თიკო ოსმანოვა
09.01.2017

 "ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს. და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს მიმართულებად დარჩება მოქალაქეების ობიექტურად და დროულად ინფორმირება.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ტელევიზიის სამომავლო გეგმებზე "მთელი კვირა" არხის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრა.

ვასილ მაღლაფერიძე: ბორდმა დამაკისრა ეს პასუხისმგებლობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია. საკმაოდ კონკურენტული ბრძოლა იყო და რამდენიმე კანდიდატი თავისუფლად იმსახურებდა გამარჯვებას.

"მთელი კვირა": პირველ ტურში თქვენ სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაგიჭირათ მხარი, მაშინ როცა თქვენმა კონკურენტებმა თინათინ ბერძენიშვილმა და ნათია კუპრაშვილმა ბორდის წევრების სრული მხარდაჭერა მიიღეს...

ვ.მ.: რა მხარდაჭერაც მქონდა პირველ ტურში, მეორე ტურშიც ზუსტად ისევ 6 ხმა მივიღე. ამაში განსაკუთრებული არაფერია.

"მ.კ.": საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თქვენს დანიშვნას, თქვენი ბექგრაუნდის გამო, მედიაექსპერტების ნაწილის მხრიდან უკვე მოჰყვა უკმაყოფილება. რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ტელევიზია იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებული?

ვ.მ.: უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულწილად თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ და პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარი არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს.

ჯერ ერთი, ჩემი პოლიტიკური შეხედულება ჩემი პირადი საკითხია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ის პოლიტიკური შეხედულება, რაც მას აქვს და ვინც ამ კუთხით აპელირებს, ჩემი აზრით, ან შეგნებულად დემაგოგობს, ან არ ვიცი, ამ საკითხს რა დავარქვა.

სიტყვის თავისუფლებაა და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს და ეს ბუნებრივი პროცესია. ღმერთმა არ ქნას, ყველა ადამიანმა ერთნაირად იფიქროს.

"მ.კ.": რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორ აპირებთ ტელევიზიის განვითარებას?

ვ.მ.: მე აღვნიშნე, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მალევე მოახერხებს ლიდერის პოზიციისა და ნდობის მოპოვებას და ახლა სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი აზრით, ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი მაუწყებლის ტექნიკურად აღჭურვა უნდა იყოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კომერციული თუ პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი მედიასაშუალებების ერთადერთი ალტერნატივა ქვეყანაში და იგი უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ მოქალაქეებს, კულტურას და დემოკრატიას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების დასადგენად საჭიროა სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დეტალური აღწერა და შეფასება, კვლევების მიხედვით მედიაბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის დადგენა.

პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს მაუწყებლისთვის ახალი შენობის აგება და მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

რასაკვირველია, საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს მიმართულებად დარჩება მოქალაქეების ობიექტურად და დროულად ინფორმირება, რეპორტაჟების გაკეთება ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის ექსპერტული შეფასება, თოქშოუ და ჟურნალისტური გამოძიება.

აუცილებელია რეგიონული ბიუროების ტექნიკური უზრუნველყოფა და ახალი ამბების გამოშვებებში რეგიონული ინფორმაციების წილის გაზრდა. პრიორიტეტად უნდა დარჩეს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების ტენდენცია, რისთვისაც აუცილებელია მაუწყებელმა უზრუნველყოს სოციალურ თემატიკაზე მომზადებული ინტერაქტიული მედიაპროდუქციის მომზადება.

"მ.კ.": და როგორ აპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას? იგეგმება თუ არა არხზე თანამშრომლების შემცირება, ან დაიწყება თუ არა არხზე რაიმე სახის რეორგანიზაცია?

ვ.მ.: ბუნებრივია, რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ძირითადი საყრდენი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები. ტელევიზიას დიდი რესურსი აქვს.

"მ.კ.": საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლას თუ გეგმავთ?

ვ.მ.: საინფორმაციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, ბევრს და მათ შორის ჟურნალისტებსაც არასწორად ესმით. საინფორმაციო პოლიტიკა პირველ რიგში არის ხარისხი. საინფორმაციო დამოუკიდებლობა თავისთავად იქნება, თუმცა უნდა შეიცვალოს ხარისხი, უნდა გაიზარდოს ოპერატიულობა და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×