მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ. ქართული ტრადიციის მიხედვით, მომავალი წლის ავკარგიანობა პირველ სტუმარზეა დამოკიდებული.
"რეზონანსი" იმის დადგენას შეეცადა, დღევანდელი პოლიტიკოსებიდან ვის მიიჩნევენ ყველაზე ფეხბედნიერად თბილისელები. ამისათვის დედაქალაქის მასშტაბით მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 100 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის მონაწილეებს მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა ეპასუხათ - "რომელ პოლიტიკოსს ისურვებდით ახალ წელს მეკვლედ?"
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 31%-სათვის პოლიტიკოსის მეკვლეობა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა."კაი რა, შენ შემოგევლე, მაგათმა დაღუპეს ქვეყანა. არცერთი სახლში შემოსაშვები არ არის", - გვითხრა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
"მარტო მინდა ჩემს სახლში, პოლიტიკოსების გარეშე" - ეს კომენტარი კი 42 წლის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანმა გააკეთა.
ხოლო ის ადამიანები, ვინც სხვაგვარად ფიქრობენ, ყველაზე სასურველ მეკვლედ ქვემოდ ჩამოთვილ პოლიტიკოსებს მიიჩნევენ:
1. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - 15%;
2. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი - 12%;
3. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - 10%;
4. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 7%;
5-6. ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი - 6%;
5-6. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 6%;
7. ვიცე-პრემიერი კახი კალაძე - 4%;
8. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა - 3%;
9-10. ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - 2%;
9-10. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი თარხან მოურავი - 2%;
11-12. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - 1%;
11-12. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი - 1%.
ნათელაშვილს სასურველ მეკვლედ ძირითადად მისი განსაკუთრებული იუმორისა და სახალისო გამონათქვამების გამო ასახელებდნენ.
"ივანიშვილი მინდა მეკვლედ და ამას 2 მიზეზი აქვს პირველი სალაპარაკო მაქვს და მეორე კარგი ფეხი ექნება, ბარაქა დამებედება", - გვითხრა 51 წლის ამირანმა.