"საქართველო დასავლური რადარებიდან გაქრა და ამისთვის "მადლობა" ქართულ დიპლომატიას უნდა ვუთხრათ"
ეკატერინე ბასილაია
29.12.2016

 2016 წელს საქართველოს საგარეო ფლანგზე ერთადერთი დასამახსოვრებელი თემა მუდმივად გადავადებული უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იყო და, როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, 2016 წელს არანაირი რეალური წარმატება საგარეო პოლიტიკაში არ გვქონია და მხოლოდ ერთგვარ სიმბოლურ წარმატებად შეიძლება ისევ და ისევ ეს გაწელილი ლიბერალიზაცია მივიჩნიოთ.

"აშკარაა, რომ საქართველო დასავლური რადარებიდან გაქრა. ეს ქართული დიპლომატიის "აქტივია" და ამისთვის "მადლობა" ქართულ დიპლომატიას უნდა ვუთხრათ," - მთელი წლის საგარეო პოლიტიკის შეფასებისას აცხადებს დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე. მისი თქმით, "ხელშესახები წარმატება არ გვქონია, მაგრამ მაინც იყო სიმბოლური წარმატება, იგივე ვიზალიბერალიზაცია, რომელზეც, მართალია, ჯერ საბოლოო შედეგი არ არის, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია."

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, დასავლეთში საქართველოს თემები ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს, მაშინ როდესაც წესით, ჩვენი დიპლომატები დღე და ღამე უნდა უტალახიანებდნენ კაბინეტებს დიდი სახელმწიფოების მთავრობებს, თუმცა გასული წლის წარმატებად მიიჩნევს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ვიზალიბერალიზაციის გვირაბის დასასრულში სინათლე გამოჩნდა.

"უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ და უნდა ითქვას, რომ ეს საგარეო პოლიტიკაში სერიოზული წარმატებაა. ფორმალურად ამ აქტივს 2017 წელი ჩაიწერს, მაგრამ ამ საკითხში პოზიტიური გარდატეხა ამ წელს მოხდა და უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მომავალ წელს მივიღებთ," - აღნიშნავს კაკაჩია.

როგორი იყო 2016 წელი საგარეო ფლანგზე

სოსო ცინცაძე ამბობს, რომ 2016 წელს საგარეო პოლიტიკაში არც წარმატება და არც წარუმატებლობა არ გვქონია.

"შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო პოლიტიკაში წარმატების დეფიციტი იყო მთავარი წარუმატებლობა," - აცხადებს ცინცაძე.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე ნაკლები მიღწევები საგარეო პოლიტიკის სფეროში გააჩნია და ქართულ დიპლომატიას უნდა ვუთხრათ "მადლობა" იმისთვის, რომ უმოქმედობით და ინერტულობით დასავლეთში საქართველოსადმი ინტერესი თანდათან ქრება.

"ნებისმიერი ადამიანი, ვინც თვალყურს ადევნებს აშშ პრესას, ევროპის პრესას, ნახავს, რომ დღეს საქართველოსადმი ინტერესი ქრება. დასავლეთში პრესის გავლენა 100-ჯერ ძლიერია, ვიდრე ჩვენთან და ვხედავთ, რომ პრესაში თვალსა და ხელს შუა გაქრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხსენება. ოთხი დღის წინ წელს პირველად წავაწყდი საქართველოს ხსენებას ამერიკულ გაზეთში, ისიც რუსეთიდან წასულმა ექსპერტმა პუტინის კრიტიკისას გაკვრით ახსენა ეს ოკუპირებული ტერიტორია. აშკარაა, რომ საქართველო დასავლური რადარებიდან გაქრა და ეს ქართული დიპლომატიის "აქტივია" და ამისთვის "მადლობა" ქართულ დიპლომატიას უნდა ვუთხრათ. ეს არის საგარეო საქმეთა უწყების მთელი შტატის, საელჩოების ინერტულობა და ქართული დიპლომატიის კოლაფსი," - მიიჩნევს ცინცაძე.

