საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილს "ჯიდიესის" ყოფილი მთავარი პროდიუსერი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ჩაანაცვლებს. საზოგადოების ნაწილი ამ არჩევანს მძაფრი კრიტიკით შეხვდა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ არხის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან.
"სამწუხაროა, რომ საბჭომ მხარი არ დაუჭირა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და პროფესიონალ კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, კიდევ უფრო დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას", - ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, მოქმედმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა თანამდებობა.
გამოცხადებულ კონკურსში 14-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც მე-2 ტურში 5 გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნათია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი.
მეორე ტურში გადასულ კონკურსანტებთან 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, რომელიც მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ბორდის შეფასებები
გასაუბრების დასრულების შემდეგ ფარული კენჭისყრით არხის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის შედეგად მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს 6 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს ბორდის წევრებმა ქეთევან მსხილაძემ და სულხან სალაძემ და ამის მიზეზად მისი პოლიტიკური შეხედულება დაასახელეს.
"სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. თუმცა, მე პირადად ვასილ მაღლაფერიძე მეორე ტურშიც არ გადამიყვანია ზუსტად მისი პოლიტიკური მიკერძოების გამო. მორე ტურში გადავიყვანე 5 ადამიანი, რომლებიც ობიექტური კრიტერიუმით შევაფასე. მათ შორის არ ყოფილა ვასილ მაღლაფერიძე.
"როგორც ვიცი, ამ ლოგიკით იხელმძღვანელა სულხან სალაძემაც. რაც შეეხება დანარჩენებს მათ რა ლოგიკით იხელმძღვანელეს, ნამდვიულად ვერ გეტყვით", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძე.
საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას განმარტებით კი, მეორე ტურში ყველა ის კანდიდატი გადაიყვანეს, ვისგანაც არხის განვითარების სამოქმედო გეგმის მოსმენა აინტერესებდათ. მისი თქმით, მისმა კოლეგებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.
რაც შეეხება პოლიტიკურად ანგარჟირებული კანდიდატის არჩევას არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, გოგელია საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ხელოვნურს უწოდებს.
"ჩავატარეთ პროცედურა, რომელიც ითვალისწინებდა ფარულ კენჭისყრას და შევთანხმდით, რომ ამაზე არ ვსაუბრობთ, ეს ჩვენი უფლებაა. პირველი ტურის ამოცანა არ იყო, რომ გამოგვევლინა ლიდერი. იქ იყო ის, თუ ვინ გვაინტერესებს, რომ გადავიდეს მეორე ტურში. ეს ინდივიდუალური საკითხია, ვიღაცას ეს კანდიდატი აინტერესებდა, ვიღაცას - სხვა. იმიტომაც იყო, რომ ვიღაცას 6 ხმა ჰქონდა ვიღაცას 8.
"აქედან გამომდინარე, მეორე ტურში გადავიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც გვაინტერესებდა, როგორ გასცემდნენ პასუხს კითხვებს და რა გეგმები აქვთ არხის განვითარებასთან დაკავშირებით. მარტო პირდაპირ ეთერში გადაცემული ინტერვიუთი არ შეგვიფასებია ესა თუ ის კანდიდატი.
"რაც შეეხება მაღლაფერიძეს, მის პოლიტიკურ შეხედულებასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ გავაკეთე - დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია მოქალაქის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანს ჰქონდეს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფასეულობებზე, მათ შორის პოლიტიკაზეც და თუ რამე უსამართლობა ხდება, დააფიქსიროს თავისი პროტესტი იმ საშუალებებით, რომელიც მას მიაჩნია, რომ საჭიროა. ეს არის მოქალაქის იდეალური ტიპი, მოვალეობაც კი.
"მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ეთიკური ნორმები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკურმა პოზიციებმა გადაინაცვლოს უკანა პლანზე და პატივი სცეს ეთიკურ კოდექსს, რომელიც იმ მომენტისთვის არის მნიშვნელოვანი და ისე განახორციელოს თავისი ფუნქციები. ეს ეხება, მაგალითად, მოსამართლეს, საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სხვა", - უთხრა "მთელ კვირას" გოგელიამ.
მისი თქმით, ის, რომ არხი იქნება სრულიად დამოუკიდებელი, ამის გარანტიას წარმოადგენს ბორდი და იქ მომუშავე თანამშრომლები.
"გარანტია ვართ ჩვენ და თანამშრომლები. თუ ჩვენ მივიღებთ სიგნალებს საზოგადოებისგან და იქნება დასაბუთებული ფაქტები, ამაზე მოვახდენთ რეაგირებას და ეს ჩვენი უფლება კი არა, ვალდებულებაა.
"ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური პოზიცია აქვს, რომელიც მოქალაქის ინსტიტუტის შესაბამისია, წინასწარ ვუთხრათ უარი იმიტომ, რომ იქნება მიკერძოებული, ეს, ჩემი აზრით, ადამიანის შეურაცხყოფაა.
"მე რაც გავეცანი ბატონი ვასილის ბიოგრაფიას, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მატყუარა ადამიანია. ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც მის პლუსზე მიუთითებს.
"ამიტომ მგონია, რომ ეს აჟიოტაჟი ხელოვნურადაა აწეული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თუ არ მოეწონება ესა თუ ის ადამიანი და ამის გამო მოგვაწებონ იარლიყი - რომ არ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად - ჩვენთვის ეს შეურცახოფაა. ძალიან მძიმე დროს სამსახურებიდანც გამოვუგდივართ, მაგრამ პრინციპებისთვის არასდროს გვიღალატია", - გვითხრა გოგელიამ.
იყო თუ არა ხელისუფლების ჩარევა
"საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალობას იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც აქვს აღქმას", - ამ განცხადებას კი პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს. ამიტომ, მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევაში ჩაერია თუ არა მართლაც ხელისუფლება, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ქვეყანაში ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო. არ მინდა კონკრეტული კანდიდატის შეფასება, მაგრამ ის, რომ მაღლაფერიძე ბოლო დროს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი იყო - ეს ფაქტია. არ მინდა, ბრალი დავდო და ვთქვა, რომ ხელისუფლების დავალებებს შეასრულებს, მაგრამ, ჩემი აზრით, იგი ხელისუფლებას და საკუთარ თავსაც უნდა გაფრთხილებოდა და კონკურსში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
"ასე რომ, აქ უკვე აღქმაა ხელისუფლების ინტერესზე და მნიშვნელობა აღარ აქვს, მართლაც ასეა თუ არა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალობას იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც აქვს აღქმას. აღქმა კი, სამწუხაროდ, ასეთია - ის არის სახელისუფლებო კანდიდატი. რაც უნდა ილაპარაკონ, უარყონ და ხელები ასავსავონ, საზოგადოება ამას მაინც არ დაიჯერებს", - განუცხადა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან 2016 წლის 31 აგვისტომდე ტელეკომპანია "ჯიდიესის" გადაცემა "20:30"-ის გენერალური პროდიუსერი იყო; 2012 წელს ტელეკომპანია "მე-9 არხის" დირექტორის მოადგილე და გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანი; 2010-2012 წლებში კი ელექტრონულ ჟურნალ "კალმასობის" მთავარი რედაქტორი.
2008-2009 წლებში ვასილ მაღლაფერიძე იყო სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005-2008 წლებში კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.