ხორცი, ქათამი, თევზი, საცივი, გოჭი, საჩუქრები, ფეერვერკები, შამპანური - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაზე უარის თქმაც საახალწლოდ მოსახლეობას ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობების გამო უწევს.
მოქალაქეები უფულობასთან ერთად განწყობის უქონლობასაც უჩივიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში უიმედობის განცდაა გამეფებული. ვალუტის გაუფასურება მათ არასტაბილურობის შეგრძნებასა და უფრო ცუდის მოლოდინს უჩენს, რაც საბოლოო ჯამში, მათ განწყობაზე აისახება - "არ გვეზეიმება," - ასე ახასიათებენ რიგითი მოქალაქეები თავიანთ მდგომარეობას.
"რეზონანსი" სურსათის ბაზარს ეწვია და გამყიდველებსა თუ მყიდველებს გაესაუბრა. დაინტერესდა, თუ რამდენად აისახა მათზე ლარის გაუფასურება და არის თუ არა რამე ისეთი, რაზეც ეკონომიკური პრობლემების გამო საახალწლოდ უარის თქმა უწევთ. სია კი იმაზე გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
დაახლოებით ოც ადამიანს ვესაუბრეთ და მათში არავინ აღმონდა ისეთი, ვინც თქვა, რომ კურსმა მის ოჯახსა და შემოსავადზე გავლენა არ იქონია და ამიტომ ახალ წელს ჩვეული ტრადიციებით შეხვდება.
ჩვენი რესპონდენტების აბსოლუტური უმეტესობა აცხადებს, რომ ქართულ საახალწლო ტრადიციულ კერძებზე უარის თქმა მოუწევთ. მათ სუფრაზე არ აღმოჩნდება: საცივი, გოჭი, შამპანური და ზოგ შემთხვევაში გოზინაყიც კი. ზოგიერთმა, ნიგოზის სიძვირის გამო, გოზინაყის ალტერნატიული ვერსიაც კი შემოგვთავაზა - მიწის თხილის გამოყენებით.
მზია ლეჟავა (ქიმიკოსი): "ჩემი შვილიშვილებისათვის ყოველ წელს საჩუქრებს ვყიდულობდი ხოლმე და წელს აშკარად მომიწევს ამაზე უარის თქმა. ექვსი შვილიშვილი მყავს და ექვსი საჩუქარი უკვე აღარაა ადვილი საყიდელი. კიდევ ალბათ სუფრაზეც შევზღუდავთ კერძების არჩევანს. მართალია, ჩემს ოჯახში დოლარში სესხი, საბედნიეროდ, არავის აქვს, მაგრამ ყველაფერი ისეა გაძვირებული, თავს ფუფუნების უფლებას ნამდვილად ვეღარ მივცემთ."
სოსო ჯღარკავა (69 წლის, პენსიონერი): "ისედაც დიდი ხანია საახალწლოდ ბევრ რამეზე ვამბობთ უარს. გოჭი და საცივი ჩემი ოჯახის საახალწლო სუფრაზე წლებია აღარ ყოფილა. ინდაურს ქათმით ვანაცვლებდით ხოლმე და წელს ალბათ წიწილით ჩავანაცვლებთ."
მაია სუარიშვილი (რეპეტიტორი): ზუსტად ახლა გამოვედი ბაზრიდან, რაღაცები უკვე ვიყიდე, ვიფიქრე რომ ბოლო დღეებში უფრო გაძვირდება. თუმცა ახლაც საკმაოდ ძვირია. წინა წლებთან შედარებით ნაკლები ტკბილეული ვიყიდე - კანფეტები უფრო ცოტა და იაფიანი. ხილის რაოდენობაც შევამცირე. 12 საათზე შამპანურის გახსნა გვქონდა ტრადიციად და წელს აღარ მიყიდია.
"იცით რა არის, ადამიანს სესხი რომც არ ჰქონდეს, ქვეყანაში იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ საახალწლო და საზეიმო განწყობა არავის აქვს. ახალი წელი და შამპანური მაშინ გიხარია, როცა გეზეიმება. ჩვენ კი, ასე მგონია, რომ არაფერი გვეზეიმება. ბავშვები რომ არა, შეიძლება ისიც არ გამეკეთებინა, რასაც ვაკეთებ. ირგვლივ იმდენი პრობლემაა, იმდენი გაჭირვებული, რომ ახლა ქეიფისა და დრისტარებისთვის ნამდვილად არავის სცხელა".
ნათელა (44 წლის): "ფეიერვერკები, ნაძვის ხის სათამაშოები, ინდაური-ამ ყველაფრის ყიდვას წელს ნამდვილად აღარ ვაპირებ. ყოველთვე ბანკში 370$-ს ვიხდი, მთელი ოჯახი გიჟებს ვგავართ, რა გვეფეიერვერკება?
