სერგო ჯაყელი
რა არის საჭირო არაანგაჟირებული სიტუაციური ანალიზის გასაკეთებლად? სამი რამ: საქმის ცოდნა, დაკვირვება და დეტალებში დამალული ეშმაკების მოძებნა! პოსტულატების გამოყენებით განვიხილოთ დღევანდელი რეალობა: რასთან (ან ვისთან) გვაქვს საქმე!!!
თავიდანვე, მოცემულობის სახით, დავაანონსოთ პირობა, რომ სამთავრობო გუნდი მთლად გენიოსებით თუ არა, კარგი პროფესიონალებითაა დაკომლექტებული და შესანიშნავად ხედავს (ან ელის) ყველა იმ მოვლენას, რასაც შეცდომაში უთვლიან. მოცემულობაში კიდევ ერთი აუცილებელი გარემოება მივიღოთ: ეკონომიკა პოლიტიკის გაგრძელებაა (ან პირიქით)!..
სამყარო ციკლური პროცესებით ვითარდება: აღმავლობას კრიზისი მოჰყვება. ვარდნა გარკვეულ დონემდე ხდება, ვითარება სტაბილურდება, მერე შეცვლილი პარამეტრებით ეკონომიკა ნელ-ნელა იწყებს ზრდას. ასეთი ციკლები არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ნებისმიერ ბუნებრივ სისტემაში ხორციელდება და მათი ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ანუ კრიზისს აქვს ლათინური ქ-ის მსგავსი ვიზუალი. ჩვენი კრიზისი საფეხურებიანია. ვარდნას შესვენების გარკვეული ეტაპი მოსდევს, მერე პროცესი რამდენჯერმე მეორდება. კრიზისის ასეთ ტიპს პოლიტიკურს ეძახიან, რადგან, სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ის მეტწილად მართვადია.
დააკვირდით ლარის დინამიკას. მან ვარდნა მაშინ დაიწყო, როცა დოლარის გამყარებაზე ჯერ არც კი იყო ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რამდენად მგრძნობიარეა ჩვენი ვალუტა, რომ იწინასწარმეტყველა დოლარის გამყარება! დროის განმავლობაში ვარდნის საფეხურების ზომა იცვლებოდა, რასაც უამრავი გარე მიზეზი მოეძებნა. როგორია პიარი? ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს, მეზობლებს უარესად უჭირთ, მალე ზრდის მაღალ ტემპს მივაღწევთ და ა.შ. ანუ ეკონომიკური ანალიზი პოლიტიკური დემაგოგიით გადაიფარა.
ეკონომიკური თეორია გვაცნობს, რომ შიდაწარმოების და ექსპორტის განვითარებისთვის ეკონომიკას ესაჭიროება ბევრი და იაფი ფული. მთავრობა ამასაც აანონსებს: ორი წლის განმავლობაში ფულის მასა ორჯერ უნდა გაიზარდოს. მაგრამ ჭარბი ფული ინფლაციის ზრდას იწვევს. საპირისპირო პროცესები ირთვება. ერთი მხრივ, ინფლაცია აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის, მეორე მხრივ - დამღუპველია მოსახლეობისთვის. ამ სამი პარამეტრის (ფულის მასა-ინფლაციის დონე-ფასების ზრდის ტემპი) შეფარდება უნდა იყოს დაბალანსებული.
როგორ იქცევა მთავრობა? მან წინასწარ განაცხადა გადასახადების ზრდაზე, რამაც ლარის ვარდნას და ფასების მატებას ხელი შეუწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება "ა-გ-დ-ე-ბ-ს" ლარს და ფასების ზრდის ტემპს აკვირდება. ანუ პროცესი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სავალუტო ბაზარზე გაუთვალისწინებელი სპეკულაციები ხორციელდება, ეროვნული ბანკი ახდენს საწინააღმდეგო სავალუტო ინტერვენციებს. დანარჩენ შემთხვევაში ის პროცესში არ ერევა. აქედან გამომდინარე, ლარის ვარდნის შეჩერებას მაშინ უნდა ველოდოთ, როცა ინფლაციის ზრდის ტემპი საშიშ ზღვარს მიაღწევს. აი, აქ ეროვნული ბანკი გამოიყენებს დაანონსებულ ქმედებებს. ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ამერიკელების მიერ შექმნილი მართვადი ქაოსის თეორიის ერთ-ერთი განშტოებაა.
დეტალები კიდევ ერთ რამეზე ქადაგებს. ახალი წლიდან დაიწყება საბანკო სფეროს რეგულაცია, რაც მათ მომგებიანობას შეამცირებს. ამაზე მეტყველებს თბს-ბანკის მენეჯმენტის მიერ კუთვნილი აქციების გაყიდვის ფაქტი: ოქროს კვერცხმდებ კრუხს ტყუილად არ იშორებენ!
კიდევ რას გვიამბობს დეტალები? ქვეყნის სტაბილურობას აყალიბებს ორი რამ: ვინ ფლობს ქონებას და რამდენად მზადაა ქონების მფლობელი არაპოპულარული პოლიტიკის დროსაც გაჰყვეს ხელისუფლებას. თუ დააკვირდებით, ამ პრინციპის გათვალისწინებით ხელისუფლება ქმნის ახალ ზეპარტიულ ელიტას, სადაც მსხვილი ბიზნეს-პოლიტ-სამართალ ბობოლებია გაერთიანებული. აქ წინა პლანზე ჯგუფური ინტერესებია წამოწეული და არა საზოგადოებრივი მოთხოვნა და ზნეობა.