სპეციალისტები საშუალო ფენის გაქრობის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ ხელისუფლებას, რაც ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება. ლარის დევალვაციას მდიდრები როგორმე გაუძლებენ, ღატაკები კიდევ უფრო გაღატაკდებიან, ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვანი - საშუალო ფენა არა მარტო გაღარიბდება, არამედ გაქრობის გზას დაადგება.
ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია საქართველოში საშუალო ფენა გაქრეს, რადგან იგი რეალურად არც არსებობს. შეიძლება ითქვას, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიეკუთვნება ღარიბ ფენას.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების წამყვანი ძალა საშუალო ფენაა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ცოტაა. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მონაცემებით უნდა ვიმსჯელოთ. თუკი ადამიანს 5 დოლარზე ნაკლების ხარჯვის საშუალება აქვს დღის განმავლობაში, მაშინ ის მიეკუთვნება ღარიბ-ღატაკ კატეგორიას. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასეთ დონეზეა.
"საქართველოში ჯერ კიდევ "შემორჩენილნი" არიან ის ადამიანები, რომლებიც საშუალო ფენას მიაკუთვნებენ თავს. მათი ოჯახის შემოსავალი თვის დაახლოებით 600-დან 1000 ლარამდე მერყეობს. 3-4 წლის წინ ეს თანხა შეიძლება არ ეჭარბებოდა ოჯახს, მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოჯახს კვლავწარმოება შეენარჩუნებინა. დღეს, როდესაც ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, როდესაც ვერ ვაწარმოებთ ვერავითარ საშინაო პროდუქციას, დევალვაციის გამო ძვირდება პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ 600 და 1000 ლარი სრულიად არასაკმარისია.
საშუალო ფენას სჩვევია არასეზონური ხარჯვა. მოდის ახალი წელი და ყველა ოჯახს სურს არა იმდენად თავის გამოჩენა, რამდენადაც ჩვეულებრივი საახალწლო ტრადიციის დაცვა. ამიტომაც ქართული ოჯახები წლის განმავლობაში დანაზოგს აგროვებენ, რათა ახალ წელს ღირსეულად შეხვდნენ და ნორმალური სუფრა ჰქონდეთ. წლევანდელი დანაზოგი კი რამდენად საკმარისი იქნება ამისათვის? ძალიან ძნელივ ამაზე საუბარი. საშუალო ფენა ქვეყანაში, პრაქტიკულად, იშლება და ის შეავსებს ღარიბ-ღატაკთა პროცენტულ მაჩვენებელს. ამით ღატაკდება ქვეყანაც", - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
ამ დროს ნებისმიერი ქვეყნის ძირითადი განვითარება მოდის სწორედ საშუალო ფენაზე. პირველ რიგში, საშუალო ფენაა აქტიური სამუშაო ძალა, სწორედ ისინი არიან სამეწარმეო უნარით დაჯილდოებული ადამიანები. როდესაც ბიზნესი ჩაკეტილია, საშუალო ფენას სამუშაო არეალი ეზღუდება. ამიტომაცაა, რომ ხალხმა ასე აიტაცა ვიზალიბერალიზაცია. მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე გააღწიონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დარჩნენ საზღვარგარეთ.
ერთადერთ ხსნას ჩვენი საშუალო ფენა, ანუ მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს იმაში, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც წავიდეს უცხოეთში, იქ იმუშაოს და საკუთარი ოჯახის სარჩენად გარკვეული თანხა გადმორიცხოს საქართველოში.
"რთულია იმის თქმა, პროცენტულად რამდენს შეადგენს საშუალო ფენა. ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა 50% მაინც იქნება. ესეც შედარებითია და ეს ყველაფერი უნდა დავთვალოთ საქართველოს სინამდვილიდან გამომდინარე. შესაძლოა, რომელიღაც ქართველი საკუთარ თავს მდიდართა კატეგორიას აკუთვნებდეს, მაგრამ ქართველი "მდიდარი" შვეიცარიის ან ამერიკის სინამდვილიდან გამომდინარე, სულაც არ არის მდიდარი და ის მხოლოდ საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, ამერიკელ ღარიბს სულ სხვა მოთხოვნები აქვს, ვიდრე ქართველ ღარიბს. შეიძლება, ადამიანი თავს არ აკუთვნებდეს ღარიბთა კატეგორიას, მაგრამ რეალურად მისი შემოსავალი სწორედ ღარიბისთვის დამახასიათებელი იყოს.
ჩემი გათვლით, საქართველოში საშუალო ფენა შეიძლება იყოს 30-35%, სადღაც 50-დან 60%-მდე ღარიბი მოსახლეობაა, დანარჩენი 5% კი პირობითად მდიდარი მოსახლეობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში შეიძლება ჩაითვალოს მდიდრად", - აცხადებს აროშიძე.
საშუალო ფენის გაქრობა, პირველ რიგში, ჩვენს დემოგრაფიას დაწვება ტვირთად. ეს პროცესი, ძირითადად, დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, სადაც ძალიან დიდი უთანაბრობაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის. შრომისუნარიანი მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება კი ადგილობრივ, ანუ სამამულო ეკონომიკაში ნაკლები თანხის დაბანდებას ნიშნავს. ეს არა მხოლოდ ქვეყნის შორეულ პერსპექტივაზე აისახება ნეგატიურად, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც ამცირებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. საზღვარგარეთ წასული უამრავი ადამიანი, რომელთა საშუალო ასაკიც 24-დან 55 წლამდეა, საკუთარ ქვეყანაში ვერ ნახულობს ანაზღაურებად სამუშაოს და მიისწრაფის უცხოეთისკენ.
