როდის გამოჩნდება საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილი და რატომ არ აკეთებს შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, კერძოდ ლარის კურსზე? - სწორედ ამ კითხვებით გვინდოდა ყოფილი პრემიერისთვის მიგვემართა, რადგან საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა მისი, როგორც ფინანსისტის მოსაზრება და შეფასებები, რისთვისაც "ქართუ ჯგუფის" საზოგადობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან დაკავშირებას შევეცადეთ, ზარზე არპასუხის შემდეგ კი, შეტყობინება მივწერეთ, თუმცა არ გვიპასუხა.
ივანიშვილის დუმილი საეჭვოდ დაემთხვა ლარის კურსის დაცემას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს. ეს მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ ყოფილი პრემიერი ადრე საკმაოდ აქტიურად კომენტირებდა ქვეყანაში მიმდინარე ბევრ პროცესს, მათ შორის ჟურნალისტურ სტანდარტებს.
თუ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება მოგვიხერხდა, ჩვენ კიდევ ერთი კითხვა გვექნება მასთან: აპირებს თუ არა, ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, იმისთვის, რომ თუნდაც ლარის კურსის დასტაბილურება სცადოს, რომელიც ყოვლდღიურად, მეტიც - საათობრივად ეცემა?
შეგახსნებეთ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ყოფილი პრემიერი ამბობდა, "თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავრუნდები"-ო.
საინტერესოა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ლარის ამგვარი დაცემა, არის თუ არა საკმარისი უბედურება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს.
მანამდე კი, მისი წერილიდან რამდენიმე ფრაგმენტს შეგახსენებთ.
"მინდა, მოსახლეობას ანგარიში ჩავაბარო, ვინაიდან 2011 წელს სწორედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ვარ, ამ პასუხისმგებლობას დღემდე ვგრძნობ," - ასე იწყებოდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც მაისში გამოაქვეყნა. შემდეგ კი იმისთვის, რომ მოსახლეობას "ქართული ოცნება" აერჩია, ყველა რეგიონი მოიარა და უკეთესი ცხოვრების დაპირებით, საკუთარი ხედვა და ანალიზი შესთავაზა.
თუმცა მანამადე, 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლას ასე ამართლებდა:
"ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას."
ჯერ კიდევ მაისში ის წერდა, რომ "ახალი მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა გახდა, რომლის შედეგიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ყველა ფენისათვის." აქვე აღნიშნავდა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ "უმნიშვნელოვანეს მიღწევას" ქვეყნის ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე გადაყვანა წარმოადგენდა.
"2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე - 2009-2012 წლებში."
სიამაყით აღნიშნავდა იმასაც, რომ ხელფასის მატებასთან ერთად, 2013-2015 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში 55 000 ადამიანით გაიზარდა.
"2013-2015 წლებში რეალური ხელფასი გაიზარდა 175 ლარით, 2010-2012 წლებში კი - მხოლოდ 78 ლარით; პენსიების რეალურმა ზრდამ (მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით) შეადგინა 24,1%."
ექსპრემიერი მაშინ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ დოლარის კურსი აიწევდა და 175 ლარით მეტი ხელფასი, მოსახლეობისთვის შვების მომგვრელი ვერ იქნებოდა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ორიენტირად 2030 წელი ავიღე და საზოგადოება "2030" დავაფუძნე, რადგან ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. ეკონომიკური გათვლების გარდა, ამის იმედს მაძლევს ჩვენი ხალხის ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, სწრაფვა სიახლის შეცნობისკენ და, რასაკვირველია, ჩვენი ახალგაზრდების გონიერება, დიდი შემართება, თვითორგანიზების უნარი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული," - აღნიშნავდა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მომავალს, მოსახლეობის კეთილგონიერებისა და თმენის იმედად ტოვებს.
"როცა ამას მოვახერხებთ და სიდუხჭირეს თავს დავაღწევთ, მაშინ ქართულ ფენომენსაც ოქროს ხანა დაუდგება და ყველასთვის მიმზიდველი გახდება ჩვენი ლამაზი და ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა," - წერდა ყოფილი პრემიერი და იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" გამარჯვების აუცილებლობა დაენახვებინა, მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას.
"აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს. ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს - ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის.
"სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას!
"ცხადია, გაჩნდება შეკითხვა - რატომ უნდა აღმოჩნდეს ვინმესთვის საინტერესო ჩემი ხედვა და რჩევა?! ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებდი - ყველა ადამიანს უყვარს თავისი სამშობლო და არც მე ვარ გამონაკლისი. შეძლებისდაგვარად მეც ვემსახურები ქვეყანას, ამასთანავე, ვფიქრობ, ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მაქვს მოვლენების მართებული ანალიზის უნარი, რითაც წარმატებას მივაღწიე როგორც ბიზნესში, ასევე - ქვეყნის ტირანიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლაში და რაც შეიძლება, მომავალშიც გამოადგეს ჩემს ქვეყანას.
"ჩემი ერთადერთი ფიქრი ის არის, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დავაგვირგვინოთ ის საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები საძირკველს საუკუნეების განმავლობაში უყრიდნენ და თქვენთან ერთად მეც და ჩემს ოჯახსაც გვიხაროდეს საქართველოში ცხოვრება."