თიკო ოსმანოვა
20.12.2016

უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებზე იმსჯელებენ. უკვე ცნობილია, რომ მსჯელობის ერთ-ერთი საგანი პარლამენტის თბილისში გადმოტანა იქნება. ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განცხადებები უკვე გაკეთდა.

"პარლამენტის გადმოტანის საკითხი საკონსტიტუციო კომისიის განსახილველი თემა უნდა იყოს, მაგრამ ამის რამე სკანდალთან დაკავშირება არის შეუსაბამო და უსაფუძვლო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს თემა უნდა იყოს განხილული, რადგან არებობს სხვადასხვა მოსაზრება, რომელიც ეხება ფინანსურ ნაწილს, პოლიტიკურ შემადგენელს და გამართული მუშაობის აუცილებლობას.

"არც ქუთაისელი და არც თბილისელი იქნება იმის წინააღმდეგი, რომ გამართულად იმუშაოს პარლამენტმა. მაგრამ მე თვითონ პირადად ვერ ვხედავ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის აუცილებლობას და საჭიროებას", - განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ წინა პლანზე ეს საკითხი არ დგას.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.

უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტის თბილისში გადმოტანა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): ქუთაისში პარლამენტის ყოფნა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება, ამიტომ ეს საკითხი, რაც შეიძლება დროზე უნდა გადაწყდეს. საკანონმდებლო ორგანოს ყოფნა ქუთაისში ქალაქის განვითარებასთან კავშირში არ არის. ეს არის ცრუპენტელების მოგონილი.

 

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  თავის დროზე პარლამენტის გადატანა, ისე, როგორც ძეგლების იქეთ-აქეთ ტარება, სააკაშვილის მორიგი სისულელე იყო. პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, მიუხედავად ჩემი უსაზღვრო სიყვარულისა ამ ქალაქის მიმართ, არავითარი სიკეთის მომტანი არ არის. ხოლო სახელმწიფოსთვის დაკავშირებულია ძალიან დიდ ხარჯებთან.

ხარჯები არის ტრანსპორტირების, ბინის დაქირავებაში და ა.შ. მიმაჩნია, რომ გაღლეტილ და გაუბედურებულ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ითამაშოს პარლამენტის იქეთ-აქეთ გადატანაში. საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს, ხოლო, როგორც ცნობილია, საქართველოს დედაქალაქი თბილისია.

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): პარლამენტის თბილისში გადმოტანა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. თავის დროზე, მისი იქ გადატანა, იმიტომ მოხდა, რომ ქუთაისი გამხდარიყო პოლიტიკური ცენტრი. ახლა უკან გადმოტანით იმ პირობებში, როცა შემოვლითი გზა არსებობს, იქ გამვლელიც აღარ ჩავა და ქალაქისთვის დამღუპველი იქნება.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): ეს აუცილებელია, ამის თაობაზე საკმაოდ ვრცელი მასალა მოვამზადეთ მე და ჩემმა კოლეგამ და გადავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ა.შ.

დავსვათ კითხვა - რა არის დედაქალაქი მსოფლიოს მასშტაბით?! დედაქალაქი არის ის ქალაქი, სადაც წარმოდგენილია საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება, უზენაესი სასამართლო და დიპლომატიური წარმომადგენლობები.

ასევე, თბილისში პარლამენტის გადმოტანა თუ მოხდება, ეკონომია იქნება ძალიან დიდი.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის საკითხს, რომელიც დღის წესრიგში დადგება - ვფიქრობ, იმ ტერიტორიაზე უნდა განვითარდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და გამოყენებული იქნეს ეს შენობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×