"ეს პროცესი ყველაფერზე მოქმედებს - ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ვითარებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე. ყველაფერი ეს ერთიანობაში ქვეყნის დამაკნინებელია. სამწუხაროდ, მივეკუთვნებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აფრიკისა და აზიის დაბალგანვითარებული სახელმწიფოები. თუნდაც იგივე სომხეთი ავიღოთ, იქ ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია და პრაქტიკულად, საშუალო ფენა არც არსებობს. ასეთ ქვეყნებში ან ღარიბები არიან, ან მდიდრები. თანაც, მდიდრები მოიხმარენ არა ადგილობრივ, არამედ იმპორტირებულ პროდუქციას, ღარიბები კი იძულებულნი არიან, კიდევ უფრო გაღატაკდნენ, რადგან იმპორტირებული პროდუქცია მათაც უნდა მოიხმარონ, რადგან ადგილობრივი წარმოება განუვითარებელია", - დასძინა აროშიძემ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე მიუთითიებს, რომ თუკი 25%-ზე მეტით ხდება დევალვაცია, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში არასტაბილურობა სახეზეა. არამყარი სიტუაცია აისახება არა მარტო საშუალო და ღარიბ ფენაზე, არამედ ბიზნესზეც.
თუკი ბიზნესი არ იგრძნობს სტაბილურობას და არ ეცოდინება, ხვალ როგორი იქნება ვალუტის კურსი, რომელსაც ანგარიშსწორებისთვის იყენებს, ცხადია, ისიც არასტაბილური გახდება. ამ თვალსაზრისით ბოლო პერიოდში ვითარება დამძიმებულია.
"საქართველში საშუალო ფენა რეალურად არც ჩამოყალიბებულა, როგორც ეს ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა იყოს. საშუალო ფენის დღევანდელი მდგომარეობა მთლიანად ეკონომიკის არასტაბილურობის საწინდარია. პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ეროვნული პროდუქტი, ეროვნული წარმოება უნდა განვითარდეს. არ შეიძლება, ყოველთვის სხვაზე ვიყოთ დამოკიდებულნი.
დღეს სადღაც 6 მილიარდი დოლარის ფარგლებშია ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა. საკმაოდ მწვავე სიტუაციაა და ამის კომპენსირება ხდება სხვადასხვა გზით - საგარეო ვალებით, უცხოური ინვესტიციებით და სხვა. ჩვენ საგარეო ფაქტორებზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ შეგვიძლია, ქვეყანაში ეროვნული წარმოება განვავითაროთ. სოფლის მეურნეობაში ბოლო დროს გატარებული ღონისძიებები არსაკმარისი იყო. უმდიდრესი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ რაც გაგვაჩნია, იმ შესაძლებლობასაც ვერ ვიყენებთ. ამიტომაც არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები", - აღნიშნა ავთანდილ სილაგაძემ, რომლის აზრითაც, დღეს ქვეყანაში საშუალო ფენას ყველაზე მეტად უჭირს.
ამდენად, როცა ამ ყველაზე დიდ მასას შემოსავალი არ აქვს, მოთხოვნა მცირდება, რაც ეკონომიკაზეც აისახება. ამ დროს კი ქვეყანაში აქცენტი გადატანილია იმაზე, როგორმე მაღალი ინფლაცია არ იყოს.
"ვერავინ დამაჯერებს, რომ ინფლაცია 0,2%-ია. ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ციფრები რად გვინდა, როცა რეალობა სხვაგვარია. ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. მესმის, რომ ინფლაციის მიზნობირივი ნრიშნული 5%-ია და მაღალი მაჩვენებლის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც შეიძლება დადგეს. თუმცა, რაც არ უნდა ვაფიქსიროთ, რომ ინფლაცია 0,2%-ია ან კიდევ 1%-ია, ქვეყანაში გაცილებით მეტი, 5%-ზე მაღალი ინფლაციაა. ამ დროს კი ჩვენ ვცდილობთ სინამდვილე დავმალოთ და ვიღაცის თანამდებობა შევინარჩუნოთ. ჩვენში ინფლაცია რეალურად არ ფიქსირდება. ეს მაშინ, როცა გახვალთ ბაზარში და უბრალო გამოკითხვას ჩაატარებთ, თუ რა ღირდა გუშინ და რა ღირს დღეს პროდუქცია. ცალსახად ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი სწორი არ არის.
ქვეყანაში რაღაც ჯგუფი უნდა არსებობდეს, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა ჩაატაროს სამომხმარებლო ფასების დინამიკის შესახებ გამოკითხვა სამომხმარებლო კალათის ფარგლებში. მაშინ ვნახავდით ოფიციალურ სტატისტიკასა და რეალობას შორის აშკარა განსხვავებას", - ამბობს სილაგაძე.
საშუალო და მცირე ბიზნესი საქართვლეოში 20%-ის ფარგლებშია, დანარჩენი პროცენტები კი მოდის მსხვილ ბიზნესზე; ისინი განაგებენ ყველაფერს, საშუალო და მცირე ბიზნესი კი არ ვითარდება. სტაბილური სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ შეიქმნება, სადაც საშუალო ფენა არ იარსებებს.
"ჩვენთან ხან 2020 წლის სტრატეგია აქვთ, ხან 4-პუნქტიანი და ხანაც 10-პუნქტიანი გეგმა. დილით ერთია პოლიტიკა, საღამოს - მეორე. ვერ ჩამოვყალიბდით, რომელ პოლიტიკას მივყვებით. დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა ქაოსურობის ელემენტებს შეიცავს. იგივე დამოკიდებულებაა დედოლარიზაციასთან დაკავშირებით.
რეალურად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არც აინტერესებთ საშუალო ფენა. ჩვენც პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ეს პრობლემა აშკარა და შესამჩნევია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.