ის ამბობს, რომ ვერც რუსეთთან დარეგულირდა ურთიერთობა და ვერც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით შევძელით დივიდენდების მიღება და ამიტომაც არის, მისი თქმით, მხოლოდ გეგმებზე საუბარი ისმის და არა უკვე მიღებულ სიკეთეებზე.

პოლიტოლოგის მტკიცებით, ქართული დიპლომატიის კოლაფსია ისიც, რომ ქვეყანა ამ ინეტრულობით ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან.

"ელემენტარულად უკანასკნელი დღეების მაგალითი რომ ვთქვა, აზერბაოჯანში შედგა ისრაელის პრემიერის ვიზიტი და გაფორმდა ხელშეკრულებები სოფლის მეურნეობის დარგში დახმარებებსა და ინვესტიციებზე. რატომ აზერბაიჯანში და არა საქართველოში?! ისტორიულად ჩვენ გაცილებით მეტი რამ გვაქვს ისრაელთან საერთო, ვიდრე აზერბაიჯანელებს. მე მათ კი არ ვუპირისპირდები, უბრალოდ კეთილი შურით მშურს. 300 ათასამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობს ისრაელში, გვქონდა დიასპორის სამინისტრო და რას აკეთებდა ეს სამინისტრო? რატომ ვერ შევქმენით ისრაელში ისეთი განწყობა, რომ საქართველოსთან გაფორმებულიყო მსგავსი ხელშეკრულება და მხოლოდ სითი-პარკი არ ქცეულიყო ამ ურთიერთობათა სიმბოლო?! ისრაელს მსოფლიოში ლიდერული პოზიციები ორ სფეროში უჭირავს, უსაფრთხოებასა და სოფლის მეურნეობაში. უდაბნო წალკოტად აქციეს სოფლის მეურნეობაში ნოუ-ჰაუებით და ეს რა ჩვენ არ გამოგვადგებოდა?! ასეთი დაკარგული შესაძლებლობები კიდევ რამდენია," - აღნიშნავს ცინცაძე.

კორნელი კაკაჩიაც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა აქტიური არ არის და დასავლეთში საქართველოს თემები ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს.

"ამას თავისი მიზეზებიც აქვს. ერთი, რომ ძირითადმა აქტორებმა პოზიციები შეიცვალეს და ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების საკითხები აქტუალური არ არის. მეორე კი შიდა ფაქტორია, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს და შედეგიც აშკარაა. თუმცა ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველოს საკითხმა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც, აქტუალობა შეინარჩუნოს, მეტი აქტიურობაა საჭირო მოკავშირეებთან. პატარა სახელმწიფოებს არ აქვთ ფუფუნება, არაფერი აკეთონ. პირიქით, უმთავრესი მიმართულება უნდა იყოს და დიპლომატები დღე და ღამე უნდა უტალახიანებდნენ კაბინეტებს დიდი სახელმწიფოების მთავრობებს, რადგან ჩვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს," - აცხადებს კაკაჩია.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში წარუმატებლობა ბევრია და ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაში ახალი ხედვა და კონცეფციები აქვს ჩამოყალიბებული.

"იგივე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ერთ ადგილზეა გაყინული, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც," - ამბობს კაკაჩია.

ის აღნიშნავს იმასაც, რომ ახალი ხედვის ჩამოყალიბებაა საჭიროა ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს სჭირდება ნატო-ს წევრობა, მინიმუმ მაპ-ი და ამიტომაც სკეპტიკოსი ლიდერი სახელმწიფოების პოლიტიკურ ელიტებთან დახურული, მაღალი დონის შეხვედრები აქტიურად უნდა მოხდეს.

