თანამდებობებზე გაყიდული აფხაზური ოპოზიცია და არშემდგარი გადატრიალება
ნინო ომანაძე
19.12.2016

 15 დეკემბერს აფხაზეთში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირება "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მემორანდუმით დასრულდა.

ჯერ კიდევ 30 ნოემბერს, აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა ბლოკმა 15 დეკემბრის საპროტესტო აქცია დააანონსა, წინასწარ დაანონსდა შეკრების მთავარი მოთხოვნაც - "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას დაუყოვნებლივი გადადგომა.

ოპოზიციური ბლოკის ლიდერები უკვე ორი წელია მოითხოვენ ხაჯომბას გადადგომას და მას უკანონო და არაკომპეტენტურ მმართველობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ძირითად ბირთვს ექს-"პრეზიდენტ" ალექსანდრე ანქვაბის გუნდის ყოფილი ჩინოვნიკები და მხარდამჭერები წარმოადგენენ.

ოპოზიციის გაერთიანებული ბლოკი ოთხი პარტიისგან შედგება. ესენია: პარტია "ამცახარა", საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აპრა", პარტია "აბზანხარა" და "ქალები პოლიტიკაში". ეს ორგანიზაციები მოქმედი "პრეზიდენტის" გადადგომის მოთხოვნამ გააერთიანა.

ასლან ბჟანია, "ამცახარას" ლიდერი და ფონდ "აპრას" ხელმძღვანელი, რუსული სპეცსამსახურების აღზრდილად მოიაზრება. ის 2009-2014 წლებში აფხაზეთის "უშიშროების სამსახურის" ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2014 წლის "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას" მან საარჩევნო ხმების 35% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა

16 დეკემბერს ხელმოწერილ შეთანხმების მემორანდუმს წინ პოლიტიკური დაძაბულობა უძღოდა.

მოვლენათა ქრონოლოგია

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მთელი წლის მანძილზე შეხვედრებს აწყობდნენ "რესპუბლიკის" მოსახლეობასთან და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

პროსახელისუფლებო პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მოუწოდებდნენ ოპოზიციას და მის აქტივისტებს, რომ თავი შეეკავებინათ ძალისმიერი ქმედებებისგან და მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტათ "რესპუბლიკაში" არსებული პოლიტიკური კრიზისი.

4 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სოჭში ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას დაკავებას, მისი მომხრეების პროტესტი მოჰყვა. რაულ ხაჯიმბა და მისი გუნდი სასტიკად უარყოფდნენ "ამცახარას" და გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს, რომ რუსი ძალოვნების მიერ ბჟანიას დაკავება აფხაზეთის "ხელისუფლების" დაკვეთით მოხდა.

4-დღიანი დაკითხვის მერე, რუსეთის სამართალდამცველებმა ასლან ბჟანია გაათავისუფლეს.

ოპოზიციის ლიდერს დაკავების მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა აფხაზურ მედიასთან შეხვეედრაზე განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც რუსული მხარე უკანონოდ მიიჩნევდა, მისი სახელზე იყო რეგისტრირებული.

თუმცა, ასლან ბჟანიას დაკავებისთანავე გავრცელდა მისი თანმხლები პირის განცხადება, რომ ასლან ბჟანიას დაკავებისას "სამშობლოს ღალატში" დასდეს ბრალი.

პარალელურად, არაღიარებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" და "პარლამენტი" ამაოდ ცდილობდა 15 დეკემბერს დაგეგმილი აქციის ჩაშლას. 13 დეკემბერს, აფხაზეთის "უშიშროების სამსახურმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "15 დეკემბერს ოპოზიციის რადიკალურად განწყობილი მომხრეები აპირებდნენ ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობას და პრეზიდენტის ფიზიკურ განადგურებას".

14 დეკემბერს, აქციამდე ერთი დღით ადრე, გვიან ღამით, "ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე" სასაუბროდ, "პარლამენტში" პარტია "აინარის", "აფხაზეთის სახალხო ფრონტის", ორგანიზაცია "კიარაზაას", უშიშროების სამსახურის და პროკურატურის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც მოისმინეს პოლიტიკური პარტია "ამცახარას" პოლიტსაბჭოს წევრის რამაზ ჯოპუას სატელეფონო საუბრები. ჩანაწერი უცენზურო სიტყვებით იყო სავსე და ისმოდა "ხელისუფლების" დამხობის მოწოდებები:

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, პრეზიდენტმა ის უნდა მიიღოს, რასაც იმსახურებს. იანუკოვიჩზე უარესი დღე დაადგება, ყველაფერს გადავწვავთ..."

