ნინო ქეთელაური
09.01.2017

 საპატიმროდან გათავისუფლებული დედაქალაქის ყოფილი მერი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. გიგი უგულავას განცხადებით, იგი პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისის მოგვარებას შეეცდება. შეხვდება მიხეილ სააკაშვილსაც და დაპირისპირებული ჯგუფის ყველა წევრს.

თუმცა, პრაქტიკულად უკვე ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში" უგულავას პოლიტიკურ მომავალს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თანაპარტიელთა ერთი ნაწილისათვის იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, მეორე ნაწილი კი მას ღიად ადანაშაულებს შიდაპარტიული კრიზისის პროვოცირებაში, რადგანაც, მათი თქმით, დაპირისპირება პარტიაში თავის დროზე სწორედ უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილით დაიწყო.

ყოფილი მერის გათავისუფლებას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი "ფეისბუქით" გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გიგი უგულავას არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია. ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, გიგი უგულავას როგორც დაპატიმრება, ისე პატიმრობიდან გათავისუფლებაც ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო.

"ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ გიგი უგულავა "ნაცმოძრაობის" ნაწილის ერთ-ერთი ლიდერი იქნება და ეს გარდაუვალია.

"მე ვფიქრობ, ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რომ იქნება, ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. მხოლოდ თვითონ შეუძლია გადაწყვეტა. შეეძლო, პოლიტიკას ჩამოსცილებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ეტყობა, აქვს ენერგია, შემართულია და ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

რაც შეეხება იმას, რა იქნება გიგი უგულავას სამომავლო გეგმები, მიიღებს თუ არა დედაქალაქის მერის არჩევნებში მონაწილეობას და ა.შ., დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს მომავლის საკითხია, რაზეც თავად მასაც გაუჭირდება პასუხის გაცემა.

"რას, როდის, როგორ და რანაირად აპირებს, მომავლის საკითხია. ალბათ, მასაც რომ ჰკითხოთ, ამ კითხვაზე პასუხი გაუჭირდება", - ამბობს დარჩიაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ გიგი უგულავა პარტიის ორივე დაპირისპირებულ მხარესთან აპირებს შეხვედრას და, ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

"ადამიანი ახლა გამოვიდა ციხიდან, იყო პოლიტპატიმარი და, ბუნებრივია, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში თავისი წვლილის შეტანა უნდა მიუხედავად იმისა, თუ რა იგულისხმება მშვიდობიან გადაწყვეტაში - გაყოფა თუ რაიმე სხვა.

"მე პირადად მგონია, რომ გაყოფის ალტერნატივა უკვე აღარ არსებობს. მან თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, მცდელობა და გავლენები გამოიყენოს. როგორც მან თქვა, რამდენიმე დღე მაცადეთო, ვნახოთ, მერე რა იქნება", - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

"ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება თავის დროზე სწორედ გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილით დაიწყო და ახლა ის პარტიის შიგნით პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს.

"უგულავას წერილმა, რომელიც გამოქვეყნდა, პრაქტიკულად გახსნა ის დაპირისპირება, რომელიც დღეს არის "ნაციონალურ მოძრაობაში". მან ითამაშა ძალიან უარყოფითი როლი და იმ უპასუხისმგელო განცხადებამ, რომელიც მან მიშა სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, გამოწვია შემდგომი მოვლენები.

"მას შემდეგ, რაც ის გამოვიდა ციხიდან, მე მოვისმინე მხოლოდ ერთი კომენტარი, სადაც ამბობს, რომ ის კვლავ იზიარებს იმ წერილის პათოსსაც და სულისკვეთებასაც, რომელიც მან გამოაქვეყნა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, რაიმე ილუზიები არ გამაჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ის პარტიაში რაიმე სახით კონსტრუქციული როლის შესრულებას შეძლებს. იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, სწორედ მისმა წერილმა გამოიწვია ის ვნებათაღელვა, რაც ახლა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×