თიკო ოსმანოვა
28.12.2016

 არჩევნების შემდეგ ქართულ მედიასივრცეში მორიგი წინასწარდაანონსებული ძვრა დაიწყო. ახალი წლის შემდეგ ტელეკომპანიებს "მაესტროსა" და ჯი-დი-ესს ახალი მფლობელი ეყოლება. გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე სამი ტელევიზიის გაერთიანებით ერთ დიდ მედიაჰოლდინგს ქმნის. მედიაექსპერტები ხელისუფლების მხრიდან ტელესივრცის გაკონტროლებაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზიების გაერთიანებასთან დაკავშირებით განცხადება ტელეკომპანია "იმედმა" გუშინ გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი წლის შემდეგ მედიაჰოლდინგი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს შექმნის.

"იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი "იმედი" ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს. გვჯერა, რომ გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედია-სივრცის განვითარებაში," - ნათქვამია მედიაჰოლდინგ "იმედის" მფლობელის, ინა გუდავაძის განცხადებაში.ეს გაერთიანება მედიაექსპერტების ნაწილის მიერ უარყოფითად უკვე შეფასდა და ხელისუფლების მხრიდან ტელესივრცის გაკოტროლებაზე ღიად ალაპარაკდნენ.

ტელეკომპანია "მაესტროს" 15%-იანი წილის მფლობელის, მამუკა ღლონტის ინფორმაციით, ახალი წლის შემდეგ "მაესტრო" გასართობ არხად გადაკეთდება, რის შედეგადაც ჟურნალისტებს სამსახურის გარეშე დატოვებენ. რაც შეეხება მის წილს, ღლონტის თქმით, "იმედისთვის" მის მიყიდვას არ აპირებს.

"თაღლითებზე ჩემი წილის მიყიდვას არ ვაპირებ. თუ ვინმე კეთილსინდისიერი გამოჩნდება, სიამოვნებით მივყიდი.

"რაც შეეხება მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლებამ ოფიციალურად შეიძინა და ჯიბეში ჩაიდო ქართული მედია. ცოტა ხანში ეს პროცესები განხორციელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ვნახავთ, რომ პირველ არხზე ისეთ დირექტორს დანიშნავენ, რომლითაც საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო იქნება. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ამაზეც თუ წავიდა ხელისუფლება, მაშინ ესენი ყოფილან ისეთი უტვინოები, რომ იმის იქით არც შეიძლება. არა მგონი, რომ ეს ტელევიზია წაიღონ. ჩემი აზრით, ამაზე ხელი ჩაიქნიეს.

"მაესტროში" არაფერი შენარჩუნდება, გადაკეთდება ე.წ. გასართობ ტელევიზიად და აქედან გაუშვებენ ჟურნალისტებს. ნაწილს გადაიყვანენ საზოგადოებრივ არხზე და "იმედზე", ასე ვთქვათ, უპატრონებენ, და ნაწილს დატოვებენ უმუშევრად," - ამბობს მამუკა ღლონტი "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×