"მათ სისხლს დავღვრით. მესამე სართულიდან ჩამოსვლას ვერ მოასწრებს, იქვე ამოვბუგავთ..."

"გალში ჩვენი მომხრეები 350 კაცი მზადაა საბრძოლველად, სოხუმში - 70..."

"ხელისუფლების" ამ ბრალდებას პარტია "ამცახარა" სასწრაფოდ გამოეხმაურა და მოითხოვა შეწყვეტილიყო პოლიტიკური მანიპულაციები რამაზ ჯოპუასა და ალექსანდრე მიქვაბიას შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მოუწოდეს "ხელისუფლებას" გამოექვეყნებინათ ამ საუბრის სრული, დაუმონტაჟებელი ვერსია.

14 დეკემბრის გვიან ღამესვე "პარლამენტმა" გაავრცელა განცხადება "გაგების მემორანდუმის" ოქმის ხელმოწერის შესახებ, რომელზეც ხელს "ხელისუფლებასთან" ერთად, პარტია "ამცახარას" ლიდერი ასლან ბჟანიაც აწერდა.

მოლაპარაკება და გარიგება

15 დეკემბერს დაანონსებული საპროტესტო აქცია დღის 12 საათზე დაიწყო, პარალელურად "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" წინ რაულ ხაჯიმბას მომხრეები იყვნენ შეკრებილი.

როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, 13 დეკემბრის მოვლენებმა ზეგავლენა მოახდინა ოპოზიციის მომხრეებზე, "გრანდიოზულ" აქციას დაახლოებით 1000-1500 კაცი დაესწრო.

ოპოზიციის აქციაზე ლიდერებმა და მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ეწერა, რომ რაულ ხაჯიმბას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა "პრეზიდენტის" პოსტი. ამ რეზოლუციით აქციის ორი წარმომადგენელი "პრეზიდენტის" სასახლეში მივიდა და ხაჯიმბასთან მოლაპარაკება გამართა.

თუმცა, როგორც აფხაზური მედია იუწყებოდა, მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა, რაულ ხაჯიმბამ გადაგომაზე უარი განაცხადა.

შეხვედრიდან გამოსულმა "პრეზიდენტმა" საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, თუმცა მას ჰქონა შეთავაზება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახელისუფლებო მანდატები მიეღოთ.

"დრო მოგვეცით. იმედი გვაქვს, რომ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივალთ, თუ არადა, ქვეყანა დაკარგული გვაქვს", - განაცხადა ხაჯიმბამ.

მოგვიანებით ოპოზიციამ და "პრეზიდენტმა" შეხვედრის მეორე რაუნდი გამართეს, სადაც კომპრომისს მიაღწიეს.

"მე მათ შევთავაზე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი, გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი კანდიდატის და ცესკოს ახალი შემადგენლობის 4 წევრის თანამდებობები. ასევე მიიღეს შეთავაზება მოადგილეების დონეზე სამინისტროებში, რაზეც ისინი დამეთანხმნენ", - მიმართა მეორე ჯერზე საკუთარ მომხრეებს რაულ ხაჯიმბამ.

როგორც გამოცემა "სპუტნიკ-აფხაზია" იუწყება, მიუხედავად ოპოზიციის კმაყოფილებისა, აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებით უკმაყოფილოები დარჩნენ. უკმაყოფილო მომიტინგეებმა, ხაჯიმბას ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ "პრეზიდენტის" მომხრეები დახვდნენ.

ორ დაპირისპირებულ ძალას შორის კამათი და საუბარი გამართულა. დაახლოებით ღამის 4 საათზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაშლილიყვნენ.

აქციის ასეთ დასასრულს მწვავე განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ოპოზიციის ქმედებით უკმაყოფილო მოსახლეობა, ოპოზიციის ლიდერებს "სკამებისთვის" ბროლაში ადანაშაულებს:

"ასეც იყო მოსალოდნელი, მიიღეს სკამები და დაწყნარდნენ, ხალხი არავის ადარდებს..."

"ოპოზიცია გამყიდველია, თანამდებობებისთვის იბრძოდნენ", -ასეთია აფხაზი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრი 15 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×