აქციზის გადასახადის გაზრდამ ავტომობილები კანონმდებლობის ამოქმედებამდე გააძვირა. დეკემბრიდან მოყოლებული მანქანების ფასმა 15-20%-ით მოიმატა, რაც რეალიზაციასაც დაეტყო. იმპორტიორები აცხადებენ, რომ სადღესასწაულო გავლენა ავტობიზსნესში არ იგრძნობა და არანაირი ძვრა გაყიდვის მიმართულებით არ შეიმჩნევა. უმნიშვნელოდ მოიმატა მარჯვენასაჭიანების რეალიზაციამ, რადგან მსურველები ცდილობენ მისი შეძენა მოასწრონ.
ავტობიზნესით დაკავებულ კომპანიებში "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ აქციზის გადასახადის ამოქმედებას იანვრიდან არ ელოდნენ. ახლა ყველაზე დიდი თავსატეხი დილერებისთვის ალტერნატიული გზების გამოძებნაა, რადგან მანქანების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.
კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ დეკემბერში კომპანიამ ერთი მანქანაც ვერ გაყიდა, რის მიზეზადაც იგი ფასის ზრდას ასახელებს.
"ავტობიზნესში ახლა ის დროა, როცა ყველა გაჩერებულია და ახალ რეალობასთან შეგუებას ცდილობს. ეს არ არის მარტივი პროცესი. ძალიან რთული გამოწვევის წინ აღმოვჩნდით. მანქანები, რომლებიც ჯერ კიდევ გზაშია, განბაჟების ახალ ტარიფს არ ექვემდებარება, თუმცა ახალი კანონი ძალაშია და დაახლოებით თვის ბოლოდან ახალ სატარიფო პოლიტიკასთან შეგუება მოგვიწევს.
მაგალითისთვის, თუკი 8-10 წლის "მერსედესის" განბაჟებისთვის 1800 ლარი საკმარისი იყო, ახლა გაცილებით მეტია გადასახდელი. საკონსტიტუციო სასამართლოში რომ გავასაჩივროთ, პროცესი 100%-ით მოგებული გვაქვს, თუმცა ახლა ამაზე არავინ ფიქრობს.
რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ ავტობიზნესი არ ჩაკვდეს ქვეყანაში. არაფერი სასიკეთო არ იგრძნობა. ვფიქრობდით, რომ საახალწლოდ მაინც მოვახერხებდით რეალიზაციის გაზრდას, მაგრამ ამანაც ვერ გაამართლა. დეკემბერში თითქმის ყველა მარკის მანქანაზე ფასმა 15-20%-ით მოიმატა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც საშეღავათო ტარიფი არ ვრცელდება", - განაცხადა ჯამაგიძემ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად მარჯვენასაჭიანები გაძვირდა და უკვე განბაჟებულიც კი 20-25%-ით ძვირად იყიდება. ჯამაგიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მათი ფასი ერთბაშად მოიმატებს და შესაძლოა, გასამმაგდეს კიდეც.
"დეკემბერში იმპორტირებული მანქანების ნახევარზე მეტი მარჯვენასაჭიანია. იმის გამო, რომ აქციზის ამოქმედებამდე შემოყვანა მოესწროთ, დილიერებმა იჩქარეს. შესაბამისად, იაპონიიდან ბევრი მანქანა გამოიგზავნა, მაგრამ გაყიდვაზე ეს არ ასახულა. თებერვლიდან ფასი კიდევ აიწევს და მეტი მოგებით გაიყიდება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სამომავლოდ მარჯვენასაჭიანებზე მოთხოვნა დიდი იქნება, ასეთი მოლოდინი არ მაქვს.
ავტობიზნესში ტენდენცია თანდათან გამოიკვეთება და რაღაც შესაძლებლობა გაჩნდება. ჯერჯერობით არაფერია ისეთი, რაც ბიზნესს გამოაცოცხლებს. ნელ-ნელა მატულობს ფასი და უკვე ჩამოყვანილი მანქანების გაყიდვაც იმპორტიორებს გაორმაგებულ ფასად უწევთ.
ძალიან მალე საშუალო ფენა მანქანის ყიდვას ვერც კი მოახერხებს. ჩვენ მყიდველთა საკმაოდ დიდი კატეგორია მოგვაკლდება. აქციზზე რომ არაფერი ვთქვა, დოლარის კურსი მაღლა იწევს და ბიზნესზე ესეც უარყოფითად მოქმედებს. შიდა ბაზარზე ჩვენ არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.
ავტობიზნესში არსებულ გაურკვევლობაზე საუბრობენ კერძო იმპორტიორებიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დროებით მაინც ჩამოშორდნენ ამ საქმიანობას.
