ეკატერინე ბასილაია
26.12.2016

 საკონსტიტუციო კომისიის 70 წევრი ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან შეუდგება და მათ ფორსმაჟორული დრო, 3,5 თვე აქვთ იმისათვის, რომ წარმოადგინონ კანონპროექტი, კონსტიტუციის რომელი მუხლი როგორ უნდა შეიცვალოს. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნებისთვის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა იქნება, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციისთვის - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და ამ საკითხების გამო პოზიცია-ოპოზიციას შორის მომავალი შეუთანხმებლობაც უკვე დაანონსდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია. ამომრჩევლებისთვის არჩევის უფლების ჩამორთმევა და მისი პარლამენტისთვის გადაცემა იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დანიშნული მარიონეტი იქნება და ის მთავარ - არბიტრის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს.

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ პარტიას არც ერთ საკონსტიტუციო დებულებასთან დაკავშირებით წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ აქვს, თუმცა კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ჩაწერა რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, "ოცნებამ" არჩევნების პირველი ტურის მოგებისთანავე განაცხადა.

გარდა ამისა, მაშინვე დასახელდა კიდევ ორი ცვლილების სურვილი - პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და ქორწინების დეფინიციის შეცვლა ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის ჩაწერით.

საგულისხმოა, რომ "ქართული ოცნების" ეს სურვილი გახდა ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების მიზეზი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის და რეალურად სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ პარასკევს, 23 დეკემბერს გამოსცა. ბრძანების მიხედვით, კომისიის წევრი არის - 73. მათგან 3 პრეზიდენტის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადმინისტრაციამ კომისიას ბოიკოტი გამოუცხადა.

ამდენად, ცვლილებებზე 70 კაცი იმუშავებს. 15 წევრი არის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან; 20 - არასამთავრობო სექტორიდან და ექსპერტებიდან; 24 - "ქართული ოცნების" დეპუტატებიდან; 11 - აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და სასამართლო სისტემიდან და ამ უკანასკნელი 11 წევრის აბსოლუტური უმეტესობა სახელისუფლებო პოზიციის გამტარებელია.

პირველი სხდომა შაბათს ჩატარდა, სადაც 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და წევრები ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეს ჯგუფებია: 1. ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; 2. პარლამენტი და ფინანსების კონტროლის გადახედვის სამუშაო ჯგუფი; 3. პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებისა და 4. ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფები. ეს ჯგუფები მუშაობას იანვრიდან დაიწყებენ და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა ცვლილებაზე იქნება საუბარი და ვის რა პოზიცია ექნება.

რა სურს "ოცნებას"

"კომისიის მუშაობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, ეს არის ის, რომ საპარლამენტო მმართველობა არ შეიცვლება," - განაცხადა პირველივე სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა და ასევე კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

ექსპერტების თქმით, კობახიძის სურვილია, კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდეს არაპირდაპირი წესით, პარლამენტის მიერ, მას უფლებამოსილება კიდევ უფრო შეეზღუდოს და ქვეყნის პირველი პირიც მის ნაცვლად გახდეს პრემიერ-მინისტრი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ "ოცნებისთვის" არ არსებობს ერთი-ორი პრიორიტეტული საკითხი, რადგან კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია და ის მთლიანად არის შესაცვლელი.

"კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს და კონსტიტუცია ამას ბოლომდე არ შეესატყვისება," - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს კონსტიტუციის "გასწორება".

მისი განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გაცხადებული პრიორიტეტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მათი პარტიული ინტერესია, "ქართულ ოცნებას" კი ასეთი ინტერესი არა აქვს. თავად დაუჭერს თუ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს, ამაზე საჯაროდ პასუხის გაცემა არ სურს.

რა სურს ოპოზიციას

ოპოზიციის მთავარი სურვილიც გაცხადებულია - საარჩევნო სისტემის შეცვლა და მაჟორიტარული წესის გაუქმება. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მისი პარტია სამ საკითხს დააყენებს. პირველი შეეხება იმას, რომ პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტდეს; მეორე - პროკურატურა უნდა გამოვიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენიდან და მესამე - საკონსტიტუციო სასამართლოს გაეზარდოს კომპეტენცია.

