მთავრობის წევრთა თანმიმდევრულ განცხადებებს, რომ სავალუტო რყევა მოკლევადიანია, საზოგადოების მხრიდან ნდობა არ აქვს. სპეციალისტების და ექსპერტთა გარდა, ნაკლებად ისმის საუბარი პრობლემაზე, რომელიც ლარს გრძელვადიან პერიოდში ემუქრება. სხვადასხვა დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იმეორებს ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი გახარია, რომლის შეფასებითაც, სავალუტო რყევა არის მოკლევადიანი და გრძელვადიან პერიოდში ლარი გამყარების გზას დაადგება.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და "განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლოდინი მძაფრია, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე". დეკემბერ-იანვარში გაუფასურების შემდეგ, მოხდა ლარის კურსის გამყარება და დღევანდელი მონაცენებითაც, ეროვნული ვალუტა მყარდება.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რყევა არის მოკლევადიანი, გრძალვადიან პერპექტივაში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხანგრძლივ ვადაში ლარი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა", - განაცხადა გახარიამ.
მინისტრი მიიჩნევს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ სავაჭრო ბალანსი და შევქმნათ ისეთი ბიზნეს გარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება", - განაცხადა გახარიამ, რითაც ეკონომისტების ნაწილის კრიტიკა იწვნია კიდევაც.
თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის წევრთა განცხადებებს არ ენდობა ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც ლარის გაუაფსურებამ მნიშვნელოვნად შეარყია.
"საქართველოს მთავრობისთვის მოკლე ვადა არ დასრულდა. 3 წელია გაიძახიან, რომ ლარის გაუფასურება მოკლევადიანია. ამიტომაც, ნდობის ფაქტორი მთავრობის წევრთა მიმართ დაბალია, როცა ისინი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ. მესმის მათიც, მთავრობის პოზიციიდან საპირისპირო აზრს ვერ მოვისმენთ, მაგრამ ვადა მაინც უნდა დააზუსტონ. მოკლე ვადა მაქსიმუმ რამდენიმე თვეს მოიცავს და არა რამდენიმე წელიწადს.
მთავარი ფაქტორი, რაც ძირს უთხრის ლარის სტაბილურობას, არის მთავრობის მიერ ბოლო წლებში საკითხისადმი დამოკიდებულება. სებ-ის და კომერციული ბანკების მტაცებლური პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის საზიანოდაა მიმართული. რეფინანსირების სესხი უკვე იქცა ბანკების მუდმივმოქმედ სესხად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ქრონიკულად რთული ვითარებაა.
მოურჩენელი დაავადება სჭირს საბანკო სექტორს და ამიტომ გადარჩენის ინსტიქტით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ბიზნესი ჩაიგდოს ხელში და კიდევ უფრო გამსხვილდეს. ფინანსური პირამიდა ადრე თუ გვიან ჩამოინგრევა და ძალიან ცუდად შემოუტრიალდება როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე მის ყველა მოქალაქეს", - აცხადებს ასლანიშვილი.
სხვადასხვა მიზეზზე, თუ რატომ უფასურდება ბოლო პერიოდში ლარი და რა პროგნოზების გაკეთებაა შესაძლებელი, ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ჩარგეიშვილმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, წინასაახალწოდ ფულის მასის შეკავებას მოხდა. გარდა ამისა, ამას დაემთხვა ფოთის პორტთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების ეკონომიკაზე. იმ პერიოდში ტვირთბრუნვა, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
"ბოლო პერიოდში ქვეყანაში საქონლის შემოსვლამ დააგვიანა. შესაბამისად, ფულის გაჩერება ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს. ეს ცალსახად გასათვალისწინებელი ფაქტორია იმ ერთიანობასთან, რაც გვაქვს", - განუცხადა "კომერსანტს" ჩარგეიშვილმა და დასძინთ, რომ ლარის კურსის პროგნოზირება რთულია, ფასების მატება კი, რომელიც უკვე დაწყებულია, თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.