ეკატერინე ბასილაია
21.12.2016

 ლარის კატასტროფული გაუფასურება ისევ გრძელდება. უფრო მეტიც, უკვე ღიად არის საუბარი იმაზეც, რომ ისედაც მძიმე ზამთარსა და გაძვირებულ ცხოვრებას მომავალ წელს შესაძლოა, გაძვირებული გაზი და ელექტროენერგიაც დაემატოს. "ქართული ოცნების" დეპუტატები კი დამაიმედებელი განცხადებების ნაცვლად ისევ იმის მტკიცებას აგრძელებენ, რომ ეს ყველაფერი გარე ფაქტორების ბრალია, ამიტომაც ოპოზიციის მიერ მომავალ კვირას ეკონომიკური გუნდის მინისტრების დაბარება და პასუხის მოთხოვნა, რა ეშველება ლარს და რატომ ვერ ჩერდება მისი გაუფასურება, მათივე მტკიცებით, არასწორია.

"ქართული ოცნების" წევრი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "დღეს ყველასთვის შავად არის საქმე", რადგან ლარის გაუფასურებასა და ფასების მატებაზე საგარეო ფაქტორები და ოპოზიციის მიერ ატეხილი პანიკა მოქმედებს. თუმცა თვლის, რომ მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს."ოპოზიცია ყველა წესიერი თუ უწესო გზით ცდილობს გაუფუჭოს მთავრობას მდგომარეობა. ლარის გაუფასურება და ცხოვრების გაძვირება არავის არ სიამოვნებს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთი საკითხი არ არის, ბევრი რამეა. ის, რომ მსოფლიოში დოლარის გამყარებაა, ის, რომ ჩვენ საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს, იმპორტზე ძალიან ვართ დამოკიდებული და ისიც, რა თქმა უნდა, რომ ალბათ, მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს," - ამბობს არველაძე.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად საგარეო ფაქტორს ასახელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, თუმცა როგორც გუშინ მთავარი საფინანსო უწყების განცხადებაში იყო ნათქვამი, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს, რის გამოც 40 მლნ დოლარის გაყიდვაც დასჭირდა, თუმცა დევალვაციას ამანაც ვერ უშველა და ამ ტრანზაქციის შემდეგ ლარი კიდევ 4 თეთრიც დაეცა.

ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ მომავალ კვირას გაირკვევა გაიზრდება თუ არა გაზისა და დენის ტარიფი.

ოპოზიცია: კრიზისი გარდაუვალია

ოპოზიცია კრიზისს აანონსებს. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმა, რეალური არ არის და ქვეყანა "ამ კრიზისს ვერ გაუძლებს".

"ხელისუფლება და მისი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია მართოს და დაარეგულიროს კრიზისული ვითარება. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა არის ჰაერი. ჩვენი პროგნოზია, რომ გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდისა და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი," - ამბობს ინაშვილი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი გუშინ მოითხოვა, რომ მომავალ ოთხშაბათს ეკონომიკური გუნდის მინისტრები, გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი პარლამენტში მივიდნენ და ახსნან, ლარის კიდევ უფრო გაუფასურების თავიდან ასაცილებლად რა კონკრეტული გეგმები აქვთ.

დავით ბაქრაძის თქმით, ლარის გაუფასურების, შემოსავლების შემცირებისა და პროდუქტის გაძვირებასთან ერთად ორი კონკრეტული საფრთხის წინაშე ვართ.

პირველი, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულზე დარჩება ან კიდევ უფრო გაუფასურდება, მთავრობა იძულებული იქნება, გააძვიროს დენი და გაზი.

"ეს არის ძალიან კონკრეტული საფრთხე, რომელზეც დღეს მთავრობა არ საუბრობს და რომელსაც თავს არიდებს, თითქოს არაფერი არ ხდება," - აღნიშნავს ბაქრაძე.

მეორე საფრთხე კი მისი თქმით, ისაა, რომ არავინ არ იცის ერთ თვეში ან 6 თვეში როგორი იქნება ლარის კურსი და ეს მოსახლეობასა და ბიზნეში სრულ გაუგებრობას იწვევს.

"ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. 65% უარყოფითი სალდო გვაქვს. ის წამალი, რომელსაც პენსიონერი ყიდულობს, ნაყიდია დოლარზე და ამიტომ დოლარის გაძვირებასთან ერთად ძვირდება წამალი. ის პროდუქტი, რომელსაც პენსიონერი ყიდულობს, შემოტანილია დოლარის ფასით და ძვირდება ისიც. თუ გაისად არ იქნება სიცხადე, როგორი იქნება დოლარის კურსი, გვექნება ნაკლები ეკონომიკური ზრდა და სრული ეკონომიკური კოლაფსი."

"ოცნება": მათ ხელში უკეთ იქნებოდა საქმე?!

მივლენ თუ არა ეკონომიკის ბლოკის მინისტრები მომავალ ოთხშაბათს პარლამეტში და რითი ახსნიან ლარის გაუფასურების ვერშეჩერებას, ამაზე ოფიციალური განცხადება თავად მინისტრებს ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ მინისტრებთან კითხვები არ აქვთ.

"ის, რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, სწორედ საგარეო ფაქტორების დამსახურებაა," - ოპოზიციის მხრიდან მინისტრების დაბარებაზე საპასუხოდ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის დევალვაცია პირდაპირ განაპირობებს ჩვენი ვალუტის კურსის დევალვაციას და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ყველა სამთავრობო ინიციატივა სწორედ გარე ფაქტორების განეიტრალებასა და საქართველოში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გულისხმობს.

დეპუტატი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაზე და მთავრობის გეგმაზე საუბარი 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს იყო, კითხვებიც ბევრი დაისვა და პასუხებიც იყო, მას შემდეგ კი მხოლოდ ერთი კვირა გავიდა და ამიტომ მინისტრების დაბარება შედეგის მომცემი ვერ იქნება, ისინი ახალს ვერაფერს იტყვიან.

"მგონია, რომ ეს მინისტრების მუშაობის ხელის შეშლაა. ეს შედეგის მომცემი არ იქნება. რა თქმა უნდა მინისტრები არიან პასუხისმგებლები ლარის გაუფასურებაზე და პასუხის უნდა აგონ, მაგრამ კარგი მოიყვანონ მინისტრები, მერე რა შედეგი იქნება? ამით რისი თქმა უნდათ, რომ ისინი რომ იყვნენ უკეთ იქნებოდა საქმე?! რაც ხდება ეს მარტო მინისტრების მუშაობაზე არ არის დამოკიდებული, არამედ მრავალ ფაქტორზე. საქართველოს დღეს არ გააჩნია საექსპორტო პროდუქცია იმ რაოდენობით, რომ ამან ლარის სტაბილიზაციაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. ამავდროულად ბევრი საქონლის იმპორტს ახორციელებს, იგივე ბუნებრივი აირსა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ვერ შეწყვეტს. პლუს, დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა და ამას საქართველო გვერდს ვერ აუვლიდა. როდესაც ადამიანს დაუძახებ და ელაპარაკები, იმას უნდა მისცე საშუალება რაღაც პერიოდი იმუშაოს. ერთი კვირის წინ მთავრობას უსმენდნენ და ერთ კვირაში ატეხო ამბავი, რატომ ვერ ასრულებო, მგონია ამაში პირდაპირ ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი, რომ დღევანდელი სურათი შავად წარმოაჩინონ," - ამბობს არველაძე.

მთავრობის მსგავსად ვერც არველაძე გვპირდება რაიმე დამაიმედებელს. პირიქით, ამბობს იმასაც, რომ მართალია "დღეს ყველასთვის შავად არის საქმე", მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, კიდევ რამდენად შეიძლება გაუფასურდეს ლარი. მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ ამ "შავ სურათს" გაზის ტარიფის გაზრდაც დაემატოს.

"ეროვნული მარეგულირებელი კომისია ამ პარასკევს იხილავს ტარიფებს. აქედან გამომდინარე გამოჩნდება არის თუ არა რაიმე რეზერვი, რომ ტარიფი არ გაიზარდოს. ელექტროენერგიის ტარიფში ჩანს რაღაც რეზერვი და შეიძლება არ გაიზარდოს, მაგრამ გაზზე ალბათ გაიზრდება," - დასძენს არველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×