ნიგოზიც ისეთი ძვირია შეიძლება გოზინაყისთვის ვერც ვიყიდო და მიწის თხილით გავაკეთო. ჩურჩხელებსაც ვყიდულობდით ყოველ წელს და ახლა ალბათ მაგასაც ვერ შევძლებთ. საჩუქრებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. 3 იანვარს მაქვს ბანკში სესხი შესატანი და კაპიკს კაპიკზე ვადებთ."
თაკო კანკავა (24 წლის, ბანკის თანამშრომელი): "ყოველ წელს საახალწლო აქსესუარებს ვყიდულობთ ხოლმე, მაგრამ წელს ისე გაძვირებულია ყველაფერი, რომ აღარ მიყიდია. საახალწლო ფასდაკლება რომ ცხადდება ხოლმე მაღაზიებში, ყოველთვის ვსარგებლობდი, მაგრამ წელს არც ფასდაკლება და არც ფული მაქვს სამაგისო. სამეგობრო ბაკურიანში წასვლას ვგეგმავდით, მაგრამ ეგეც გადავიფიქრეთ.
სიმართლე გითხრათ, ჩემი ხელფასი თვიდან თვემდე ძლივს მყოფნის. ამბობენ, რომ ახლა მგზავრობა და კომუნალურებიც უნდა გაძვირდეს და მართლა არ ვიცი მერე რა გვეშველება. ხელფასი ალბათ გზის ფულადაც არ მეყოფა. ასეთ დროს, როცა კურსი იწევს და ყველაფერი ძვირდება, ხელფასსაც უნდა გვიმატებდნენ."
ნაირა ტეფნაძე (39 წლის, დიასახლისი): "ხორცის ყიდვას, ალბათ ვერ შევძლებ. ჩვენი მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ არ გავსუქდეთ და არ გავზარმაცდეთ. ბავშვებს შოკოლადს რომ ვერ უყიდი, ის რა ახალი წელია? თან თავხედობა ჰყოფნით, ყოველდღე ტელევიზიით გამოდიან და გვიმტკიცებენ - არაფერი გაძვირებულაო. ნეტა მაღაზიებში და ბაზარში ბოლოს როდის შეიხედეს?
ჩვენს მთავრობას ჰგონია ხალხიც ისე ცხოვრობს, როგორც თავად ცხოვრებენ. ნეტა თუ იციან, რომ მათ სუფრაზე გოჭი და ინდაური რომ ედებათ, ჩვენ ხორციანი კერძიც სანატრელი გვაქვს?"
რეზო ბიბილაშვილი (ხორცით მოვაჭრე): "წინა წლებში ამ დროს "გაქანებული" ვაჭრობა გვქონდა ხოლმე, წელს სიტუაცია ჩავარდნილია. ბევრი ვერ ყიდულობს ხორცს, ერთი ლარის დაკლებაზე იმდენს გვეხვეწებიან, მეცოდებიან, უჭირს ხალხს. ყველას გვიჭირს - მყიდველსაც და გამყიდველსაც. ასე თუ გაგრძელდა დაცარიელდება ბაზარი".
ხალხის განწყობა და იმედგაცრუება პოლიტოლოგ, პროფესორ იგორ კვესელავას არ აკვირვებს. ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს, ხოლო მდიდრებსა და ღარიბებს შორის იმხელა უფსკრულია, რომ მათ ერთმანეთის პრობლემების არ ესმით.
"ადამიანს, რომელთაც წელიწადში მილიონიანი შემოსავალი აქვს, ბაზარში რამის ყიდვა გაუჭირდება? ან იმის პრობლემებს გაიგებს, ვისაც ახალ წელს რამეს ყიდვა არ შეუძლია? ბაზარში შესვლა მეცნიერს, ჟურნალისტს და მხატვარს უჭირს", - აცხადებს კვესელავა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მდგომარეობის გამო საქართველოში ქუჩაში არავინ გამოსულა, ახლა შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს და თუ ხალხმა ცოტაოდენი შვება ახალი მთავრობის მოსვლიდან 100 დღის გასვლის შემდეგაც ვერ იგრძნო, პოლიტოლოგი მასშტაბურ სახალხო პროტესტსაც არ გამორიცხავს. ამბობს, რომ თუკი ამის ორგანიზება მოხერხდა, ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.
"სოციალური პროტესტი გამორიცხული არაა. ყველა შევუერთდებით მას. პირადად მეც აუცილებლად. ამდენი ტყუილი უნდა დამთავრდეს. ხელისუფლებას სამი თვე უნდა მივცეთ, პირადად მე ვაძლევ და ვნახავთ თუ რა იქნება სამი თვის შემდეგ. თუ არაფერი შეიცვალა, მთავრობა უნდა გადადგეს.
"იტალიაში ერთ წელიწადში მთავრობა ოთხჯერ გადადგა და აქაც იგივე მოუწევთ. ჩვენ ხომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. საპარლამენტო რესპუბლიკისათვის კი მთავრობის ხშირი ცვლაა დამახასიათებელი", - დასძენს იგორ კვესელავა.