ხელისუფლებას საზოგადოების შემზადებისკენ მოუწოდებენ
ნინო ქეთელაური
20.12.2016

 პრობლემები დაიწყება ახალი წლიდან 2-3 კვირაში, როდესაც საზეიმო განწყობები გადაივლის და საზოგადოება ახალი მოცემულობისა და ნეგატიური გამოწვევების წინაშე აღმოჩდება - ასე აფასებენ სპეციალისტები ეკონომიკური კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს საზოგადოებაში. მათი თქმით, სოცილურ აფეთქებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორები იზრდება და რაც მთავრია, კრიმინალის მატების ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ ეკონომიკური კრიზისია.

საზოგადოებრვი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ ეკონომიკური პროცესები და ამის ფონზე, საზოგადოებაში არსებული განწყობები, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

"მე ვფიქრობ, რომ რაღაც შანსები ხელიდანაა უკვე გაშვებული და ახლა, საზოგადოებრივი განწყობის არსებითად პოზიტიურისკენ შეცვლა, ან პანიკის შემცირება, ცოტა შეუძლებელი მგონია. ეს მთავრობას თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა და რაღაცეები უკეთ განემარტა. არა იმ ფორმით, რომ პრობლემები არ არსებობს, არამედ აეხსნა, საით მიდიოდა ეს პროცესი, რა შეიძლება მოჰყოლოდა და ა.შ.

"საერთო ჯამში, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ თუკი აქ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რამე პოზიტიური მიმდინარეობს (მე ეკონომისტი არ ვარ და ზუსტად ვერ ვიტყვი), ახლა ამის ჩვენებაც კი შეუძლებელია", - ამბობს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ნეგატიური გამოწვევის წინაშე, დაახლოებით, 1 თვეში აღმოჩნდება."როგორც წესი, ადამიანები ახალ წელს მაინც უფრო პოზიტიურად ხვდებიან ხოლმე, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. 90-იან წლებშიც კი შესაძლებელი იყო, რომ ახალ წელს პოზიტიურ ტალღაზე შეხვედროდნენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრობლემები დაიწყება ახალი წლიდან 2-3 კვირაში, როდესაც ასე თუ ისე, ეს საზეიმო განწყობები გადაივლის და საზოგადოება ახალი მოცემულობისა და ნეგატიური გამოწვევების წინაშე აღმოჩდება", - ამბობს არჩილ გამზარდია.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან მუშაობა უკვე უნდა დაიწყოს და მოსალოდნელი შედეგებისთვის რაღაც ფორმით შეამზადოს.

"ხელისუფლებამ რაღაც ფორმით უკვე უნდა იმუშაოს იმაზე, როგორ შეამზადოს საზოგადოება, რომ ერთი მხრივ, თავად არ აღმოჩდეს სირაქლემას პოზიციაში, მეორე მხრივ, არ დააპანიკოს მოქალაქეები და მესამე, შეამზადოს ისინი, რომ მერე, როგორღაც არაფეთქებად რეჟიმში გაგრძელდეს პროცესი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან რთული პროცესია", - ამბობს არჩილ გამზარდია.

მისი შეფასებით, საზოგადოებაში სოციალური აფეთქების ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორები იზრდება.

"მე ვფიქრობ, ჯერ ასეთი რამ არ შეიმჩნევა, მაგრამ ასეთ ტენდენციას ქმნის, რამდენიმე წინაპირობა. ერთი, ეს არის საზოგადოებრივი დეპრესია და მეორე მზარდი საზოგადოებრივი რისხვა.

"საერთო ჯამში, საზოგადოებისთვის არცერთი არ არის კარგი, რადგან დეპრესია დიქტატურის ჩამოყალიბების დიდი საშუალებაა და რაც შეეხება საზოგადოებრივ რისხვას, ჯერ ამის წინაპირობა არ გვაქვს. იმიტომ, რომ არ არსებობს გონივრული, ნდობით სავსე ოპოზიცია, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივი პროცესების გამოყენება დაიწყოს და სათავეში ჩაუდგეს.

"ჯერჯერობით საამისოდ ხელშესახები ნეგატივი არ გვაქვს. აი მერე უკვე, კანონში ცვლილებები, აქციზის, ზოგადად ფასების მომატება, ეს ყველაფერი ახალი წლების მერე იწყებს ამოქმედებას და აი აქ უკვე საზოგადოების პულსი აჩვენებს რა პერსპექტივები შეიძლება იყოს. ამ წუთის გადასახედიდან, სოციალური აფეთქების წინაპირობა არ ჩანს, მაგრამ ამისკენ მიმავალი რისკ-ფაქტორი, პრინციპში იზრდება", - განმარტავს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდანაც ნეგატიურმა ფაქტორებმა იჩინა თავი.

"მაგალითად, შსს-ს კუთხით ცოტა ნეგატიური ფაქტორები გამოჩდა. იგივე სტატისტიკის კუთხით, ბოლო პერიოდში გახშირებულ ძალადობებზე, რაც მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება თვითონაც ვარაუდობს ნეგატიური პროცესების შესაძლებლობას და ძალოვანი უწყებებიდან ამაზე მუშაობას იწყებს. არ ვიცი ეს ჩემი ვერსიაა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ეს პერსპექტივა მოჩანს", - ამბობს გამზარდია და ეკონომიკური კრიზის გადატანის ევროპული მაგალითი მოჰყავს.