"ჩვენ აბსოლუტურად პოლიტიზებული პროკურატურა გვაქვს და ამაზე ვენეციის კომისიაც მიუთითებს. მმართველი პოლიტიკური ძალა ნიშნავს და ათავისუფლებს მთავარ პროკურორს და თუ ამას დავამატებთ იმას, რომ მთავარი პროკურორი ნიშნავს და ათავისუფლებს ყველა დანარჩენ პროკურორსა და გამომძიებელს, აშკარაა, რომ მმართველი ძალის ნებაზეა დამოკიდებული მთელი სისტემა. ამიტომაც მას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა უნდა მიეცეს. არსებობს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის სხვადასხვა ვარიანტი.

"რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, დღეს ამ უწყების კომპეტენციაში შედის მხოლოდ სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის კონტროლი. ჩვენი ინიციატივა კი არის, რომ მას შეეძლოს საერთო სასამართლოების საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი. ასეთი მოდელი ძალიან წარმატებულად მუშაობს გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში," - ამბობს შავგულიძე, თუმცა ამის აღსრულების მოლოდინი არა აქვს.

მისი თქმით, ასევე უმთავრესი ამოცანაა, აქტიური ოპონირება და წინააღმდეგობა გაუწიონ "ქართული ოცნების" იმ განზრახვას, რომ პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი პარლამენტის მიერ არჩევის წესით შეიცვალოს.

"ეს ჯერ კიდევ არჩევნებისას დააანონსეს და ბიძინა ივანიშვილმა საყვედურად თქვა კიდეც, ცვლილება წინა საკონსტიტუციო კომისიას უნდა განეხორციელებინაო, და ეს დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც. ეს კომისია რეალურად ამ ცვლილებისთვის შეიქმნა და ამ მავნე ინიციატივას ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში წინააღმდეგობას გავუწევთ," - აღნიშნავს შავგულიძე.

როგორ იმუშავებს კომისია

კომისიის წევრი კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ძირითადი კანონი ფუნდამენტურად არის გადასასინჯი და ერთი ან ორი მთავარი საკითხის გამოყოფა რთულია, თუმცა თუკი პოლიტიკური ვითარებიდან გამოვალთ, ამ კომისიაზე ყველაზე აქტუალური თემა ორი იქნება: საარჩევნო კოდექსისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და ამ თემებზე იქნება ყველაზე დიდი წინააღმდეგობაც.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომ საპარლამენტო მმართველობის მომხრე ვრჩებით და უფრო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისკენ უნდა წავიდეთ, ქვეტექსტად პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შემცირება და პარლამენტის უფლებების გაზრდა იგულისხმება, თუმცა რა დონით მოხდება ერთი ან მეორე, ეს ჯერ არ ვიცით.

ძაბირაძე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლისა და პარლამენტისთვის მთავრობის დათხოვნის პროცედურების გამარტივების მომხრეა და ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, ალბათ ორივე მოხდება.

ძაბირაძის მოლოდინია ისიც, რომ ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება.

ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, რა კანონპროექტსაც დადებს ეს კომისია, პარლამენტში განხილვისას მასში დიდი ცვლილება აღარ შევა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა.

"პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შემდეგ დიდი ცვლილებები არ იქნება, მაგრამ აქ სხვა რამეა. კონსტიტუციური კანონის მიღებას სამთვიანი ინტერვალით ორ სესიაზე განხილვა სჭირდება. ვთქვათ, ერთი იქნება მაისში. ამის შემდეგ მინიმუმ სამი თვე უნდა გავიდეს და სექტემბერ-ოქტომბერში მიიღონ. ამ შუალედში ერთთვიანი სახალხო განხილვა უნდა იყოს, რაშიც აქტიურად ჩაერთვება პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ეს მათ უკვე განაცხადეს. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. "ქართულ ოცნებას" დაძლევა არ გაუჭირდება, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტზე მსჯელობისას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იქნება პრეზიდენტსა და "ოცნებას" შორის. რაც შეეხება მთავრობა-პარლამენტის ურთიერთობებს, აქ სერიოზულ პროტესტს არ ველი. ყველაზე სადავო თემა პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი და საარჩევნო სისტემა იქნება," - ამბობს დემეტრაშვილი.

მისი თქმით, კიდევ არის ერთი საინტერესო მომენტი, სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელები არ ჰყავს და ყველა ჯგუფს ირაკლი კობახიძე და მისი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებენ. დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ამით კობახიძეს სურს, თავისი პოზიცია ყველაგან დააფიქსიროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×