ელზა პაპოშვილი
22.12.2016

 არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" საჩივრის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობენ, რასაც "ქართული ოცნების" დეპუტატები კატეგო-რიულად არ ეთანხმებიან.

მათი აზრით, რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოებს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს და მათთვის ხელ-ფეხის შებოჭვა დაუშვებელია.

თუმცა, მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ეს ნორმები საგამოძიებო უწყებებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, შესაძლოა, მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს, თუკი ამას საგამოძიებო ორგანო პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე საჭიროდ ჩათვლის.

ასევე დავის ერთ-ერთი საკითხია ისიც, რომ ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი, მეორე პიროვნებას კი ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები კონსტუტუციით გარანტირებულ, პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

"კონტრდაზვერვის საქმიანობის შესახებ მარეგულირებელ კანონმდებლობაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. დღეს კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში სამართალდამცავებს, კონკრეტულ უწყებებს შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე აუდიოჩაწერა, ვიდეო-ფოტო გადაღება აწარმოონ, რის შესახებაც ადრესატს ინფორმაცია არ ექნება. ეს კი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის," - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა გურამ იმნაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას არ ეთანხმება.

მისი აზრით, თუ სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს ქვეყნის უსაფრთხოების დასუსტებას გამოიწვევს. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც ტერორიზმის რისკი მსოფლიოსა და ევროპაში მაღალია, კონტრდაზვევრით სამსახურებს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მეტის საშუალება უნდა მიეცეთ.

"როგორც ვხედავთ, მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხე საკამოდ მზარდია და ყოველდღიურად ტერორისტული აქტების მომსწრენი ვხდებით. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა თავისი სპეციფიკით გამორჩეულია და სპეციალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს - სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს, აგენტურასთან მუშაობას, მათ შორის საერთაშორისო აგენტურასთან თანამშრომლობას და სხვა. ამიტომ, დაუშვებელია, რომ მათ გარკვეული სახის შეზღუდვები დაუწესოთ.

"პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდგომ, ევროკავშირმა შესაბამისი მიმართვა მიიღო, რომლითაც რიგ სახელმწიფოებს კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდა, რათა კონტრდაზვერვით სამსახურებს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მეტი საშუალება მიეცეთ," - ამბობს სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების უასფრთხოებას არ წაადგება. მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც რეგიონში და მსოფლიოში ტერორიზმის რისკი გაზრდილია.

"ასეთ ვითარებაში, როდესაც რეგიონში და მსოფლიოში ტერორიზმის რისკი გაზრდილია და ბოლო დღეებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი თავდასხმების და ტერორისტული აქტების მომსწრენი ვართ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უნდა მოხდეს. პირიქით ვფიქრობ, რომ კონტდაზვერვის სამსახურებს უფრო მოქმედების მეტი საშუალება უნდა მივცეთ.

"მინდა ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და ერთი ხელის მოსმით ნუ დავუპირისპირდებით ისეთ რეგულაციებს, რომლებმაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ოჯახები უნდა დაიცვას," - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×