2017 წელს საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს სპეციალისტები გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ეკონომისტების უმთავრესი რჩევა ეროვნული ვალუტის დასტაბილურება და სოციალური უკმაყოფილების აღმოფხვრაა. ისინი შარშანდელის მსგავსად, 2017 წელსაც რთულად მიიჩნევენ. ამიტომ მთავრობას პრობლემების დასაძლევად გაათმაგებული მუშაობა მოუწევს.
სპეციალისტთა ნაწილი ეროვნულ ბანკსა და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას და სოციალური უკმაყოფილების განეიტრალებას ურჩევს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ისეთი ჯგუფის შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. საამისოდ ეკონომისტები და ფინანსისტები პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც აუცილებლად შედეგის მომცემი იქნება.
"განურჩევლად პოლიტიკური სიმპატიებისა, უნდა შევძლოთ, რომ ამ თემაზე გაიმართოს პროფესიონალთა მსჯელობა, მედიის ჩართვის გარეშე. ვფიქრობ, ჟურნალისტურ სივრცეში ეს თემა პოლიტიკასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული გახდა, რაც ვნებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ სახელმწიფოებრიობასაც. თუ გააშუქებენ, გააშუქონ ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე. ზედმეტი არც ჩარევა და არც ჩაურევლობა ვარგა.
დღესდღეობით არ არსებობს ისეთი ავტორიტეტის მქონე ფინანსისტი საქართველოში, რომლის ნათქვამსაც ცალსახად გაიზიარებენ, ერთმანეთთან მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში მყოფი სპეციალისტები. სანამ პოლიტიკური ვალდებულებებისგან არ გათავისუფლდებიან ეკონომისტები და ფინანსისტები, სანამ არ შექმნიან ისეთ ჯგუფს, რომლებსაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სამშობლოსთვის ექნებათ თავი გადადებული და არა კარიერული წინსვლისთვის, მანამ მდგომარეობა უცვლელი დარჩება.
ისეთი რეცეპტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, შეიძლება შეიქმნას ერთი თვის განმავლობაში, დაუღალავი მუშაობის პირობებში. შედეგს უნდა ველოდოთ მხოლოდ იმ ვადის შემდეგ. ეს ჯგუფი უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გამტარებელი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო ცისკარიშვილმა.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 2017 წელს მძიმე წლად მიიჩნევს და ეკონომიკაში რამე ტიპის წარმატებას არ ელოდება. ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდება და ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი არ შემცირდება. ამის მისაღწევად კი აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება აუცილებელია.
"იმისათვის, რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა და სოციალური რისკიც იქნას დაზღვეული, ასეთი მოკლევადიანი გეგმა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთადერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, ეს არის უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაქსიმალურად შემცირება. ამის მისაღწევად კი საჭიროა აგრესიული ეკონომიკური რეფორმის გატარება, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ აპირებს. მეტსაც გეტყვით, იდეასაც არ ეთანხმება.
მთავრობა არა ეკონომიკის რეალურ სექტორზე, არამედ ფულის ნაკადების მოძრაობაზეა ორიენტირებული და იქ ეძებს გამოსავალს. ჩემი აზრით, ეს არის უპერსპექტივო სიტუაცია. არა მგონია, რჩევების მიცემას, თუ როგორ წარმართონ სწორად ეს წელი, რამე აზრი ჰქონდეს. ყრუ კედელი აქვთ აშენებული და შედეგიც ექნებათ შესაბამისი. რამე ტიპის წარმატებაზე ლაპარაკი ახლო პერიოდში აზრს მოკლებულია.
2017 საკმაოდ რთული წელი იქნება. სოციალური რისკი არის ძალიან მაღალი და მისი დაზღვევის მექანიზმს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. დღეს, საშუალო ქართველის სოციალური მდგომარეობა თუნდაც 2012 წელთან შედარებით, არის საგრძნობლად დამძიმებული. იმისათვის, რომ სოციალური თვალსაზრისით დავუბრუნდეთ 5 წლის წინანდელ ნიშნულს, ამას დაჭირდება დიდი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ვგულშემატკივრობ კვირიკაშვილს, ვფიქრობ, მისი ოპტიმიზმი რეალურ საფუძველს მოკლებულია", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
სოციალური მიმართულების გააქტიურებას უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს ექსპერტი პაატა აროშიძე. მისი აზრით, თუკი ხელისუფლებას სურს 2017 წელი შარშანდელთან შედარებით წარმატებული იყოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა იზრუნოს ლარის დასტაბილურებაზე. ასევე აუცილებელია ქვეყნის ჩართვა სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში.
"ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რაზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმსჯელოს, ეს არის სოციალური სფერო. ყველა ის პროგრამა თუ ინიციატივა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, უნდა იყო განვითარებადი. ყველაზე ცუდი, რაც საზოგადოებაშია გამეფებული, ეს არის ნიჰილიზმი და "სულ ერთიას" პრინციპით ცხოვრება. ამ წრიდან უნდა გამოვიდეს ხალხი.
ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს რაც შეეხება, 2017 წელს უნდა მოხერხდეს კურსის დასტაბილურება. არ უნდა იყოს ისე, რომ დღეს რაღაც კურსია, ხოლო შემდეგ რამდენიმე ერთეულით ერთბაშად დაეცემა. როდესაც კურსი მერყევია, ეს მოსახლეობაში თესავას შიშს. ძალიან ბევრს კრედიტი დოლარში აქვს აღებული და არასტაბილურობა აფრთხობს ინვესტორებსაც.
მთავარი მიმართულება ხელისუფლებისთვის არის სოციალური კუთხით ქვეყნის მოწერიგება, დასაქმების უზრუნველყოფა. მეორე - ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელი პოლიტიკა, რომელიც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს. მესამე - ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში და საქართველოს პოტენციალის კიდევ მეტად გამოყენება, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, იქნება ეს ენერგეტიკული პროექტების ამუშავება თუ სატრანზიტო მიმართულება. მთავარია, ხალხს გარკვევით წარუდგინონ ის პროექტები, რაც იგეგმება და რაც ამ წლის გეგმაში გაიწერება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას პაატა აროშიძემ.