"ნაციონალური მოძრაობის" გარშემო კვლავ ნებათაღელვაა - თანაპარტიელები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგა ბოკერია და მისი მომხრეები პარტიის თავმჯდომარეობიდან ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის გადაყენებას, 20 იანვარს გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, პარტიის დაშლის საფუძველიც გახდება. ყოველ შემთხვევაში ამ საშიშროებაზე თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც საუბრობენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს არსებობას", - ამის შესახებ პარტიის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.
დარჩიაშვილი ეხმაურება თავისი კოლეგის, გივი თარგამაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დაშალა.
"ტარას ბულბა გახსოვთ? დამაინტრიგებლად იკვეთება უკრაინული ლიტერატურული სახე და ენმ-ში მიმდინარე პროცესები. ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება (საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ)", - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
"შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორ აფასებთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირსპირება არ არის. უბრალოდ ასე ჩანს, ეს ყველაფერი საჩვენებლად არის გაკეთებული, რომ ვითომ დასუსტდნენ. მე მგონი როგორც ყოველთვის კვალივინდებურად გააგრძელებენ ოპონირებას.
"საერთოდ, პოლიტიკაში, როგორც წესი, ძალიან ძნელია რაღაცის პროგნოზირება, მაგრამ ვფიქრობ ძლიერები გაიმარჯვებენ. "ნაციონალებში" კი ერთიანი გუნდი გაიმარჯვებს."
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ გუნდში, რომელიც ნელნელა იშლება, აზრთა დაპირსიპირება ყოველთვის მოსალოდნელია, მითუმეტეს თუ ეს ხდება ცვლილებების ფონზე. ამიტომ ეს გაგრძელდება მომავალ წელსაც, რის შედეგადაცა "ნაციონალებში" გამოიკვეთება ვინ არის საშინაო და საგარეო ლიდერი და მოხდება ახალი ჯგუფების, შიდა ფრაქციების ჩამოყალიბება. ეს აუცილებელიც არის, რადგან ეს გუნდი დამარცხდა არჩევნებში და მას ტრანსფორმაცია სჭირდება.
"სააკაშვილის გუნდს გამარჯვების ნაკლები შანსები აქვს. მისთვის საერთოდ უმძიმესი წელიწადი მოდის და უნდა იყოს ძალიან ფრთხილად - შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია. მათი წარმატების შანსი მინუმუმდეა დაყვანილი. წარმატების შესაძლებლობა უფრო მეორე მხარეს გადაიხრება."
ზურა ვადაჭკორია (ილუზიონისტი): "ერთმანეთის კინკლაობაში უაზროდ დროს კარგავენ. შაჰა-ბასმა თქვა კარგი რამე - ქართველებს ერთმანეთი რომ უყვარდეთო, მათი მომრევი მსოფლიოში არავინ არ არისო.
"მემგონი აი, ამ კინკლაობას ჯობია ყველამ თავის საქმე აკეთოს და ხალხის სიყვარულს მიხედონ და არა სკამებს. კინკლაობით არაფერი კეთდება."
ნიკუშა შენგელაია მხატვარი): "ნაციონალური მოძრაობა" რაც დავამარცხეთ, იმის შემდეგ აღარ მაინტერესებს. რაც უნდათ ის უქნიათ. არ მაინტერსებს მათი პოლიტიკური ბედი, მაგათზე ინფორმაციას აღარ ვუსმენ. საერთოდ, ზნედაცემული ადამიანები არ მაინტერესებს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე