აფხაზი სეპარატისტი ლიდერების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის ქართული მოსახლეობა გადაადგილებას მხოლოდ მდინარე ენგურზე არსებულ ერთ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეძლებს. სხვა დანარჩენი გადმოსასვლელები კი 2017 წლიდან გაუქმდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ 2016 წლის 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სეპარატისტთა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ განუცხადა.
28 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკავშირდება დადგენილებას "საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების განთავსების" შესახებ. ცვლილებები გულისხმობს გალის რაიონის ქვედა ზონაში ნაბაკევისა და ოტობაიას საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას.
იმავე სხდომაზე, თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა შესაძლებლად მიიჩნია გამშვები პუნქტების გაუქმება. მისივე თქმით, გალის რაიონის მოსახლეობა ენგურის ხიდამდე სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით იმგზავრებს და რომ ამ ცვლილებების ძალაში შესვლა 30 დღეშია შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობაში მოსალოდნელ სავალალო შედეგებზე ლაპარაკობენ და ამ პრობლემის თავიდან აცილების იმედს საერთაშორისო თანამეგობრობას უკავშირებენ.
"ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა შემთხვევა, როცა ორი საფეხმავლო გადასასვლელი დაიკეტა. ახლა იყო განცხადება, რომ კიდევ ორი შეიძლება დაიკეტოს ე.წ. ქვედა ზონასთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ ხაზზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია. ჩვენ მყისიერად და ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ყველა მხარესთან, ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს განცხადება არ მოვიდეს სისრულეში. იმიტომ, რომ გალის და არა მხოლოდ გალის, მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდება", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
მიუხედავად ყველაფრისა, ის იმედოვნებს, რომ აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებული იქნება "რაციონალური გადაწყვეტილება".
გალის რაიონში აფხაზური მხარის მიერ განსახორციელებელ ცვლილებებს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატიც. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით.
"მთელი კვირა" გალის რაიონის ქართულ მოსახლეობასაც ესაუბრა. მათი თქმით, აფხაზი სეპარატისტების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მათ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. ისინი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ.
"დალხენილი ცხოვრება არც აქამდე გვქონდა. "საზღვარი" მაგათ ხელშია, როცა უნდათ, დაკეტავენ, როცა უნდათ - გახსნიან. საღამოს 8 საათზე რომ კეტავენ, მერე კაცმა არ იცის, მეორე დღეს გახსნიან თუ არა. ჩვენი არც გამკითხავია ვინმე და არც გამომსარჩლებელი.
"ახლა ამ გამშვები პუნქტების რაოდენობა თუ შეამცირეს, გადაადგილება გაგვირთულდება. ზოგჯერ ენგურზე სხვადასხვა ადგილებში ფონს ვპოულობთ და ისე გადავდივართ, მაგრამ ეს საშიშია, განსაკუთრებით ზამთარში.
"ეს შეზღუდვა მიმოსვლას ძალიან გაართულებს, მათ შორის აფხაზებისთვისაც, რომლებიც ენგურის ხიდზე ხშირად გადმოდიან.
"მოსაბეზრებელია ასე შიშით ცხოვრება. მე ზუგდიდში ხშირად მიწევს გადმოსვლა, ჩემი ორივე შვილი აქ ცხოვრობს და ვაკითხავ, სოფლიდან ჩამომაქვს ხოლმე პროდუქტები, ხან ექიმთან მივდივარ. ასაკში ვარ, ის ძალ-ღონე, რაც მქონდა, აღარ მაქვს და თუ აფხაზებმა ის გააკეთეს, რასაც აპირებენ, ალბათ თვეში ერთხელ თუ ჩამოვალ ან ორჯერ.
"არც იმას კითხულობს ვინმე, ამდენი ხალხი რომ მოაწყდება ამ ერთადერთ გადასასვლელს, როგორ მოახერხებენ ყველა მათგანის შემოწმება-გაშვებას. აქ ისეთი რიგები და ქაოსი იქნება, სულ დაგეკარგება გადმოსვლის სურვილი", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას სოფელ ოტობაიას მკვიდრმა როინ გამისონიამ.
მისივე თქმით, გალის რაიონის ქართული მოსახლეობის შევიწროებაში რუს ოკუპანტებზე არანაკლებ მონდომებას აფხაზი სეპარატისტები იჩენენ.