა, ოდნავ მაინც გააუმჯობესოს მდგომარეობა ქვეყანაში," - მიიჩნევს ბერძენიშვილი და უძნელდება თქმა, რამდენად მაღალი იქნება დარღვევის მაჩვენებელი.
კახა გოგოლაშვილიც ამბობს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
"არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აქვს მოლდოვას," - ამბობს გოგოლაშვილი. "სადაც ერთი წლის თავზე ძალიან ცოტაა ის ხალხი, ვინც სავიზო რეჟიმი დაარღვია, ძალიან ცოტაა, ვინც 90 დღეზე მეტი ხნით დარჩა, მათი რაოდენობა სადღაც 2000-3000-მდე ადამიანია, როდესაც უვიზო მიმოსვლით 240 ათასმა მოლდოვას მოქალაქემ ისარგებლა. ასევე არსებობს არც თუ დადებითი გამოცდილება, რომელიც სერბეთის და ალბანეთის მოქალაქეებს უკავშირდებათ, რომლებმაც შენგენის ზონის ქვეყნებში ძალიან ხშირად მოითხოვეს თავშესაფარი."