"ევროპაც იყო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მაგრამ იქ სახელმწიფოც და საზოგადოებაც ერთად ცდილობდა ამის გადაგორებას. თეორიულად, ჩვენთანაც არის ამის შესაძლებლობა, მაგრამ მე ვფიქრობ, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ხელისუფლება ძალიან ცუდად მუშაობს.

"ამას ემატება ისიც, რომ შიგნით ხელისუფლებაშიც არის ერთმანეთს შორის გარკვეული ნეგატიური დინებები და ის მომენტი, რომ "ქართული ოცნება" თვითონვე არ არის ერთსულოვანი (რაც გარეთ არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა), ეს თვითონ ხელისუფლებაშივე ქმნის დაინტერესებულ მხარეებს, რომ რაღაც პროცესებს, მათ შორის ნეგატიურს, ხელი შეუწყონ და ერთმანეთის წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისად, რომელიღაც კონკრეტულმა მხარეებმა გაიმარჯვონ", - აცხადებს არჩილ გამზარდია.

რაც შეეხება გახშირებულ კრიმინალს და ძალადობის ფაქტებს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს ეკონომიკურ კრიზისს ვერ დავუკავშირებთ, რასაც კრიმინალზე ვერ ვიტყვით.

"სიმართლე რომ გითხრათ, ზოგადად, ოჯახში ძალადობის ფაქტებს არ ვუყურებ, როგორც ეკონომიკური ფაქტორის ანარეკლს. ეს უფრო მრავალწახნაგიანი თემაა. იმიტომ, რომ ძალადობის კერა ხშირად კი არის სოციალურად გაჭირვეული ოჯახები, მაგრამ ისინი სოციალურად ისედაც მძიმე ვითრებაში იყვნენ და ახლა ამ ეკონომიკურმა პროცესებმა მათთვის არაფერი შეცვალა.

"როდესაც სახლი არ გაქვს, მიწისქვეშაში ან მუყაოს ყუთში ცხოვრობ, არ გაქვს საკვები, შენთვის ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება, ამაზე უარესად ყოფნა უკვე შეუძლებელია. ხოლო სხვა შრეებში, როდესაც რამდენჯერმე ასეთი ტიპის ძალადობა იყო, იქ უფრო ქონებრივ დავას ეხებოდა და ამას სოციალურ ფონს ვერ დავუკავშირებთ.

"აი, რაც შეეხება კრიმინალს, ეკონომიკური პროცესების გართულების დროს, ამან შეიძლება იმატოს. მაგრამ საშუალო სტატისტიკურ ოჯახში ეკონომიკური ფონის გამო ძალადობის მატება არ არის. თუნდაც, 90-იან წლებში კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ ოჯახები და სამეზობლო მაშინ უფრო შეკრული იყო", - ამბობს არჩილ გამზარდია.

როგორც სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ყველა ფენას განურჩევლად შეეხო, რაც საზოგადოებაში გაურკვევლობის სინდრომს არჩენს.

"ეს ეკონომიკური პროცესები ყველას ერთნაირად შეეხო, მდიდარსაც და ღარიბსაც. ნათელია, რომ ლარის მდგომარეობა ყველას აწუხებს, ბიზნესმენია ის, ხელფასიანია, თუ უხელფასო. ახალ წელს ყველა ცდილობს, რომ პოზიტიურად შეხვდეს, მაგრამ ლარის მდგომარეობა სულ უფრო უკან მიდის და ვერავინ აჩერებს. საზოგადოებას ალბათ მოუწევს რაღაცების მოკლება.

"ახლა მთავარია, ხელისუფლებამ დაარეგულიროს ლარის ამგვარი ტენდენცია. თუმცა, მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ დოლარის კურსი 3 ლარამდე აიწევს. საბოლოოდ რა როგორ იქნება, არავინ იცის, რის გამოც საზოგადოებაში გაურკვევლობაა. ეს კი ყველაზე ცუდი რამაა, რადგან გაურკვევლობა საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს ბადებს", - ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

როგორც სოციოლოგი განმარტავს, სოციალურ აფეთქებაზე საუბარი გადაჭარბებულია, თუმცა ვარაუდობს, რომ მარტის თვიდან ხელისუფლებას საზოგადოებისგან ზეწოლა ექნება.

"ახლა იმაზე საუბარი, რომ ეს უკმაყოფილება სოციალურ აფეთქებაში გადაიზრდება, ნაადრევია. საამისო ჯერ არაფერია. ამ პროცესებს საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც გაგებით ეკიდება. მითუმეტეს, არჩევნები სულ ახალახან იყო და საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების მიმართ დადებითი დამოკიდებულება დიდად არ გამოუხატავს. მაგრამ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მარტის შემდეგ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებას გარკვეული ზეწოლა ექნება", - ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×