რა იქნება 2017 წლის გამოწვევა

კორნელი კაკაჩიას განცხადებით, მომავალი წლის მთავარი საგარეო გამოწვევა იქნება ის, თუ როგორი იქნება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში და ხომ არ დაიწყებს ე.წ. "გადატვირთვის პოლიტიკა 2"-ს.

"თუ გადატვირთვის პოლიტიკა 2 დაიწყო, ეს საგანგაშო იქნება და მაშინ ეს გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენებს საქართველოს. საჭიროა, აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტები გააქტიურდეს. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ახლად არჩეულ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი. იმედი მაქვს, ახალ ადმინისტრაციასთან ხელისუფლება ურთიერთობებს დაამყარებს და აშშ-სთან მიმართებაში ინერტული არ იქნება. თუ "გადატვირთვა 2" დაიწყება, ეს პრორუსული ჯგუფების კიდევ უფრო გააქტიურებას გამოიწვევს, რომლებიც უკვე ტელევიზიის გახსნას აანონსებენ. მათი აქტიურობა გაათმაგდება. თუ რუსეთმა იგრძნო, რომ მას დასავლეთისგან დათმობის ჩუმი თანხმობა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება," - ამბობს კაკაჩია.

სოსო ცინცაძის თქმით, საგარეო პოლიტიკაში მთავარი გამოწვევა არის ის, რომ შაგრენის ტყავივით შეგვეკუმშა რეალური მოკავშირეები, "დამხმარეები".

"ერთი ხელშეკრულება დამისახელონ, რომელიც 2008 წლის მსგავსი მოვლენების შემთხვევაში რომელიმე ქვეყანას ავალდებულებს, რომ დაგვეხმაროს. განცხადებებით კი არა, რეალურად დაგვეხმაროს. ევროსაბჭო და გაერო მიიღებენ რეზოლუციებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მორჩა," - მიიჩნევს ცინცაძე.

ის ამბობს იმასაც, რომ 2017 წელს გამოწვევა იქნება რუსული რბილი ძალის გაძლიერება და აშშ-ს მხრიდან ინტერესის სრული დაკარგვა.

"დონალდ ტრამპი არის იზოლაციონისტი, რომლის ლოზუნგი არის - ამერიკა უპირველეს ყოვლისა. გასული საუკუნის 30-იანი წლების აშშ იყო ასეთი და საგარეო საქმეთა სამინისტროში ნუთუ არავის წაუკითხავს, რუზველტს რა ფასად დაუჯდა ამერიკელ იზოლაციონისტებთან ომი კონგრესში და რომ არა პერლ ჰარბორი, აშშ ომშიც არ იყო ჩამრთველი. დღეს კი მთელი ევროპა იზოლაციონიზმისკენ მიდის. მერკელის პარტიის ყრილობა ჩატარდა და მთელი ევროპა ყურზე დგას, რომ მერკელიც კი ლიბერალური დემოკრატიიდან უკან იხევს.

"რუსეთიდან შეიარაღებული აგრესია გამორიცხულია, რბილი ძალის გავლენა კი გაძლიერდება. გამორიცხული არ არის, 2017-18 წლებში ასევე გამოჩნდეს სხვა საფრთხე, რუსულ საფრთხეზე გაცილებით საშიში. მსოფლიო აქეთკენ მიდის, მაგრამ დღეს უფრო კონკრეტულად საუბარი არ მინდა," - აღნიშნავს ცინცაძე.

შეკითხვაზე, გვაქვს თუ არა მაპ-ის მიღების შანსი, ცინცაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი აბსურდია.

უკვე წინასწარ ცნობილი წარმატება კი, მისი თქმით, იქნება ვიზალიბერალიზაციის საბოლოო დასასრული.

"უვიზო მიმოსვლას მივიღებთ, თუმცა რუსული გამონათქვამისა არ იყოს, ვნახავთ, რომ მთამ დაბადა წრუწუნა. მოლოდინი იქნება მთა და შედეგი - წრუწუნა," - დასძენს ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×