ახალგაზრდა დილერი ლაშა გიორგობიანი ამბობს, რომ დეკემბერში რამდენიმე მანქანა ჩამოიყვანა, რომელთა გაყიდვის შემდეგ იმპორტს შეეშვება, რადგან მისთვის ახალი რეალობა ძნელად მისაღები აღმოჩნდა.
"დეკემბერში ერთი მანქანაც ვერ გავყიდე. რუსთავის ავტობაზრობაზე 12 ავტომობილი მიყენია. მათგან 8 მარჯვენასაჭიანია. იმის გამო, რომ ძველი ტარიფით მაქვს განბაჟებული, ცოტა შეღავათიანი ფასით ვყიდი, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება გავაკეთო თუნდაც 2-3 თვის შემდეგ, როცა გასაყიდი მანქანაც აღარ მეყოლება.
ჯერჯერობით ტენდენცია არ გამოკვეთილა და გარისკვაც მიჭირს. ვფიქრობ, რამდენიმე ხნით იმპორტზე ხელი ავიღო, მოვლენებს დავაკვირდე და ისე მივიღო გადაწყვეტილება - ღირს თუ არა ამ ბიზნესში დარჩენა. ჯერჯერობით ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვხედავ, არც ალტერნატივა ჩანს, რაც ცოტა შეღავათს მომცემდა. ფასის ზრდა გამიგია, მაგრამ ასე ერთბაშად, თანაც ხალხის ხარჯზე, ეს არ უნდა გაეკეთებინათ", - ამბობს ლაშა გიორგობიანი.
როგორც აღმოჩნდა, მანქანების მფლობელები ავტოსადგომის ხარჯსაც ერიდებიან და გაყიდვას ინტერნეტის საშუალებით ცდილობენ.
იმის გასარკვევად, როგორია მეორად ავტომანქანებზე მოთხოვნა და რის ფასად ახერხებენ მძღოლები ავტომობილების რეალიზაციას "ბიზნეს-რეზონანსი" სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განცხადებების ავტორებს დაუკავშირდა.
ლევან მაისურაძე 2005 წელს გამოშვებულ "ტოიოტას" დეკემბრამდე 3500 დოლარად ყიდდა, მაგრამ იანვრიდან სარეალიზაციო ფასს 1500 დოლარი დაამატა. ასეთი გადაწყვეტილება მან მანქანების გაძვირების გამო მიიღო.
"განცხადება სხვადასხვა საიტზე გავავრცელე, პრესაშიც დავბეჭდე, მაგრამ მყიდველმა ჩემამდე ვერ მოაღწია. "ტოიოტა" შარშანწინ შევიძინე, გაცილებით ძვირი მაქვს გადახდილი, მაგრამ ხალხს ეს არ აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მოვუმატე, ამ მანქანის საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია. ჯერჯერობით მყიდველი არ ჩანს, თუმცა ყოველდღიურად მანქანას 10-15 მნახველი ჰყავს. აქედან რეალური მყიდველი არავინ აღმოჩნდა, დარეკვითაც იშვიათად რეკავენ", - ამბობს ლევან მაისურაძე.
"ბაზარზე ქაოსია, ვერ გაიგებ, რა უფრო იყიდება და რაზე უნდა გააკეთო აქცენტი, რათა არ დაზარალდე. ზოგი უკვე ძვირს აფასებს, ზოგი შეღავათიან ფასში ყიდის, მაგრამ მყიდველი მაინც არ ჰყავს, ზოგიც ორმაგ ფასს ადებს და გაყიდვას ახერხებს. გამოდის, რომ შეძლებული ფენის გარდა, მანქანების შეძენისგან ყველა უკვე თავს იკავებს, რაც სამწუხარო ფაქტია.
ბაზარზე გაურკვევლობაა და ასე გაგრძელდება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ჩემს მანქანას არაფერი დაეწუნება. 2007 წელს გამოშვებული "ნისანი" მყავს, რომელსაც 8500 დოლარად ვყიდი. რეალური მყიდველის შემთხვევაში, დავაკლებ კიდეც, მაგრამ ასეთი ადამიანი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. მთავრობამ ლარზე კონტროლი დაკარგა და ახლა მოსახლეობის ხარჯზე აპირებენ ვითარებიდან გამოძრომას", - ამბობს ვაჟა ცერცვაძე.
იმპორტიორების ვარაუდით, გაურკვევლობა ბაზარზე დაახლოებით ზაფხულამდე გასტანს. მანამდე ავტობიზნესისთვის შეგუების პერიოდი იქნება, რათა დილერებმაც და მყიდველებმაც გამოსავალი იპოვონ.