ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ორიოდე დღის წინ დაანონსებული "რევოლუცია", გადატრიალება თუ პრეზიდენტის ლიკვიდაცია არ შედგა. ოპოზიციამ მხოლოდ ათასამდე კაცის გამოყვანა მოახერხა მიტინგზე, რომელიც "პრეზიდენტ" ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა. როგორც თბილისში მიაჩნიათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსკოვის პოზიციაა, რომელმაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დააშინა და დაიმუქრა, რომ თუ პუტინის ფავორიტს ჩამოაგდებდნენ, სეპარატისტული რეგიონი მოსკოვიდან ფულად ტრანშებს ვერ მიიღებდა, რაც აფხაზეთის სრულ და მყისიერ გაკოტრებას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია მაინც დაძაბულია და პოლიტიკური ელიტა, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გაყოფილი.
სოხუმის დრამატული თეატრის წინ, ოპოზიციური კოალიციის არასანქცირებული მიტინგი გაიმართა, აფხაზი ოპოზიციონერები და პოლიტიკური პარტია "ამცახარა" დაახლოებით ერთი თვით ადრე აანონსებდნენ იმას, რომ 15 დეკემბერს სოხუმის ცენტრში რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით მიტინგის გამართვას აპირებდნენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მოსახლეობასთანაც აქტიურ შეხვედრებსაც მართავდნენ.
ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე, დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროებამ და შსს-მ მთელი აფხაზეთის მასშტაბით ერთობლივი რეიდები დაიწყეს, როგორც აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური იუწყებოდა, ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში არეულობის მოწყობას და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ლიკვიდაციას გეგმავდნენ, ამიტომაც საჭირო გახდა ნიღბიანი სპეცრაზმელების და პოლიციის დანაყოფების ქუჩაში გამოყვანა.
14 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უშიშროებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ამცახარას" ლიდერები გალის რაიონიდან ჩამოსული 350 მებრძოლის დახმარებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმით აღებას გეგმავდნენ.აქციის წინა ღამეს არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტში დეპუტატები და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, სადაც მემორანდუმის 3 პუნქტიანი ტექსტი შეიმუშავეს.
მემორანდუმში ვკითხულობთ: "სახალხო შეთანხმების სახელით აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რესპუბლიკის პარლამენტი, საზოგადოებრივი პალატა, ოპოზიციური გაერთიანების ბლოკი და სხვა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამორიცხავენ შექმნილი პოლიტიკური პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას. ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 2004 და 2014 წლების მსგავსი მოვლენების განვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, პარტიის ინტერესებზე მაღლა ვაყენებთ ქვეყნის ინტერესებს და ვაღიარებთ ხელისუფლებას და ლეგიტიმურ ორგანოებს. ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, ასევე, უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებით, ვთანხმდებით:
"1. განვავითაროთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობა რესპუბლიკის კონსტიტუციის ჩარჩოებში.
2. მიტინგების და დემონსტრაციების ორგანიზატორები საკუთარ თავზე იღებენ მშვიდობიანი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას კანონის ფარგლებში.
3. ისინი იღებენ ვალდებულებას, დიალოგის ფორმატში ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან, საზოგადოებასთან და სხვა სახის საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.
იმ ფაქტის აღიარებით, რომ ეს შეთანხება წარმოადგენს რესპუბლიკის სტაბილური განვითარების გარანტს, მემორანდუმის ხელმომწერები ვალდებული არიან უზრუნველყონ შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობების ფორმირება და წარმოქმნილი აზრთასხვადასხვაობის და კონფლიქტების დიალოგის გზით, დემოკრატიული ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვეტა."
მემორანდუმს ხელს აწერს დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პარლამენტის სპიკერი ბგანბა, საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელი აკაბა, კომუნისტური პარტიის ლიდერი ლეონის შამბა, პარტია "აინარის" ხელმძღვანელი თენგიზ ჯოპუა და პარტია "ამცახარას" ლიდერი, ფონდ "აპრას" ხელმძღვანელი ასლან ბჟანია, რომლის დაკავებასაც რუსების მიერ ფსოუს საზღვარზე რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციები მოჰყვა.
როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობამ და რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაულ ხაჯიმბას აშკარა მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ "გრანდიოზულ" აქციას, როგორც აფხაზური მედია იუწყება, დაახლოებით 1000-მდე ადამიანი დაესწრო.
როგორც პროსამთავრობო "ნუჟნაია გაზეტა" იტყობინება, დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ 15 დეკემბერს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ 14 დეკემბრის ღამეს მიღებულ მემორანდუმს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ასლან ბჟანიაც შეუერთდა.
"ფონდ "აპრას" პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაგვიდასტურა ხელმოწერის შესახებ, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა გადმოეცა ის ეგზემპლარი, რომელზეც ხელმოწერაა დაფიქსირებული, თუმცა, სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ ის ხელს აწერს სამშვიდობო მემორანდუმს," - წერს გაზეთი.
15 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე არ გამოჩენილან მემორანდუმზე ხელმომწერი ოპოზიციონერები, "ამცახარას" ერთ-ერთმა ლიდერმა რამაზ ჯოპუამ მიტინგზე უარყო ხელისუფლების ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ის გეგმავდა პრეზიდენტის ლიკვიდაციას.
"მე მადანაშაულებენ ტერორიზმში, ვაცხადებ, რომ მე არანაირი კავშირი მსგავს საქმესთან არ გამაჩნია, არც არანაირ ცეცხლსასროლ იარაღს არ ვფლობ, არც მიტინგის მონაწილე ადამიანები არიან შეიარაღებული "მოლოტოვის კოქტეილებით" და ხელკეტებით. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავაგონოთ ჩვენი ხმა. არ შეიძლება ქვეყნის შენება ისე, როცა ხალხი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მიტინგს და მოგიწოდებთ არ დაიშალოთ, სანამ პრეზიდენტი ნებაყოფლობით არ დატოვებს თანამდებობას."
ამავე მოედანზე დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ და მოსახლეობას პრაზიდენტის კურსის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს
აფხაზური მედიის ცნობით, ოპოზიციური ბლოკის ორი წარმომადგენელი, ყიფილი "ვიცე-პრემიერი" მიხეილ ლოგუა და საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელი საიდ ტარკილი პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდნენ, თუმცა შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, რამაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტთან ხელმეორე აუდიენციაზე 5 სამხედრო ვეტერანი გააგზავნეს.
მოლაპარაკებიდან გამოსულმა რაულ ხაჯიმბამ საკუთარ მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები მის უპირობო გადადგომას მოითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
"ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, დავტოვო დაკავებული თანამდებობა, მაგრამ ეს გამორიცხულია, მე მათ შევთავაზე თანამშრომლობა, ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე ჯერ პასუხი ვერ გამცეს."
როგორც გამოცემა "სპუტნიკ-აფხაზიას" კორესპონდენტი იუწყება, ცივმა ამინდმა ოპოზიცია იძულებული გახადა, ზღვის სანაპიროზე კოცონი დაენთო, მიტინგის მონაწილეებს ცხელ ჩაის ურიგებენ, აქტივისტებს მოაქვთ შეშა და საჭმელს ამზადებენ, მანქანების საბარგულებზე გაშლილია სუფრა, სადაც პურს, ძეხვს და მწნილს სთავაზობენ ადამიანებს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა სპეცსამსახურებმა ოპოზიციის დაშინება მოახერხეს.
"თუ გავიხსენებთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული მიტინგის წინ ხელისუფლება ყოველთვის აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებს ქვეყნის დაქცევას. ასევე ხდება აფხაზეთში, რომელიც ჩვენი ნაწილია, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოპოზიციის ლიდერებს შორის მართლა შედგა მსგავსი საუბარი, რომელიც უშიშროებამ გაასაჯაროვა. როგორც აღმოჩნდა, ნასვამები იყვნენ.
"ნუ გაგვიკვირდება აფხაზების - დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ასე ჩაივლიდა. ამ რამდენიმე დღის წინ რუსეთის სპეცსამსახურებმა ასლან ბჟანია დააკავეს, რომელიც სათანადოდ დაამუშავეს, მერე აფხაზეთის ხელისუფლებამ მახეც დაუგო და ხელი მოაწერინა კომუნიკეზე, რომელიც პრობლემის პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს, ეს კომუნიკე არაფერს წარმოადგენს, მთავარი იყო, რომ ასლან ბჟანიას ხელმოწერა დაფიქსირებულიყო ხაჯიმბას და ბგანბას ხელმოწერის გვერდით.
"თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, არეულობის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილი ტრანშები შეჩერდებოდა, ნათელი იყო, რომ ოპოზიცია უკან დაიხევდა, ვინაიდან დღეს აფხაზეთში ყველაფერი რუსულ ტრანშებზეა დამოკიდებული, იქ მიმდინარეობს კლანური ბრძოლა, რაც მიბმულია ტრანშების თემასთან, თუ გაქვს ტრანშებთან წვდომა, ე.ი. ხარ კარგად.
"ახლა ოპოზიცია ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ პრეზიდენტის გადადგომას მიაღწევს, თუმცა ეს გამორიცხულია, ოპოზიციის ლიდერების გავლენა დღეს არის ნულის ტოლი და ცდილობენ, ბოლო აკორდი დაუკრან," - ამბობს მამუკა არეშიძე.