კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონი, შესაძლოა, შეიცვალოს - საჩივრის შეტანიდან ერთი წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" კანონის იმ ნორმის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუდიო-ვიდეოთვალთვალი სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლია.
არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას არ იზიარებს სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც სასამართლო პროცესის დახურვა მოითხოვა. სარჩელის გარშემო მწვავე შეფასებები როგორც მართველ გუნდში, ასევე ექსპერტების მხრიდან კეთდება.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სახიფათო ზონაში იმყოფება. ამიტომაც, მისი აზრით, ხელაღებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისთვის გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება, დაუშვებელია.
"იმ ვითარებაში, რომელშიც საქართველო რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმყოფება, კონტრდაზვერვის სამსახურებისთვის რამე სახის შეზღუდვების დაწესებას, დაუშვებლად მივიჩნევ.
"ვფიქრობ, მომჩივანი და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ერთად უნდა დასხდნენ და ექსპერტების ჩართულობით, იმ რისკების შესახებ ისაუბრონ, რაც მსგავსი ნორმების დაწესებას შეიძლება მოჰყვეს.
"ამ ხალხმა უნდა მოილაპარაკოს და რაღაც შეთანხმებამდე მივიდნენ. აუცილებელია, რომ მათ შორის კონსენსუსი შედგეს. ხელაღებით იმის თქმა, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს და ეს ნორმები უნდა შევზღუდოთ, მგონია, ამას ცოტა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს", - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში რამე ტერორისტული აქტის შემდეგ, ეს კანონი უკან მივიღოთ.
არეშიძის განცხადებით, შემდეგ საზოგადოება ხელს ხელისუფლებისკენ გაიშვერს და იკითხავს, რატომ არ მოხდა მსგავსი საფრთხის ქვეყნისთვის არიდება.
თუმცა აღმოჩნდება, რომ უშიშროების სამსახურებმა, სწორედაც რომ შეზღუდული უფელბებიდან გამომდინარე, დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლეს. ამიტომ, კონფლიქტოლოგის აზრით, სასამართლოები და ყვირილი საჭირო არ არის. ევროპას კანონის ასეთი სირბილე, ადამიანების სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
საფრანგეთმა და ბელგიამ ეს უკვე მწვავედ იწვნია და ჩვენს ქვეყანას ახლა ფსევდოტოლერანტობა არაფერში სჭირდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელის განხილვას, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მომეტებული საფრთხეების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სამსახურისთვის კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსილებების შეზღუდვა დაუშვებელია.
მისი თქმით, რეგიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუშვებელია, კონტრდაზვერვის სამსახურებს და მის თანამშრომლებს მსგავსი სახის აკრძალვები დავუწესოთ. ეს პირდაპირ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უასფთხოებას დააზარალებს.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნების, უსაფრთხოების სამსახურებს, კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში ანალოგიური უფლებამოსილება აქვთ. მისი თქმით, ევროპაში მიმდინარე ტერორისტული აქტების ფონზე, გერმანიამ და საფრანგეთმა პირიქით, უშიშროების სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაზრდაც კი მოითხოვეს.
"ის, რასაც იემსი ითხოვს, უბრალოდ, დაუშვებელია, მითუმეტეს რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე. უშიშროების სამსახურისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა, პირდაპირ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას აზარალებს.
"კონტრსადაზვერვო საქმიანობა ზოგადად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში სპეციალური ღონისძიებების სისტემა, როგორც ოპერატიული ღონისძიებების, ასევე ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ერთობლივი ჯაჭვი.
"კონტრდაზვერვის საქმიანობისას, ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს ტერორისტების და მათი დაჯგუფებების გამოვლენა ევალება. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ყველა ეჭვმიტანილზე მუშაკმა მოსამართლესთან უნდა ირბინოს და თვალთვალის ან მიყურადების უფლება ითხოვოს. ეს შეზღუდვა, მას ოპერატიულად მუშაობის საშუალებას მოუსპობს", - ამბობს ბერაია.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რეგიონის სპეციფიკის და ზოგადად რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, აბსოლუტურად დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის კონტრსადაზვერვო საქმიანობის ფარგლებში უფლებამოსილებების შეზღუდვა, რაც ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტებას გამოიწვევს და არსებულ რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება, დღეს გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე, პრობლემებს ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებას შეუქმნის.
მისი აზრით, კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფების ეფექტურად მუშაობისთვის განსაზღვრული ინსტრუმენტების შეზღუდვის მოთხოვნა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლის მცდელობას უფრო ჰგავს.
"კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა საფუძველზეც კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდული დროით დასაშვებია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის შესაძლო საეჭვო პირის, მოსამართლის ნებართვის გარეშე, ფარული თვალთვალი და მიყურადება, ხელ-ფეხს გაუხსნის ტერორისტებსა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მსურველებს.
"ამიტომაც, ასეთი შეზღუდვის წინააღმდეგი ვარ და მემგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესება სადაზვერვო სამსახურებისთვის მიუღებელი იქნება", - განაცხადა ბესელიამ.
თუმცა, მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ნორმები საგამოძიებო უწყებებს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას აძლევს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ახლანდელი კანონმდებლობა უწყების პირად ცხოვრებაში ჩარევას სასამართლოს ყოველგვარი ჩართულობის გარეშე ახორციელებს, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. "იემსიმ" ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში მიმართა.
"იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს კანონის არაკონსტიტუციურობას, რაც გახდება იმის საფუძველი, რომ საკანონმდებლო ორგანომ გადასინჯოს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის მარეგულირებელი ნორმები", - განაცხადა "იემსის" წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.